Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჩეჩენი მებრძოლების მხარეს იბრძოდა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ჩეჩნეთში დააკავეს ქართველი დაქირავებული მებრძოლი, რომელიც ჩეჩნების მხარეს იბრძოდა. როგორც ჟურნალისტებს

განუცხადეს ჩრდილოეთ კავკასიაში კონტრტერორისტული ოპერაციის მართვის ოპერატიულ შტაბში, საქართველოს მოქალაქე ჯერ კიდევ 2004 წლის თებერვალში დააკავეს, მაგრამ მისი ვინაობის დადგენა მხოლოდ ახლა მოხერხდა.
რა ბედი ელის ჩეჩნეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს?

[ დავით ხაჟალიას ხმა] „ შეიძლება გაასამართლოს თვითონ იმ ქვეყანამ და სასჯელის მოსახდელად გადმოსცეს ჩვენს ქვეყანას - უფრო სწორი ეს ვარიანტი იქნებოდა. შეიძლება იქ გაასამართლონ და სასჯელიც იქ მოახდევინონ.“
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრის დავით ხაჟალიას განმარტებით, ასეთი ბედი ელის ჩეჩნეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, რომლის ვინაობას რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები არ აკონკრეტებენ. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ჩეჩნეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქე 1982 წელსაა დაბადებული და რომ 2 წლის მანძილზე იბრძოდა იაკუბ ბასნუკაევის შეიარაღებულ ჯგუფში. თავად ბასნუკაევზე ჩეჩნურ ვებგვერდებზე რაიმე ინფორმაციის მოძიება საკმაოდ რთული საქმე აღმოჩნდა. იქ მხოლოდ ერთი იაკუბ ბასნუკაევი აღმოვაჩინე, რომელიც წელს ზაფხულში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა დაუდგენელი მიმართულებით გაიტაცეს - ამის თაობაზე ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ვებგვერდი იუწყება.
რამდენი ქართველია დაკავებული ჩეჩნეთში და როგორია მათი ბედი? - ამ კითხვაზე ნანა კაკაბაძე, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“, შენიშნავს, რომ მისთვის მხოლოდ რამდენიმე ასეთი კატეგორიის ადამიანის ბედია ცნობილი:
[ ნანა კაკაბაძის ხმა] „ მე მაქვს ინფორმაცია იმ 6 ადამიანზე, რომლებიც გადმოსცეს შევარდნაძეს - თუ გახსოვს, შეხვედრა რომ ჰქონდა შევარდნაძეს გილაევთან. ორი გადმოსცეს. სულ ოთხი იყო გადმოსაცემი, მაგრამ ორმა მიიღო მუსულმანობა და იქ დარჩა. ეს იყვნენ დაქირავებულები, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ იბრძოდნენ ჩეჩნების წინააღმდეგ.“
ის, რომ ჩეჩნების მხარეს მებრძოლი დაქირავებულის სასჯელი საკმაოდ მძიმე იქნება, ალბათ, საეჭვო არ არის. არანაკლებ რთული წარმოსადგენი უნდა იყოს, რა ელის საქართველოს მოქალაქეს რუსეთის ციხეში - რუსეთში ხომ ე.წ. კავკასიური ნაციონალობის პირებისგან წარმატებულად შეიქმნა მტრის ხატი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრის დავით ხაჟალიას განმარტებით:
[ დავით ხაჟალიას ხმა] „ საქართველოს, ბუნებრივია, შეუძლია მიმართოს ჩეჩნეთს, მისცეს შესაბამისი გარანტიები და უთხრას: ამ მოქალაქეს მე წავიყვან და მოვახდევინებ იმ სასჯელს, რასაც თქვენ მიუსჯით, ან მე დავუნიშნავ ადვოკატსო. ეს არის უკვე კეთილი ნება, თორემ კანონი არ ავალდებულებს.“

ეს მხოლოდ კეთილი ნება არ არის. საქართველოს კონსტიტუციით, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად იმისა, თუ სად იმყოფება ის.
XS
SM
MD
LG