Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 564-ე გამოშვება


დავით კაკაბაძე:
გადაცემის მეორე ნაწილში გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის". მის 564-ე გამოშვებაში ვიმსჯელებთ ეროვნული თანხმობის კომისიის გადაწყვეტილებაზე, თბილისში ძეგლი დაუდგას საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას; შემდეგ გიამბობთ ახლახან დამთავრებულ საჭადრაკო ოლიმპიადაზე მომხდარ ერთ სკანდალურ ინციდენტზე, რომელშიც საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენელს შეემთხვა; ვეცდებით დავადგინოთ, ვის ახსოვს თბილისში ესპანელ კომუნისტთა ყოფილი ლიდერი ხოსე დიასი, რომელიც სწორედ თბილისშია დაკრძალული; შემოგთავაზებთ მასალას ცნობილი ჰოლანდიელი კინორეჟისორის თეო ვან გოგის მკვლელობაზე; ბოლოს კი გამოვეხმაურებით ე.წ. "გონიერების ტესტის" მეასე წლისთავს. "მეათე სტუდიას" პრაღიდან უძღვება დავით კაკაბაძე.

[მუსიკა]

ზვიად გამსახურდიას ძეგლს უდგამენ

დავით კაკაბაძე:
ეროვნული თანხმობის კომისიამ, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გურამ აბსანძე ხელმძღვანელობს, გადაწყვიტა, თბილისში ძეგლი დაუდგას საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას. ძეგლის დადგმის გადაწყვეტილება დაადასტურა პარლამენტის წევრმა ელდარ შენგელაიამაც. დავით პაიჭაძემ რამდენიმე რესპონდენტს ჰკითხა, მიაჩნიათ თუ არა, რომ ზვიად გამსახურდიას თბილისში ძეგლი უნდა ჰქონდეს.

დავით პაიჭაძე:
ზვიად გამსახურდიას, როგორც პრეზიდენტის სახელს თბილისში ყველაზე ბევრი რამ გაგახსენებთ: მისი ქვრივი, მანანა არჩვაძე-გამსახურდია, უწყვეტი მიტინგი ეკონომიკის სამინისტროსთან, შემოღობილი მიწა პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს, სადაც ადრე მხატვრის სახლი იდგა, ექს-პრეზიდენტის მამის ძეგლი ფალიაშვილის ქუჩაზე… ერთი ძეგლი საქართველოში ზვიად გამსახურდიას უკვე დაუდგეს - ეს მოხდა ქალაქ ზუგდიდში. ზვიად გამსახურდიას ძეგლის თბილისში დადგმა დრამატულად არ მიაჩნია პარლამენტის წევრს, კობა დავითაშვილს.

[დავითაშვილის ხმა] “რატომაც არა! თუკი სტალინის ძეგლი დგას გორში, რატომ არ უნდა იყოს გამსახურდიას ძეგლი თბილისში. ისტორიული პიროვნება იყო და ძეგლი უნდა ედგას”.

პარლამენტის კიდევ ერთი წევრი, ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ ეროვნული თანხმობის საპარლამეტო კომისიას ერთ დროს თვითონაც თავმჯდომარეობდა და იმხანად კოტე კემულარიასთან ერთად, პროკურატურას დაავალა კიდევ ერთხელ გამოეძია ზვიად გამსახურდიას საქმე დსა სამშობლოს ღალატში მისი ბრალეულობა. სანამ ეს ძიება ბოლომდე არ მივა და ფორმალურად არ ამოიწურება, არათუ ძეგლი, ძეგლის საკითხიც არ უნდა დადგეს. ძეგლი იქით იყოს - სხვათა შორის, საქართველოში მოქმედი კანონით, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვამდე უნდა გავიდეს 30 წელი პიროვნების გარდაცვლებიდან და მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ წყდება, მიაგონ თუ არა გარდაცვლილს ასეთი პატივი.

