Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანული ცეკვის თეატრის ფუძემდებლის პინა ბაუშის


გერმანული ცეკვის თეატრის ფუძემდებლის პინა ბაუშის

ხელოვნებას ქართველები ბრიტანელი კომპოზიტორის ჰენრი პიორსელის ამ მუსიკაზე დადგმული ქორეოგრაფიული კომპოზიციით გაეცნენ, უფრო სწორად, გაეცნენ პედრო ალმოდოვარის ფილმით “ელაპარაკე მას”, რომელიც პინა ბაუშის ცეკვის თეატრის ქორეოგრაფიული შედევრით იწყება. ამ კვირაში ბალეტის, თეატრისა და კინოს მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეხილათ პინა ბაუშისა და “ცეკვის თეატრის” კიდევ ერთი ოსტატის, საშა ვალცის, სპექტაკლების ვიდეოჩანაწერები... ეს იყო გერმანული ცეკვის თეატრის დაარსების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და ვიდეოჩვენება, რომელიც გოეთეს ინსტიტუტში მოეწყო... თბილისელებს, ფაქტობრივად, პირველად მიეცათ საშუალება ეხილათ (ჯერჯეობით მხოლოდ ფირზე) ექსპრესიონისტული ქორეოგრაფია - ბალეტი, სადაც ადამიანური გრძნობების გამოხატვა ჟესტისა და მიმიკის გამძაფრებით ხდება... ასეთი ქორეოგრაფიის შექმნის მცდელობა ჩვენი ოპერის თეატრის საბალეტო დასსაც ჰქონდა, მაგრამ კლასიკურ რუსულ ბალეტზე აღზრდილებს, რატომღაც ძალიან გვიჭირს თანამედროვე ბალეტის, განსაკუთრებით “ექსპრესიული მოდერნისტული ბალეტის” ენის დაუფლება – ასეთ სპექტაკლებში ან პლასტიკური ფანტაზიის სიღარიბე იგრძნობა, ან კიდევ, პანტომიმა ჭარბობს... შესაძლებელია, მართალია პინა ბაუმი, როცა ამბობს, თანამედროვე ცეკვა – თავისუფალი ადამიანების ცეკვააო... ჩვენ კი ამ თავისუფლებამდე კიდევ ბევრი გვაკლია.

თუმცა ვინა თქვა, რომ მხოლოდ “თავისუფალ ხალხს” აქვს უფლება იცეკვოს, იმღეროს და ხატოს... თავისუფლების ნოსტალგია ზოგჯერ უფრო ეფექტურად გამოიხატება ხელოვნებაში, ვიდრე საკუთარი სხეულის ან, თუ გნებავთ, სულის თავისუფალი ფლობა.... ასეთ მდგომარეობაშიც შესაძლებელია მივაღწიოთ ექსპრესიულობას.

თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში სწორედ ექსპრესიონიზმის აღორძინებად მიიჩნია ყველამ დავით მელიქიშვილის პერსონალური გამოფენა, რომელიც გასულ კვირას დაიხურა თბილისის “ძველ გალერეაში”. ერთგვარი კლაუსტროფორი განცდა, რომელიც ექსპოზიციაზე “ძველი გალერეის” ვიწრო სივრცემ გაამძაფრა, დავითის ნამუშევრებში ესთეტიკურ ხარისხში გადაიზრდება. სივრცე ამ ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ პორტრეტებში თითქმის საერთოდ არ იგრძნობა, თუმცა რაც უფრო გაძლიერებულია ეს განცდა, მით უფრო მეტია ჰაერის მოთხოვნილება... გამოფენის დამთვალიერებლებმა ვიცოდით, რომ “ძველმა გალერეამ” დავით მელიქიშვილის ძველი სურათები გამოფინა, ამიტომ დარწმუნებულები ვიყავით, რომ აქ ჩვენი უახლოესი წარსულის მხატვრული სახეები ვიხილეთ... ამიტომაც სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის დათოს განცხადება - განწყობილება, სინამდვილის მიმართ დამოკიდებულება მე არ შემცვლიაო:

[დავით მელიქიშვილის ხმა]“ეს ნახატები არცთუ ისე ახალია, ეს ხუთი წლის წინ შექმნილი ნამუშევრებია, უბრალოდ, მათ ჩემთვის ღირებულება დღემდე არ დაკარგეს. ჩემი გადარჩევით არც მომხდარა. გალერეის მფლობელებმა - მანანა ვადაჭკორიამ და არჩილ დარჩიამ - ეს ნამუშევრები აარჩიეს, იმიტომ რომ აქ “ექსპრესიონიზმი” მეტი იყო... გალერეის მფლობელებმა მიიჩნიეს, რომ დღეს ეს ისევე კარგად იყურება, როგორც 5-6 წლის წინ.”

არადა, ასეთი პორტრეტები, ეს ადამიანები, რომლებიც ცოტათი ჯუჯებს გვანან, თვალები ფართოდ აქვთ დაჭყეტილი და პირდაპირ გვიმზერენ - ასეთი “ლიტერატურული ფერწერა” დღეს ნამდვილად ძველმოდურად აღიქმება. ჩვენთან საუბარში დავით მელიქიშვილი აღნიშნავს, რომ სულაც არ რცხვენია ამის და არ ცდილობს დროის დინების მიხედვით იაროს...



[დავით მელიქიშვილის ხმა]“პორტრეტი ყოველთვის მოდაში არ ყოფილა... მოდაში შემოვიდა პოპ-არტი, პერფომენსები, ჩემთვის კი ეს ჟანრი აქტუალურია, რადგან საკუთარი თავის შემეცნების, სხვისი გაცნობის საუკეთესო საშუალებაა.
მე ვფიქრობ, გამოგონილ, პირობით პერსონაჟებში უფრო მეტად შეგიძლია გადმოსცე მდგომარეობა, რომელშიც ცხოვრობ. ამის გამოსახატავად არ არის აუცილებელი, რომ კონკრეტული პიროვნება იყოს. ბევრს უთქვამს კიდეც გამოფენაზე, რომ ყველაფერი ეს ჩემი ავტოპორტრეტებია. ინდივიდუალურია ეს თუ კრებითი – ჩემი გრძნობების გამოსახატავად გამოგონილი პერსონაჟები უფრო დამეხმარა.”

კიდევ ერთი შთაბეჭდილება, რომელიც დამთვალიერებელს ამ გამოფენის ნახვის შემდეგ შეექმნა: “ძველ გალერეაში” გამოფენილმა სურათებმა ვიღაცას შაგალი გაახსენა, ვიღაცას ეგონ შილე... სად შაგალი და სად შილე? - იკითხავს ხელოვნების მოყვარული. მაგრამ საქმეც ისაა, რომ თანამედროვე ხელოვანს შეუძლია ყველა და ყველაფერი გააერთიანოს... ახალს ხომ მაინც ვეღარავინ იგონებს... ყოველ შემთხვევაში, ამას ამტკიცებს დავით მელიქიშვილი:

[დავით მელიქიშვილის ხმა] “ამაში არაფერი ცუდი არ არის, იმიტომ რომ გავლენა არის... მე ისიც გამიგია, გავლენა მხოლოდ ნიჭიერ ადამიანებს ემართებათო... ყოველთვის არსებობს რაღაც პარალელები და გავლენები. ამ შემთხვევაში პირდაპირი გავლენა არ იყო – თუკი აქედან ვინმე პარალელს გაავლებს, ეს ბუნებრივიცაა, რადგან დღეს სამყაროში არ მომეძებნება მხატვარი, რომელიც არ შეიძლება ვიღაცასთან არ დააკავშირო... მთავარია ამ ყველაფერში შენი ინდივიდუალობა არ დაკარგო და შენი სათქმელი ჩადო, თორემ ისე ახალი და უცნაური არც ვიდეოარტში იქმნება და არც პოპ-არტში.
ახალი ისაა – შენ თუ კარგად გააანალიზებ, შეაჯამებ და ახალი სპექტრით წარმოადგენ... შეიძლება ახალი ხაზი, ახალი ლაქა შექმნა, მაგრამ მთავარი ეს ხომ არ არის, მთავარია ის, თუ რას ამბობ, თორემ როგორ ამბობ, ეს შეიძლება მხატვრობაში მეორადიც იყოს. ნახატზე ვერ იტყვი, ეს ეგონ შილეა, შაგალი, თუ ვიღაც... თუკი ამის “მიქსი” მოხდა და რაზეც მე არ მიფიქრია, თუმცა ფაქტია, რომ ეს ორი მხატვარი მართლა მიყვარს, მაინც ვერ იტყვის ვერავინ, რომ ან ერთია, ან ვიღაც სხვა – ესაა დავით მელიქიშვილის ნამუშევარი და ბუნებრივია, რომ მისი ავტორი მე ვარ.”(სტილი დაცულია)

“მიქსი”, სტილების კოქტეილი, ცხადია, ნაკლებად ნიჭიერ მხატვრებსაც შეუძლიათ შექმნან... თანამედროვე ხელოვნება კი, შესაძლებელია, სხვა არაფერია, თუ არა კოქტეილი, რომელსაც ვიღაც ნიჭიერად, ვიღაც კი “უგემურად” აკეთებს. ეს კოქტეილი არამარტო სტილის აღრევას გულისხმობს. ხშირად, როგორც დათო მელიქიშვილის ფერწერაში, ირევა ჟანრებიც, იშლება ზღვარი ტრაგიკულსა და კომიკურს შორის... საუბრის ბოლოს დათოს ვკითხეთ - ამ ნამუშევრების შექმნიდან უკვე 6 წელი გავიდა, შეცვლიდა თუ არა მხატვარი რამეს, ეს პორტრეტები დღეს რომ დაეხატა.

[დავით მელიქიშვილის ხმა]“მე ვთვლი, რომ ფორმას არ შეიცვლიდა, რადგან ჩემში ეს განწყობა და მდგომარეობა დღემდე არ შეცვლილა... მე რომ რადიკალურად წინააღმდეგი ვყოფილიყავი ამ გამოფენის ორგანიზატორების, ალბათ, რაღაცეებს შევცვლიდი და ჩავერეოდი, მაგრამ, რადგან მე დავთანხმდი მათ არჩევანს – ე.ი. მე იმავე მდგომარეობით ვარ დღესაც... ანუ, არაფერი არ შეცვლილა ჯერჯერობით.”(სტილი დაცულია)

[მუსიკა. პიორსელი]

ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა... აი, უკვე მეორე კვირაა გვიმტკიცებენ ჩვენი რესპონდენტები დედაქალაქის კულტურული ცხოვრების მიმოხილვებში... არადა, ქვეყანაში რევოლუციის წლისთავი ახლოვდება. თუმცა, მოგეხსენებათ, რევოლუციებს თავისუფალი ხალხი არ აწყობს... რევოლუციებს თავისუფლებისთვის აწყობენ - კლაუსტროფობური სივრცის გარღვევისთვის, მეტი ჰაერისთვის.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG