Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი მეწარმეებს ერთი წლის შემდეგ ახალ შეღავათებს ჰპირდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირაში ფინანსური ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით კომენტარები ჯერ პრემიერ-მინისტრმა, ხოლო შემდეგ თავად პრეზიდენტმა გააკეთა.

ამგვარი კომენტარები კანონპროექტის მიმართ მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც არასამთავრობოებმა ხელისუფლება კორუმპირებული ჩინოვნიკების მიმართ ზედმეტ შემწყნარებლობაში დაადანაშაულეს და მოითხოვეს ამ კატეგორიის ადამიანებზე ამნისტია არ გავრცელებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ არც პრეზიდენტი აპირებს და არც პრემიერი კორუფციონერებს რაიმე შეარჩინოს, რაც ხელისუფლებამ განვლილ პერიოდში თითქმის დაამტკიცა, მათი კომენტარები მაინც საკმაოდ ორაზროვანი იყო. ზურაბ ჟვანიას განცხადებით, კანონი არ ითვალისწინებს სამოხელეო დანაშაულის სისხლის სამართლებრივი დევნისაგან გათავისუფლებას, თუმცა აქვე დააზუსტა, რომ ამგვარი დევნა სხვა კანონმდებლობით დარეგულირდება და არა იმ პროექტით, რომელიც მთავრობამ პარლამენტში შეიტანა. ასევე, არცთუ ცალსახა იყო პოზიცია მიხეილ სააკაშვილისა, რომელმაც კვირის ბოლოს საგანგებო ბრიფინგზე დაადასტურა ის, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში არც ერთ მაღალი რანგის მოხელეს კორუფციული დანაშაული არ შერჩება, თუმცა, საბოლოოდ, მისი განცხადების მიხედვით შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ამგვარ დანაშაულზე 10-15 ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი აღმოჩნდება სამართალდამცავების ყურადღების ცენტრში:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ შევიტანეთ საგადასახადო, ფინანსური ამნისტიის საკითხები და ბევრმა ეს მონათლა ისე, რომ აი, ვიღაცას უნდა პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლოს კორუმპირებული მოხელეები, ვინც შექმნა ეს სისტემა. ნურას უკაცრავად, ეს არ მოხდება სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. ჩვენ ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ ვიღაცა დაუძვრეს პასუხისმგებლობას. ვსაუბრობთ იმაზე, რომ რამდენიმე კაცმა წინა ხელისუფლების დროს მთელი საქართველო აქცია პოტენციურ დამნაშავედ; ყველა ბიზნესმენი აქცია პოტენციურ დამნაშავედ; ყველა ადამიანი, რომელსაც რაიმე შემოსავალი ჰქონდა, უცხოეთიდან დახმარება ჰქონდა, პატარა, მცირე ბიზნესი ან საწარმო ჰქონდა, აქცია კანონის დამრღვევად და პრაქტიკულად ყველა ამ ადამიანის ქონების ლეგალიზაცია შეუძლებელია, არსებული კანონმდებლობით. ამგვარად, ჩვენ მხოლოდ ამ ხალხისთვის ვაკეთებთ ამნისტიას. ამნისტია ეხება ყველას, გარდა იმ 10-15 ადამიანისა, რომელმაც შექმნა ის სისტემა, რომელშიც ჩვენ ვმუშაობდით და ეს იმ კანონში ჩადებულია და თუ არ არის ჩადებული, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გასწორდება და სათანადო დონეზე იქნება დასული.”