[მაღლაფერიძის ხმა] “შეიძლება ადამიანები ვლანძღოთ, ტყვიაც ვესროლოთ (აგერ არის ილია ჭავჭავაძე), მერე გავიდეს დრო და ძეგლი დავუდგათ. შეიძლება პირიქითაც - ძეგლების აღებაც მოგვიწიოს. მე არ ვლაპარაკობ კონკრეტულ შემთხვევაზე. ძეგლთან დაკავშირებიოთ, მიმაჩნია, რომ 100 წელი მაინც უნდა გავიდეს. ძეგლს, როცა მოგეპრიანება, ვერ დადგამ და ვერ აიღებ. ერთი წუთით ნუ შეგვეშინდება, რომ ამით ვინმეს რაიმეს ვაკლებთ. ვინც ძეგლდასადგმელია, იმას ერი ყოველთვის დაუდგამს ძეგლს, ვინც არ არის - არ დაუდგამს. ასე რომ, მივანდოთ ეს საკითხი ისტორიას”.

ამავეს ფიქრობს სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია: აუცილებელია, ისტორიას ცოტა მტვერი წაეყაროს და ამ საკითხზე იმსჯელონ სხვა თაობებმა - არა ჩვენ, ვინც გამსახურდიას დროს ვცხოვრობდით და ამ ისტორიის მონაწილენი ვიყავით, ამბობს ჯგერენაია. მათ უნდა განსაჯონ, რამდენად კონსტრუქციული იყო გამსახურდიას როლი ქვეყნისათვის.

[ჯგერენაიას ხმა] “მე არ ვამბობ, რომ ის უმნიშვნელო ადამიანი იყო და ქვეყნისათვის არაფერი გაუკეთებია. უბრალოდ, ვფიქრობ, პროცესებში მონაწილე ადამიანი - არც მე და არც სხვა - არ იქნება ასე ობიექტური. ისტორიის შეფასებისათვის მნიშვნელოვანია დროში დაცილება. ეს დრო ჯერ არ გასულა და ზვიად გამსახურდიასთვის ძეგლის დადგმა, ჩემი აზრით, საკმაოდ ნაჩქარევი ნაბიჯია”.

ჩემს კითხვას, ეთანხმება თუ არა ზვიად გამსახურდიას ძეგლის თბილისში დადგმას, საინტერესო პასუხი გასცა თეოლოგმა და პუბლიცისტმა ნოდარ ლადარიამ

[ლადარიას ხმა] “ირონიულად გეტყვით: მე დავტანხმდებოდი ამას, თუ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდა, დაიდგმებოდა, მაგალითად, შევარდნაძის ძეგლი. რადგან მიმაჩნია, დღევანდელი სახით ჩვენი ქვეყნის არსებობაში შევარდნაძის წვლილი უფრო მეტია. თუ ჩვენ გამსახურდიას მადლობას ვუხდით, რომ ასეთები ვართ და არა სხვანაირი, მაშინ ეს მადლობა შევარდნაძეს უფრო ეკუთვნის. საერთოდ კი, გამსახურდიას ძეგლის დადგმას რაც შეეხება, ასეთი რამ პრინციპულად შესაძლებლად მიმაჩნია საქართველოში, თუ პრეზიდენტების ხეივანს გააკეთებენ და იქ ერთ-ერთი ძეგლი იქნება. ყოველ შემთხვევაში, პატიოსანი, დღეს ცოცხალი და მოქმედი ადამიანების სულისკვეთება, რომლებიც თავის დროზე აუმხედრდნენ საქართველოში გამეფებულ მარაზმს, რა თქმა უნდა, იქნება შეურაცხყოფილი”.

ეროვნული თანხმობის კომისიამ გადაწყვიტა, რომ დეკემბრის დასაწყისში ზვიად გამსახურდიას 65 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო საღამოც ჩატარდეს. 65 წელი ზვიად გამსახურდიას ამა წლის 31 მარტს შეუსრულდებოდა, პარლამენტის არჩევნებიდან 3 დღის შემდეგ, რომელშიც მისმა სახელმა მცირე გამარჯვება მოიპოვა: ექს-პრეზიდენტის ვაჟის, კონსტანტინე გამსახურდიას ბლოკმა ხმათა დაახლოებით 5% აიღო. ნიშნეულია, რომ ამ მაჩვენებლის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეწყვიტა გამსახურდიას კეთილად და დიდებით მოხსენიება საჯარო გამოსვლებისას. ეროვნული თანხმობის კომისიის ბოლო გადაწყვეტილება რომ არა, ჩვენც გავიმეორებდით ქართველი პროზაიკოსის ცნობილ ფრაზას: დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან.

დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

რატომ სცემეს ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი?

დავით კაკაბაძე:
ახლა ვისაუბრებთ ერთ სკანდალურ ინციდენტზე, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინათ ესპანეთის ქალაქ კალვიაში მოხდა, იქ გამართული საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის ცერემონიის დროს: საქართველოს ვაჟთა ნაკრების პირველ ნომერს, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ზურაბ აზმაიფარაშვილს სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა ესპანეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებსა და პოლიციელებთან. გერმანიის გაზეთ “ფრანკფურტერ ალგემაინეს” 1 ნოემბრის ნომერში ამ ფაქტის მიმართ თავის დამოკიდებულებას გამოხატავს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ანტონიო რამი. მისი ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციამ საორგანიზაციო კომიტეტს შესთავაზა, დაჯილდოების ცერემონიის ოფიციალურ ნაწილში შეეტანა საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული თასი, რაზეც უარი მიიღო. ცერემონიის მსვლელობისას ზურაბ აზმაიფარაშვილი შეეცადა დარბაზიდან სცენაზე ასულიყო და როცა ის ესპანეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომელმა ადგილზე ძალით დასვა, ბატონმა ზურაბმა მას ცხვირ-პირში თავი ჩასცხო. ალბათ დაგაინტერესებთ ინციდენტთან დაკავშირებული შეხედულებები, რომლებსაც ესპანეთში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი ჩიგოგიძემ და გაზეთ “მთავარი სპორტის” კორესპონდენტმა ზვიად შათირიშვილმა გაგვიზიარეს. რესპონდენტებს ჩვენი თბილისელი კოლეგა გიორგი კაკაბაძე ესაუბრა.

გიორგი კაკაბაძე:
ზვიად შათირიშვილი ინციდენტის დროს დარბაზში იყო. ჟურნალისტმა ეს შემთხვევა სპორტულ გაზეთშიც აღწერა. ჩვენთან საუბარში მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ბატონი რამის ინფორმაცია, სულ ცოტა, ერთ უზუსტობას მაინც შეიცავს: მოჭადრაკეებისთვის უნდა გადაეცათ არა საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული პრიზი, არამედ ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი ქალთა და ვაჟთა გუნდების საუკეთესო ჯამური შედეგისთვის. რაც შეეხება უშუალოდ ინციდენტს, ზვიად შათირიშვილი ამბობს, რომ საორგანიზაციო კომიტეტის მხრიდან ამ პრიზის იგნორირებამ საქართველოს დელეგაციის ბუნებრივი პროტესტი გამოიწვია. ზურაბ აზმაიფარაშვილი ცდილობდა, რომ სცენაზე მყოფი საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ხმა მიეწვდინა, რათა დაშვებული შეცდომა გამოესწორებინათ, მაგრამ მისი თხოვნა არავინ შეისმინა - მეტიც, ესპანელი სამართალდამცავების გაღიზიანება გამოიწვია:

[შათირიშვილის ხმა]“სწორედ ამის შემდეგ აღელვებული ზურაბ აზმაიფარაშვილი მივიდა სცენასთან, ასვლა უნდოდა. დაცვის სამსახურის წევრებმა ის ძალიან უხეშად შეაჩერეს, ხელი უბიძგეს და სკამზე დააგდეს. ბატონი ზურაბი ემოციური კაცია, მან ასეთი მოპყრობა ვერ აიტანა, მით უფრო, რომ ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი და, ამდენად, ვიპ-პერსონაა. როგორც ჩანს, რაღაც მომენტში გაიფიქრა, რომ სცენაზე ასვლის უფლება აქვს, - არ ვიცი არის თუ არა ეს პროტოკოლით გათვალისწინებული, - მაგრამ მან სცენისკენ რამდენიმე ნაბიჯი რომ გადადგა, რამდენიმე პოლიციელი, 5 თუ 6, გარს შემოერტყა და ძალაც გამოიყენეს. ბატონი ზურაბი აქტიურად იცავდა თავს, სურდა თავი გაეთავისუფლებინა, მაგრამ ვერაფრით ვერ მოახერხა. ამ დროს ხალხი წამოიშალა, მე 15-ოდე მეტრით უკან ვიჯექი და ზუსტად ვერ დავინახე, რა მოხდა. არ ვიცი, უთავაზა თუ არა თავი ზურაბ აზმაიფარაშვილმა დაცვის თანამშრომელს, მაგრამ ის კი დავინახე, რომ ერთმა მათგანმა მთელი ძალით ჩასცხო მას სახეში მუშტი. შემდეგ ის იატაკზე წააქციეს და დაუწყეს ცემა.”

შემდგომ ესპანელმა სამართალდამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა კიდევ მიაყენეს არა მხოლოდ ზურაბ აზმაიფარაშვილს, არამედ მის მეუღლესაც.
ზვიად შათირიშვილის თქმით, არსებობდა პროტესტის კიდევ ერთი მიზეზი:

[შათირიშვილის ხმა] “ოლიმპიადაზე ასევე არ დაასახელეს საუკეთესო მოჭადრაკეები პერფორმანსის რეიტინგით როგორც ქალთა, ისე ვაჟთა შორის: ამით დგინდება ოლიმპიადაზე მონაწილე საუკეთესო მოთამაშე. წელს ვაჟთა შორის საუკეთესო იყო ქართველი ბაადურ ჯობავა, ქალთა შორის კი - ამერიკის სახელით მოასპარეზე ჟუჟა პოლგარმა. ეს ნომინაციაც უგულებელყვეს ორგანიზატორებმა.”

ჟურნალისტ ზვიად შათირიშვილთან საუბრის შემდეგ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს კახი ჩიგოგიძეს შევეკითხე:

-ბატონო კახი, სხვათა შორის, ანტონიო რამიმ “ფრანკფურტერ ალგემაინესთან” ინტერვიუში კაპრიზად მიიჩნია ის, რომ ზურაბ აზმაიფარაშვილმა კალვიას სასტუმროში მოითხოვა ორი ნომერი - ერთი, როგორც მოჭადრაკემ, და მეორე, როგორც ფიდეს ვიცე-პრეზიდენტმა.

[ჩიგოგიძის ხმა] “ჩასვლის დღიდანვე ანტონიო რამისთან სერიოზული პრობლემები შეგვექმნა, რაც დაკავშირებული იყო ჩვენი დელეგაციისა და პირადად ზურაბ აზმაიფარაშვილის სამართლიან მოთხოვნებთან. მას, როგორც საქართველოს ნაკრები გუნდის წევრს და როგორც ფიდეს ვიცე-პრეზიდენტს, ეკუთვნოდა ორი ნომერი, რადგან ფიდეს კონგრესი ტარდებოდა ერთ ადგილას, ოლიმპიადა კი სხვაგან იმართებოდა. მაგრამ საორგანიზაციო კომიტეტმა ეს საკითხი მას დადებითად არ გადაუწყვიტა. დაიწყო ამ პრობლემებით, შემდეგ კი კონგრესზე დაახლოებით 50-მა ქვეყანამ დაწერა პროტესტი იმის თაობაზე,რომ საორგანიზაციო კომიტეტმა აკრიფა ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი თანხა. ისიც ითქვა, რომ ბევრი აფრიკული ქვეყანა არ ჩამოვიდა იმის გამო, რომ ეს თანხები გათვალისწინებული არ იყო წინასწარი მოლაპარაკებებით. ეს საკითხი ძალიან მკაცრად დაისვა კონგრესზე, ზურაბ აზმაიფარაშვილმა აღნიშნულ ქვეყნებს დაუჭირა მხარი და საორგანიზაციო კომიტეტთან პრობლემები შეექმნა.

ფიდეს კონგრესმა გამოყო სპეციალური კომისია, რომელმაც უნდა შეისწავლოს საკითხი, თუ რას მოხმარდა ეს თანხები. რა თქმა უნდა, ბატონი ანტონიო რამი ძლიერ გააღიზიანა ამ საკითხებმა და იმან, რომ ბატონმა ზურაბმა პრინციპულად დაიცვა იმ ქვეყნების ინტერესები, რომლებსაც ფინანსურად უჭირთ და ამის გამო ვერ ჩავიდნენ ოლიმპიადაზე. ამიტომ შეიქმნა ასეთი დაძაბული სიტუაცია.”

კახი ჩიგოგიძე სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან, მომენტზეც ამახვილებს ყურადღებას. იგი ამბობს, რომ ფიდემ ოლიმპიადის ჩატარება დაავალა ესპანეთის საჭადრაკო ფედერაციას, რომელმაც ეს უფლება მიჰყიდა ქალაქ კალვიას მერიას. მერია კი, ძირითადად, ფინანსური ინტერესებით ხელმძღვანელობდა, ხოლო ოლიმპიადის საჭადრაკო მხარე ნაკლებად აწუხებდა:

[ჩიგოგიძის ხმა] “საერთოდ, აზრზე არ იყვნენ, რა ხდებოდა. სხვათა შორის, გახსნის ცერემონიამ, რომელსაც ყველანი ვესწრებოდით, ძალიან უღიმღამოდ ჩაიარა. რაც შეეხება დახურვას: იმის გამო, რომ ორგანიზატორებმა მანამდე ბევრი შეცდომა დაუშვეს და გარკვეული დაძაბულობაც შეიქმნა ოლიმპიადაზე, ისინი შეეცადნენ, რომ მიეფუჩეჩებინათ ეს ცერემონია. მე ნამდვილად ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა.”

დავით კაკაბაძე:
ეს იყო საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი კახი ჩიგოგიძე, რომელიც გაზეთ “მთავარი სპორტის” კორესპონდენტ ზვიად შათირიშვილთან ერთად ესპანეთის ქალაქ კალვიაში მომხდარ სკანდალურ ინციდენტზე გვიამბობდა. რესპონდენტებს გიორგი კაკაბაძე ესაუბრებოდა. მათ მონათხობს დავუმატებ ერთ ინფორმაციას: 4 ნოემბერს, გვიან ღამით, ზურაბ აზმაიფარაშვილი თბილისში დაბრუნდა და აეროპორტშივე განაცხადა, რომ მომხდარის გამო აპირებს, სასამართლოში უჩივლოს ქალაქ კალვიის პოლიციასა და ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ შაბათს, 6 ნოემბერს, 12 საათზე, თბილისის ჭადრაკის სასახლეში ზურაბ აზმაიფარაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

[მუსიკა]

რატომ მოკლეს თეო ვან გოგი?

დავით კაკაბაძე:
კინორეჟისორ თეო ვან გოგს კარგად იცნობდნენ ჰოლანდიაში - არა მარტო იმიტომ, რომ დიდი მხატვრის გვარს ატარებდა და, სხვათა შორის, მისი ნათესავიც იყო. თეო ვან გოგს კარგად იცნობდნენ მისი ფილმებით, რომლებიც, როგორც წესი, ცხარე დისკუსიებს იწვევდა ჰოლანდიის საზოგადოებაში: ეს იყო ფილმები ისლამურ ქვეყნებში ქალების ჩაგვრაზე, ცნობილი პოლიტიკოსის პიმ ფორტოინის მკვლელობაზე. ამ ფილმებიდან ერთ-ერთი ვან გოგს, როგორც ჩანს, სიცოცხლის ფასად დაუჯდა - ის სამშაბათს ამსტერდამის ცენტრში, ქუჩაში მოკლეს. გამოხმაურება ისევ დიდია - ამჯერად მთელს მსოფლიოში. "მეათე სტუდიაში" მასზე მარიამ ჭიაურელი ისაუბრებს. თუმცა ჯერ მოვუსმინოთ ადამიანს, რომელიც კარგად იცნობდა თეო ვან გოგსა და მის ფილმებს:

[დანა ლინსენის ხმა] “ახლა, როცა ვიწყებთ, მეტისმეტად გვიან ვიწყებთ იმის გაცნობიერებას, რა საქმეს აკეთებდა ვან გოგი, ვხვდებით, რომ ის, უწინარეს ყოვლისა, სიტყვის თავისუფლებისათვის იბრძოდა. ყველაფერი, რასაც ის ამბობდა, პოლიტიკურად არაკორექტული იყო, რადგან ვან გოგი ვერ იტანდა ფარისევლობას. ის ეწინააღმდეგებოდა ნებისმიერი შეფერილობის რელიგიურ ფუნდამენტალიზმს, ისლამურსაც და ქრისტიანულსაც”.

მარიამ ჭიაურელი:
ასე დაამახსოვრა თავი თეო ვან გოგმა დანა ლინსენს, ჰოლანდიელ კინომცოდნეს, რომელმაც რეჟისორი შარშან გაიცნო.

[დანა ლინსენის ხმა] “სანამ გავიცნობდი, ბევრი მაფრთხილებდა - საშინლად უსიამოვნო კაცია, კრიტიკას ვერ იტანსო. ამიტომ მასთან ინტერვიუსათვის განსაკუთრებით კარგად მოვემზადი, ათასნაირი შეკითხვა მქონდა მოფიქრებული. მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქმე მქონდა ძალიან გულისხმიერ, გულახდილ და გონიერ ადამიანთან, რომელსაც არც კრიტიკის ეშინოდა. კრიტიკისათვის მადლობელი იყო, უხაროდა, როცა ეკამათებოდნენ, დისკუსიაში იწვევდნენ. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი კეთილგანწყობილი ადამიანი მოკლეს. რისთვის? იმისათვის, რომ პოზიცია გამოხატა.”

თეო ვან გოგის ბოლო, ზაფხულში ნაჩვენებ ფილმს “ჩაგვრა” განსაკუთრებით დიდი რეზონანსი ჰოლანდიის მკვიდრ მუსულმანებში მოჰყვა. ფილმში ნაჩვენებია გამჭვირვალე მოსასახამებით შემოსილი ქალები, სხეულზე ყურანის ციტატების წარწერებით, ქალები, რომლებიც ისლამურ სამყაროში მათს ტანჯვაზე ლაპარაკობენ.

ფილმმა მავანი იმდენად აღაშფოთა, რომ რეჟისორს მოკვლით დაემუქრნენ და, როგორც სულ რამდენიმე დღის წინ გაირკვა, მუქარა ლიტონი სიტყვები არ იყო. სამშაბათს ჰოლანდიის გაზეთებში დაბეჭდილ ფოტოსურათზე მოჩანს ორი დანა, რომელიც მკერდის არეში ჩასცეს ვან გოგს. ერთ-ერთ დანაზე წამოგებული იყო ფურცელი და მასზე, როგორც იუწყებიან, ყურანის ციტატა ეწერა. მთავრობის ვარაუდით, მკვლელობა რადიკალური ისლამის მიმდევარმა ჩაიდინა. დაკავებულია ეჭვმიტანილი, ორმაგი - ნიდერლანდისა და მაროკოს - მოქალაქეობის მქონე მამაკაცი.

უნდა ითქვას, რომ მუსლიმანურმა ორგანიზაციებმა გადაჭრით დაგმეს რეჟისორის მკვლელობა, ახლა კი თავად ეშინიათ აგრესიის. პოლიციამ დააკავა 35 ადამიანი, რომელთა აღშფოთება ვან გოგის მკვლელობით ანტიმუსულმანურ ლოზუნგებში გადაიზარდა.
საერთოდ, ჰოლანდიელებს შეუწყნარებლობას ვერავინ დააბრალებს, მაგრამ ბოლოხანს მათშიც კი ძალას იკრებს უარყოფითი დამოკიდებულება იმიგრაციის მიმართ. ქვეყანაში, სადაც მილიონამდე მუსულმანი ცხოვრობს, ისლამური ექსტრემიზმის ეშინიათ...

თეო ვან გოგი მუსულმან იმამებს “ქალების მოძულეებს” უწოდებდა, მოციქულ მუჰამედს ირონიულად მოიხსენიებდა. - ბევრი მუსლიმანის თქმით, შეურაცხყოფდა მათს რელიგიურ გრძნობებს. მაგრამ კინომცოდნე დანა ლინსენს სულ სხვა ხედვა აქვს...

[დანა ლინსენის ხმა] “მის ფილმებში ხედავ, რომ ვან გოგი ნამდვილი ჰუმანისტია. მას ყველაზე მეტად ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობის თემა აინტერესებდა, ცდილობდა გარკვეულიყო, რა რეაქციას იძლევიან ადამიანები, რატომ რეაგირებენ ასე და არა სხვაგვარად, საიდან მოდიან, სად მიდიან”.

