Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება ერაყში სამხედრო კონტინგენტს 4-ჯერ ზრდის


საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის

იააპ დე ჰოოპ სხეფერის ვიზიტის მსვლელობის დროს საქართველოს ხელისუფლებამ მულოდნელი გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა. მწირი საბიუჯეტო შესაძლებლობისა და საკუთარი მოუგვარებელი კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო აპირებს თითქმის ხუთჯერ - 850 ჯარისკაცამდე - გაზარდოს სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა ერაყში. ინიციატივის მოულოდნელობა კი ისაა, რომ სულ რაღაც ერთი თვის წინ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ერაყში დამატებით კიდევ 300 კაცის გაგზავნა მიაჩნდა შესაძლებლად. საინტერესოა, თუ რით არის განპირობებული ასეთი სწრაფი მეტამორფოზა საქართველოს ხელისუფლების გეგმებში და რა დაუჯდება სახემწიფოს სამშვიდობო მისიის გაზრდა მსოფლიოს ყველაზე “ცხელ წერტილში”.


ერაყში ამ დროისთვის 150 კაციანი ქართული სამხედრო ქვედანაყოფი იმყოფება. საჩხერის მე-16 სამთო- მსროლელი ბატალიონის წევრებისაგან დაკომპლექტებული კონტინგენტი სამშვიდობო ამოცანებს, ძირითადად, ქალაქ ბაქუბაში ასრულებს. მაგრამ სექტემბრის თვის დასაწყისში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იგი კიდევ 150 კაცით გაზრდიდა სამშვიდობო მისიას ერაყში. სამშვიდობო კონტინგენტის ზრდას საქართველოს სამხედრო ხელმძღვანელობა ანტიერაყული კოალიციის წინაშე ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებით ხსნიდა. უკვე გასულ კვირაში კი საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზად არის სამშვიდობო მისიის რაოდენობა 850 კაცამდე - ფაქტობრივად, ოთხ-ნახევარჯერ - გაზარდოს. თავდაცვის მინისტრის მოადგილის დავით სიხარულიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მშვიდობისმყოფელთა დამატებითი კონტინგენტის გაგზავნა ერაყში თავად შეერთებული შტატების ხელისუფლებამ სთხოვა:

[დავით სიხარულიძის ხმა] “შეერთებული შტატების ხელისუფლების მხრიდან იყო ასეთი თხოვნა, რომ განგვეხილა საქართველოდან დამატებითი კონტინგეტნის გამოყოფის შესაძლებლობა გაეროს მისიის დასაცავად. ამისთვის საჭირო იყო დაცვის ერთი ბატალიონის გამოყოფა. საქართველოს ხელისუფლებამ, ამერიკის თხოვნის საფუძველზე, განიხილა ეს თხოვნა და დააკმაყოფილა. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ დამატებითი კონტინგენტი გაიგზავნოს ერაყში. სულ იქნება 850 კაცი.”

ამ შეთანხმების თანახმად, ქართველი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის გაზრდა ერაყში ეტაპობრივად მოხდება. პირველი ბატალიონი ერაყში, სავარაუდოდ, 8-9 ნოემბერს იმავე თვითმფრინავით გაემგზავრება, რომელმაც 7 თვიანი მივლინების შემდეგ სამშობლოში უნდა დააბრუნოს საჩხერის სამთო-მსროლელი ბატალიონის მებრძოლები. მომდევნო ნაკადი, რომელიც გაეროს მისიის დაცვის ფუნქციებს იკისრებს, ერაყში თვის ბოლოს გაემგზავრება. ქართველი სამხედროების სატრანსპორტო მომსახურებას ერაყში და უკან საკუთარ თავზე ამერიკის სამხედრო სარდლობა იღებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს ბიუჯეტს მძიმე ტვირთად არც გაზრდილი კონტინგენტის სახელფასო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა დააწვება:

[დავით სიხარულიძის ხმა] “გაზრდილი კონტინგენტის შესახებ მინდ გითხრათ, რომ აქ საქართველოს მხარის ფინანსური ვალდებულებები არის მაქსიმალურად შეზღუდული. ამაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და, ძირითადად, ამ სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება მოხდება გაეროს მიერ, იმ ფარგლებში, რაშიც ჩვენ სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასებს ვუნაზღაურებდით.”

