Accessibility links

logo-print

გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელი ირან-ევროკავშირის გარიგებას სიფრთხილით ეკიდება


ევროპის ქვეყნების ერთმა სამეულმა – დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა

ირანთან მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ბირთვული პროგრამების შეჩერების შესახებ. ირანის ხელისუფლება ახლა იმაზე ფიქრშია დათანხმდეს, თუ არა იმ ორსაფეხურიან გარიგებას, რომელსაც მას ევროკავშირის სამეული სთავაზობს. თანხმობის შემთხვევაში ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ურანის გამდიდრების პროგრამები. ამ პროცესს ერთგვარი სიფრთხილით უყურებს გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელი.

ევროკავშირის ე.წ. "დიდი სამეულის" მიერ შეთავაზებულ პირობებზე წასვლას ირანს უფრო გაეროს უშიშროების საბჭოს შიში თუ აიძულებს, ვიდრე ის წამახალისებელი ღონისძიებები, რომლებსაც მას ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი სთავაზობენ. მსოფლიო თანამეგობრობა ხომ ურანის გამდიდრების პროგრამების შეუწყვეტლობის შემთხვევაში ირანის საკითხის გაეროს უშიშროების საბჭოზე გატანით იმუქრება.

გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელი მოჰამედ ელ ბარადეი აცხადებს, რომ მან ჯერ კარგად უნდა შეისწავლოს ევროკავშირის "სამეულსა" და ირანს შორის მიღწეული გარიგების დეტალები. ორშაბათს სიდნეიში აზია-ატლანტიკის ბირთვული ენერგეტიკის კონფერენციის დაწყებისას ელ ბარადეიმ ასეთი რამ განაცხადა:

[ბარადეის ხმა]
"როგორც მითხრეს, ეს წინასწარი შეთანხმებაა; ის ჯერ არ დამტკიცებულა. მე ვესაუბრები ორივე მხარეს და, ღმერთმა ქნას, რამდენიმე დღეში, როცა მხარეები კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს, საბოლოოდ შეთანხმდნენ. მიმაჩნია, რომ ეს იქნება აბსოლუტურად სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი."

შეგახსენებთ, ეს განცხადება მუჰამედ ელ ბარადეიმ ორშაბათს ავსტრალიაში გააკეთა.

შაბათს ევროკავშირის სამეულსა და ირანს შორის წინასწარი შეთანხმების მიხედვით, ირანმა უნდა შეაჩეროს ბირთვული საწვავის წარმოებისა და გადამუშავების პროგრამები მანამდე, სანამ ევროკავშირთან ეკონომიკური, ტექნოლოგიური და უსაფრთხოების სფეროებში დახმარების პაკეტს შეათანხმებს. შეთანხმების მიზანია ირანმა შეწყვიტოს ყველა ის საქმიანობა, რომელიც პოტენციურად შეიძლება ბირთვული იარაღის შექმნისთვის იყოს გამოყენებული.

მოჰამედ ელ ბარადეი განმარტავს, რომ უკვე მიღწეული შეთანხმებით ირანმა უნდა შეაჩეროს ურანის გამდიდრების პროგრამები მისი კეთილი ნების დასადასტურებლად:

[ელ ბარადეის ხმა]
"ის, რასაც ახლა საერთაშორისო საზოგადოებრიობა ურთიერთნდობის აღდგენის მიზნით სთხოვს ირანს, სულ მცირე ურანის გამდიდრების ყველა პროგრამის შეჩერებაა. და მე ვუერთდები ამ მოთხოვნას. მე ვეუბნებოდი ჩემს ირანელ კოლეგებს: "გააკეთეთ ყველაფერი, რომ გამოიწვიოთ ნდობა, აწარმოეთ სრულიად გამჭვირვალე პოლიტიკა, რადგან ამ გზით შეძლებთ საფუძველი ჩაუყაროთ დიალოგის პროცესს, რაც ასე სჭირდება ირანსაც და დანარჩენ მსოფლიოსაც".

ორშაბათს სიდნეის კონფერენციის გახსნაზე ელ ბარადეიმ განაცხადა აგრეთვე, რომ ბირთვული ტერორის თავიდან ასაცილებლად საერთაშორისო საზოგადოებრიობამ დროსაც უნდა დაასწროს.

ჟენევის საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ინსტიტუტის კურსდამთავრებული მოჰამად-რეზა ჯალილის აზრით, ევროკავშირის სამეულსა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმება სულ მცირე იმის ნიშანია, რომ მხარეები ჯერ კიდევ სერიოზულად უდგებიან მოლაპარაკებებს:

[ჯალილის ხმა]
"ერთადერთი, რაც შეიძლება დავასკვნათ, არის ის, რომ მოლაპარაკებები არ შეწყვეტილა და ორივე მხარე ცდილობს დროებითი შეთანხმების მიღწევას. ირანელები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თავი აარიდონ გაეროს უშიშროების საბჭოს, თანაც ურანის გამდიდრების პროგრამებზე გადაჭრით უარის თქმის გარეშე. მათ სურთ შეთანხმების მიღწევა გამდიდრების პროგრამების დროებითი შეჩერების გზით. არც ევროპელებს და არც ირანელებს არ სურთ მოლაპარაკებების შეწყვეტა. 25 ნოემბრამდე კიდევ არაერთი ნაბიჯი გადაიდგმება".

25 ნოემბერს ვენაში გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს სხდომა იმართება. შეერთებული შტატები ირანის ბირთვული პროგრამების შეუჩერებლობის შემთხვევაში გაეროს სააგენტოსგან ირანის საკითხის უშიშროების საბჭოსთვის გადაცემას ითხოვს.
XS
SM
MD
LG