სამშაბათს საღამოს, იმ ადგილას სადაც თეო ვან გოგი სიცოცხლეს გამოასალმეს, 20 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. მათ ვან გოგის ხსოვნისადმი პატივისცემა დუმილით არ გამოუხატავთ: უსტვენდნენ, ტაფებსა და ქვაბებს აბრახუნებდნენ. ეს თეო ვან გოგის ოჯახის წევრებმა მოისურვეს - ხმაური იმ საღამოს სიტყვის თავისუფლების სიმბოლო იყო.

დავით კაკაბაძე:
მარიამ ჭიაურელი ჰოლანდიელი კინორეჟისორის, თეო ვან გოგის მკვლელობაზე გესაუბრებოდათ.

[მუსიკა]

გონიერების კოეფიციენტის ისტორია

დავით კაკაბაძე:
გონიერების ტესტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული. მრავალი კარიერა სწორედ ასეთ ტესტებში მიღწეულ წარმატებას ემყარება ხოლმე. მაგალითად, ჯარში გაწვევისას გონიერების ტესტი ჩვეულებრივ რუტინად ითვლება. მის მეშვეობით ადგენენ, როგორ გამოიყენონ ოპტიმალურად ჯარისკაცის უნარი და შესაძლებლობები. ვისაც განსაკუთრებით ნიჭიერთა სტიპენდიის მოპოვება სურს, ასეთ ტესტებს გვერდს ვერ აუვლის. გონიერების ტესტები განსაკუთრებით გავრცელებულია ამერიკის საწარმოებში, სადაც მას დიდი ყურადღება ექცევა თანამშრომლების აყვანისას. საერთოდ, თითქმის ყოველი ამერიკელი იცნობს საკუთარ გონიერების კოეფიციენტს. შეერთებულ შტატებში წლიდან წლამდე ასობით მილიონი გონიერების ტესტი, ე.წ. IQ-ტესტი ტარდება. გონიერების კოეფიციენტი, IQ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა წარმოვიდგინოდ რაღაც სტატიკურ მახასიათებლად. გონების ვარჯიშით შესაძლებელია შედეგების გაუმჯობესება. შედეგზე გავლენას ახდენს, სხვათა შორის, ისიც, თუ რა ფორმაშია ადამიანი მოცემულ დღეს. მაგრამ, მიუხედავად გარკვეული ამპლიტუდისა, საერთო ჯამში ერთი და იმავე ადამიანის გონიერების კოეფიციენტი განსაცვიფრებლად სტაბილური ხასიათისაა. "ე.წ. გონიერების კოეფიციენტი პიროვნების ყველაზე სტაბილური და უცვლელი მახასიათებელია", ამბობს გონიერების მკვლევარი ბერლინის მაქს პლანკის სახელობის ინსტიტუტიდან, პროფესორი ელსბეთ შტერნი. წელს გონიერების ტესტი არსებობის მეასე წელს ზეიმობს. იუბილარზე ბიძინა რამიშვილი მოგითხრობთ უფრო მეტს.

ბიძინა რამიშვილი:
პარიზის სორბონის უნივერსიტეტში მომუშავე ფრანგმა იურისტმა ალფრედ ბინემ პედაგოგიკის სამინისტროს დაკვეთით 1904 წელს შეიმუშავა მსოფლიოში პირველი გონიერების ტესტი. მისი მიზანი იყო, გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვების დროულად გამოვლენა. ტესტი სწრაფად გავრცელდა ევროპასა და შეერთებულ შტატებში. სკოლებში იგი დღესაც წარმატებით გამოიყენება მრავალ ქვეყანაში. თუკი მოსწავლის გონიერების კოეფიციენტი 80-ზე დაბალია, მაშინ იგი ნორმალურ სასწავლო პროცესში მონაწილეობას აღარ იღებს და საგანგებო პროგრამით სწავლობს. 70-ზე დაბალი კოეფიციენტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გონებრივ ჩამორჩენილობად კვალიფიცირდება.