ეს, რაც შეეხება ამ საქმის ტექნიკურ მხარეს. მაგრამ თუ ციფრ 850-ს ყურადღებით დავაკვირდებით და მას შეიარაღებული ძალების საერთო რიცხოვნებას, 15 ათას კაცს, შევუფარდებთ, აღმოვაჩენთ, რომ საქართველოს საზღვარგარეთ ეყოლება, ყოველი მეხუთე თუ არა, ყოველი მეშვიდე ბრძოლისუნარიანი ჯარისკაცი მაინც. ამას ემატება 149 კაციანი ქვედანაყოფი კოსოვოში. ეს კი, საბოლოო ჯამში, შეიარაღებული ძალების თითქმის 8 პროცენტია, რაც, ალბათ, სარეკორდოა საქართველოს პოტენციისა და მასშტაბის ქვეყნისათვის. ამიტომ საქართველოს ხელისუფლების ამ ნაბიჯმა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია იმ პოლიტიკოსებში, რომლებიც ტრადიციულად მხარს უჭერდნენ საქართველოს მონაწილეობას ანტიერაყულ კოალიციაში. ასე მაგალითად, პოლიტიკური პარტია “ახალი მემარჯვენეების “ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე აქ “საქართველოს ხელისუფლების უცნაური პოლიტიკის კიდევ ერთ გამოვლინებას ხედავს”:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] “ჩვენთან რაკი დემოკრატიული ფასეულობები არცთუ ისე ეძვირფასება ქვეყანას, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ამის დაბალანსება მოახდინოს ამგვარი სამხედრო ინიციატივით, რომ ამხელა კონტინგენტი გაგზავნოს საომარ, ანტიტერორისტულ ცენტრებში. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის მაინცდამაინც გათვლილი, გონივრული და, კიდევ ვიმეორებ, უფრო სპონტანურ ნაბიჯებს მიაგავს ჩვენი ხელისუფლებისა.”

განსხვავებული მოსაზრება აქვს ექსპერტს სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში კახა კაციტაძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ სამხედრო კონტინგენტის გაზრდა და ანტიერაყულ კოალიციასთან მჭიდრო კავშირი საქართველოს უფრო ანგარიშგასაწევ პოზიციებზე გაიყვანს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში:

[კახა კაციტაძის ხმა] “შესაბამისად, ნატოში გაწევრიანება, რასაც ერაყში ყოფნა ნამდვილად უწყობს ხელს, გარკვეული თვალსაზრისით, ნიშნავს, რომ ჩვენ საერთაშორისო არენაზე რაღაც სიტყვა გვეთქმის - გაცილებით მეტი, ვიდრე ეს გაეროს ტრიბუნიდან შეგვეძლო გვეთქვა. იმიტომ რომ იქ მარტო ტრიბუნა იყო და მეტი არაფერი, რადგან გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ ვახდენდით. და, ალბათ, ამ თვალსაზრისით გამართლებულია ერაყში ყოფნა. მაინც მე ამას უფრო პოლიტიკის კუთხით ვუყურებ, ვიდრე წმინდა სამხედრო კუთხით.”

ნიშანდობლივია, რომ ერაყში სამშვიდობო მისიის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადება საქართველოს ხელისუფლებამ ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს დაამთხვია. იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის წერილის შინაარსიც გააცნო. ამ ეპისტოლეს თანახმად, ერაყში საქართველოს სამხედრო კონტინგენტის გაზრდის პარალელურად, შეერთებული შტატები საქართველოს სამხედრო ძალების მომზადების ახალ პროგრამას იწყებს. პროგრამის ღირებულება ამერიკის მთავრობას, დაახლოებით, 33 მილიონი დოლარი დაუჯდება. კონკრეტული დეტალები კი, სავარაუდოდ, 10-17 ნოემბერს, ამერიკის ევროპულ ძალთა სარდლობის წარმომადგენლობის საქართველოში ვიზიტის შემდეგ, გახდება ცნობილი. 3 წლის წინ ზუსტად ასე იწყებოდა “წვრთნისა და აღჭურვის” ქართულ-ამერიკული პროგრამაც.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG