Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ნაღმზე აფეთქდა ტელეკომპანია ''რუსთავი-2''-ის გადამღები ჯგუფის ორი წევრი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 5 ნოემბერს სოჭში ზურაბ ჟვანიასა და ედუარდ კოკოითის შეხვედრის ერთ-ერთი შედეგი კონფლიქტის ზონიდან უკანონო შეიარაღებული ნაწილების გამოყვანის თაობაზე შეთანხმება გახდა.

მიღწეული შეთანხმებით, მხარეები უარს ამბობენ ცეცხლის განახლებაზე. პარალელურად, 20 ნოემბრამდე კონფლიქტის ზონაში მხოლოდ სამმხრივი სამშვიდობო ძალები უნდა დარჩნენ. თავად კონფლიქტის ზონაში კი ნაღმზე აფეთქების შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

სოჭში მიღწეული შეთანხმებების მიუხედავად, კვლავ უაღრესად დაძაბულია ვითარება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, სადაც მესამე დღეა, დიდი ლიახვის ქართული სოფლების მცხოვრებლებს, სამი დღის წინ გატაცებული მშვიდობიანი მოსახლის გათავისუფლების მოთხოვნით, საავტომობილო გზები აქვთ გადაკეტილი. 6 ნოემბერს, გატაცებული ელდარ კახნიაშვილის ძებნისას, ნაღმზე აფეთქდა ტელეკომპანია რუსთავი-2-ის გადამღები ჯგუფი - ოპერატორი ლევან დგებუაძე ფეხშია დაჭრილი, ნაღმის ნამსხვრევით მსუბუქად დაიჭრა ჟურნალისტი თენგიზ გოგოტიშვილიც. კითხვაზე, იცოდა თუ არა, რომ ტერიტორია დანაღმული იყო, თენგიზ გოგოტიშვილი ამბობს:

[თენგიზ გოგოტიშვილის ხმა] "არავინ იცოდა, რომ დანაღმულია, რადგან ქართველების კონტროლირებადი ტერიტორიაა და სამი დღეა, ამ ტყეში ეძებენ დაკარგულ კახნიაშვილს. ირევიან სამშვიდობო ძალები, ეუთოს დამკვირვებლები, სოფლის მოსახლეობა. ასე რომ, ძნელია დაადგინო, ვინ დადო ეს ხელყუმბარა, მაგრამ ფაქტია, რომ, სამხედრო ტერმინოლოგიით რომ ვთქვა, მახე იყო. ჩვენმა ოპერატორმა ფეხი დაადგა, კუნძი გადაიწია და ხელყუმბარა აფეთქდა. ეს იყო და ეს."

რას გეგმავს საქართველოს ხელისუფლება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ვითარების გამძაფრების გასანეიტრალებლად? - 5 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართული მხარე მასშტაბურ პროვოკაციაში არ ჩაერთვება:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "დიდი სიბრიყვე იქნებოდა და სიბეცე, ახლა მათ მივცეთ საშუალება, ჩვენი რაღაც პროვოკაციაში ჩათრევის. აი, ეს არის, რაც დღეს ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს. დრო დღეს მუშაობს საქართველოზე."

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის მცხოვრებლებისთვის ის, რომ დრო საქართველოზე მუშაობს, დიდი ვერაფერი ნუგეშია, როცა მათ თვალწინ ყოველდღე ნაღმზე ფეთქდებიან ადამიანები და მძევლად აყვანას ლამის ყოველდღიური ხასიათი აქვს. ჩვენი კორესპონდენტი გორში გოგა აფციაური ამბობს, რომ ქართული სოფლების მცხოვრებლები საკუთარი თავის დასაცავად იარაღის ხელში აღებას არ გამორიცხავენ:

[გოგა აფციაურის ხმა] "ყველა ამბობს, რომ ეს იყო შეცდომა. იმიტომ რომ შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ. არც ნაღმები იდო ტყეში, არც ხალხს იტაცებდნენ იმ პერიოდში, როცა მიმოსვლა ჰქონდათ ოსებს და ქართველებს, მაგრამ აგვისტოს მოვლენების შემდეგ იმდენად დაიძაბა ვითარება, რომ ხან 50 მძევალი აჰყავთ. იკარგებიან ადამიანები და ნაღმზე ფეთქდებიან. რადიკალური ზომების მიღებას მოითხოვენ საქართველოს ხელისუფლებისგან. ეს ადამიანები აცხადებენ, რომ ყოველ მათგანს იარაღი უდევს სახლში და, თუ ასე გაგრძელდა, თვითონ წამოავლებენ ხელს იარაღს და დაიცავენ თავიანთ ტერიტორიას, ოღონდ ქალებს და ბავშვებს გახიზნავენ. მაგრამ ამის საშუალებაც არ ეძლევათ, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლები ეუბნებიან, არსად არ წახვიდეთო."

ყველაფერი იქით მიდის, რომ, როგორც ჩანს, ქართულ-ოსური კონფლიქტის „გალღობის“ შედეგებს ქართული მხარე კიდევ დიდხანს მოიმკის.
XS
SM
MD
LG