ამ კანონპროექტთან დაკავშირებით დებატები ორშაბათიდან საკანონმდებლო ორგანოში განახლდება, მანამდე კი ჯერ კიდევ უცნობია მაინც ვისზე ვრცელდება ფინანსური ამნისტია და, საბოლოოდ, მოხსნიან თუ არა თავის პრეტენზიებს ოპონენტები და, განსაკუთრებით, არასამთავრობო სექტორი. თავად პრეზიდენტის დანაპირების შესრულება, თავისთავად, პოზიტიური ფაქტია და ამნისტიის, როგორც აქტის, მიმართ არც პოზიციას, არც ოპოზიციას და არც საზოგადოებას, ბუნებრივია, საწინააღმდეგო არაფერი აქვს. თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ამჟამად მოქმედი ფისკალური კანონმდებლობა დრაკონულია და იგი ყველას გადასახადების დამალვისკენ და, შესაბამისად, დანაშაულისკენ უბიძგებს, ამგვარი ჟესტი აუცილებელიც გახლავთ, უფრო მეტიც - ბევრი მას დაგვიანებულადაც მიიჩნევს. ამჟამად კამათს იწვევს ის, თუ რა ფორმით და ვისზე უნდა გავრცელდეს კანონი, რაც, ვფიქრობთ, მოსალოდნელიც იყო, რადგან ამნისტიას, ტრადიციულად, ახლავს მსგავსი აზრთა სხვადასხვაობა და იგი შეუძლებელია ყველას თანაბრად შეეხოს.

გასულ კვირასვე მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესისათვის მოსალოდნელ სხვა შეღავათებზეც ილაპარაკა, თუმცა დააზუსტა, რომ ყველა ეს დაპირება და მცირე და საშუალო მეწარმეთათვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების პროცესი ამოქმედდება მაშინ, როდესაც, ახალი საგადასახადო კოდექსის პირობებში, ქვეყანა შეძლებს სათანადო ადმინისტრირებას და დაანახვებს ყველას, რომ დაბალი განაკვეთების დროსაც შესაძლებელია ღირსეული სახელმწიფო ბიუჯეტის ქონა და, რაც მთავარია, მისი ღირსეულად შესრულება:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "თუ ამ კოდექსმა კარგად იმუშავა და ადმინისტრირების დონე ამაღლდა, შემდეგ ეტაპზე ჩვენ შეგვეძლება სრულად ავამოქმედოთ პირველად ბიზნესის გათავისუფლების მექანიზმები, მაგრამ მე ვვარაუდობ, რომ ეს კოდექსის ამუშავებიდან ერთი წლის მერე იქნება. ახლა ინდივიდუალური მეწარმეები თავისუფლდებიან და მერე - ყველა საწყისი ბიზნესი, რაზეც მე დიდი ხანია ვოცნებობ, რომ პირველი ორი წელი არ იხდიდეს გადასახადებს. ეს ამოქმედდება მას შემდეგ, რაც კოდექსი ამუშავდება და დაამტკიცებს, რომ საქართველოში შესაძლებელია დაბალი გადასახადის პირობებში გადასახადების აკრეფა."

ახალი საგადასახადო კოდექსის მიმართ არც საზოგადოების დამოკიდებულებაა ერთგვაროვანი და არც საკანონმდებლო ხელისუფლებაში მისი განხილვა იქნება უშფოთველი. თავად კოდექსი, რომელსაც ხელისუფლება მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ლიბერალურად აცხადებს, ხოლო ოპოზიცია საგადასახადო ორგანოებისთვის გადამეტებული უფლებამოსილების მინიჭებაში ადანაშაულებს, მართლაც, ერთგვარ ”საჯილდაო ქვად” შეიძლება იქცეს. ამ კანონის რეალური ეფექტის მყისიერი შეფასება შეუძლებელი გახდება უახლოეს პერიოდში. იმისათვის, რომ ფისკალური პოლიტიკის ცვლილების შედეგი შეაფასო, მინიმუმ 6 თვე მაინც იქნება საჭირო, თუმცა ეს კანონიც სხვა ინიციატივების კონტექსტშია განსახილველი და აქ მხოლოდ ფინანსური და საგადასახადო ამნისტია არ იგულისხმება. ბიზნესგარემოს მკვეთრი გაუმჯობესება, ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკის გარდა, მრავალ პოლიტიკურ და სოციალურ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუმცა იმას, თუ რა საგადასახადო განაკვეთებია ქვეყანაში, უდავოდ, პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება.
XS
SM
MD
LG