Accessibility links

logo-print

მმართველობის დეცენტრალიზაციის პერსპექტივა საქართველოში


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოში, მოგეხსენებათ, კოჭლი თვითმმართველობაა: მოქალაქეებს უფლება აქვთ, აირჩიონ სოფლების, დაბებისა და ქალაქების საკრებულოები,

რომელთა უფლებამოსილება შეზღუდულია. თბილისისა და ფოთის მოქალაქეებს, საქართველოს სხვა ქალაქების მკვიდრთაგან განსხვავებით, არა აქვთ უფლება, აირჩიონ ქალაქის მერი - ამ ორ ქალაქში მერს პრეზიდენტი ნიშნავს. დაბოლოს, საქართველოს უკლებლივ ყველა რაიონში გამგებლის თანამდებობა არაარჩევითია. საქართველოს პარლამენტში შედის კანონპროექტი, რომელიც, კანონად ქცევის შემთხვევაში, ადგილობრივ თვითმმართველობას მეტ დამოუკიდებლობას მიანიჭებს.

ორიოდე კვირის წინ საქართველოს პარლამენტმა რატიფიკაცია გაუკეთა ევროპის თვითმმართველობის ქარტიას და ამით უფრო მეტად დაივალდებულა თავი, სახელმწიფოში უზრუნველყოს რეალური თვითმმართველობის განხორციელება. ქარტიასთან მიერთება გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საყოველთაო და პირდაპირი წესით არჩევითობას, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ცენტრალური ხელისუფლების ჩარევას მხოლოდ კანონით დადგენილ ფარგლებში.

საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიგა ბოკერიამ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა კანონპროექტი, რომლის ძალით ქალაქებისა და რაიონების მერებისა და გამგებლების პოსტები არჩევითი უნდა გახდეს. ეგ არის, თუ, თბილისისა და ფოთის გარდა, სადაც მერს პრეზიდენტი ნიშნავს, ქალაქის თავს ყველა მოქალაქეები პირდაპირი წესით ირჩევენ, ახალი კანონის მიღების შემდეგ მერს ყველა ქალაქში საკრებულო აირჩევს.

მე ვკითხე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, დავით ზურაბიშვილს, რით აიხსნება, პირდაპირი წესის ნაცვლად, მერების ირიბი არჩევითობა.

[ზურაბიშვილის ხმა] “ხშირად ხდება, რომ პირდაპირ არჩევნებში ოლიგარქიული დაჯგუფების წარმომადგენელი იმარჯვებს. ზოგ რეგიონში შეიძლება, სულაც, კრიმინალურმა ავტორიტეტმა გაიმარჯვოს. დღევანდელ ეტაპზე ეს სერიოზულ პრობლემებს შექმნის. ამიტომ საკრებულოები - ეს უფრო ფართო წარმომადგენლობითობას ნიშნავს და ჩართულობის ხარისხი რაც მეტი იქნება, მით უკეთესი”.

დავით ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეკონომიკაში, სოციალურ პოლიტიკაში, განათლებაში რადიკალური რეფორმაა გასატარებელი და რეფორმას შეიძლება ხელი შეუშალოს სწორედ პირდაპირი წესით ქალაქის სათავეში მოსულმა საეჭვო რეპუტაციისა და შეძლების პირმა. რეფორმები ცენტრალიზებული წესით ტარდება. გარკვეული სახელისუფლებო ვერტიკალი უნდა არსებობდეს, რათა მართვაში ნაკლები პრობლემა შეიქმნას:

[ზურაბიშვილის ხმა] “ეს ვერტიკალი არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ ყველა იყოს დანიშნული და, არსებითად, ჩინოვნიკური მოდელი გვქონდეს. არჩევითობის პრინციპი აუცილებელია. მეორე მხრივ, სრული დეცენტრალიზაცია გარდამავალ ეტაპზე პრობლემებს გიქმნის. ამიტომ წარმოდგენილი მოდელი, შეიძლება ითქვას, ოქროს შუალედია.”

მომავლის მოდელი - საკრებულოს მიერ არჩეული მერი, ზურაბიშვილის თქმით, არაერთ ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს. ამ მოდელს სხვაგვარად “სუსტ მერს” უწოდებენ. თუმცა ამ სუსტ მერს არჩევის შემდეგ აღარ უნდა სჭირდებოდეს ქალაქის პრემიერი. ის თავად ხდება ქალაქის მმართველი. დავით ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ მთავარი მაინც სხვა რამ არის:

[ზურაბიშვილის ხმა] “მთავარია უფლებამოსილებათა განაწილება: რა უფლებამოსილება აქვს მერს, გამგებელს, საკრებულოს, მათ შორის, ადგილობრივ ბიუჯეტთან მიმართებით”…

რაიონის გამგებლის, მერისა და საკრებულოს უფლებამოსილებები კამათის საგანი გახდება პარლამენტში. რაც უნდა იყოს, თუ, ვთქვათ, ზურაბ ჭიაბერაშვილს მოუნდება, დარჩეს თბილისის მერის პოსტზე, მას მოუწევს სათავეში ჩაუდგეს პარტიულ სიას და იბრძოლოს თბილისის საკრებულოს არჩევნებში გამარჯვებისათვის. მერის უფლებამოსილების ვადა, ახალი პროექტის თანახმად, ემთხვევა საკრებულოს მოქმედების ვადას.
XS
SM
MD
LG