მაგრამ არა მხოლოდ ძალზე დაბალი, არამედ ძალზე მაღალი კოეფიციენტიც შეიძლება პრობლემას წარმოადგენდეს. ეს განსაკუთრებით კარიერას ეხება. კადრების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გონიერების ძალზე მაღალი კოეფიციენტის მქონე ადამიანები ხშირად ვერ ეწყობიან დანარჩენ თანამშრომლებს. მათ უჭირთ მუშაობა გუნდში, რომლის წევრთა უმრავლესობა, მათ შორის, თავად ხელმძღვანელიც, ჩვეულებრივი, საშუალო გონებრივი მონაცემების ადამიანები არიან.

ვისი გონიერების კოეფიციენტიც 130-ზე მეტია, მას შეუძლია გაწევრიანდეს კლუბ „მენზაში”, რომელსაც „სუპერტვინების კლუბსაც” უწოდებენ. მსოფლიოში ასეთ ადამიანთა რიცხვი დაახლოებით ასი ათასია. თუმცა ბევრად მეტი ადამიანის, დაახლოებით 2 პროცენტის კოეფიციენტი აჭარბებს 130-ს.
გონიერების ტესტი ისეთ პრინციპზეა დამყარებული, რომ მის ამოსავლად ყოველ ქვეყანაში იღებენ 100-ს როგორც საშუალო მაჩვენებელს. მოსახლეობის 68,2 პროცენტის გონიერების კოეფიციენტი 85-სა და 115-ს შორისაა.

იმისათვის, რომ გონიერების ყოველი ახალი ტესტის საშუალო მაჩვენებელი სწორად მოერგოს 100-ს, ამისათვის წინაწარი ტესტი უტარდება სულ ცოტა ათას ადამიანს. ამითაც აიხსნება ის გარემოება, რომ მეცნიერულად დასაბუთებული გონიერების ტესტები არც ისე ხშირად იქმნება. ჟურნალების ბოლო გვერდებზე მოთავსებული ტესტები, მართალია, კარგ საშუალებას იძლევა გონების გასავარჯიშებლად, მაგრამ გონიერების კოეფიციენტის დასადგენად ისინი არ გამოდგება.

ვინაიდან გონიერების ტესტი მუდამ საშუალო მაჩვენებელზე, ასზეა ნორმირებული, ამგვარი ტესტების მეშვეობით შეუძლებელია იმის დადგენა, გაიზარდა თუ მოიკლო ამა თუ იმ ქვეყანაში მოსახლეობის გონიერების საშუალო მონაცემებმა. ნებისმიერი ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი ასი იყო მუდამ და ასი დარჩება ამ მოცემული ქვეყნის ფარგლებში.

კიდევ უფრო აზრს მოკლებულია სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებთა გონიერების საშუალო მაჩვენებლების შედარება. გონიერების ტესტი, მიუხედავად მისი აბსტრაქტულობისა, არ შეიძლება ამოგლეჯილ იქნეს ამა თუ იმ საზოგადოების კულტურული კონტექსტიდან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამხრეთ აზიაში შექმნილი გონიერების ტესტი არ გამოდგება ევროპელების გონიერების გასაზომად და პირიქით.

დაბოლოს, რამდენად განსაზღვრავს გონიერების კოეფიციენტი ადამიანის წარმატებებს დიდ ასპარეზზე? ვინაიდან შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები აქტუალური თემაა, მაგალითს ამ სფეროდან მოვიტან. რონალდ რეიგანისა და ჯონ კენედის გონიერების კოეფიციენტი 117-ს შეადგენდა, ნაკლებ წარმატებული პრეზიდენტების, ჯიმი კარტერისა და რიჩარდ ნიქსონისა კი 143-ს. უფრო მაღალი IQ-ს მქონე პოლიტიკოსები კი საერთოდ ვერ ხდებოდნენ პრეზიდენტები.

დავით კაკაბაძე:
ბიძინა რამიშვილი გონიერების ტესტის ისტორიაზე მოგითხრობდათ. ეჭვი არ მეპარება, გაინტერესებთ ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის გონიერების კოეფიციენტი. იგი 125-სა და 130-ს შორის არის, ანუ საკმაოდ მაღალია. ბუშის ოპონენტთა აზრით, ეს იმის კიდევ ერთი დასტურია, რომ გონიერების კოეფიციენტი ზოგჯერ სულაც არ არის სანდო.

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
ჩვენი ყოველკვირეული რადიოჟურნალი ამით დამთავრდა. "მეათე სტუდია" პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG