Accessibility links

რა ბედი ელის “რესპუბლიკის მოედანსა” და სასტუმრო “ივერიას”?


სასტუმრო “ივერიიდან” დევნილების გამოსახლების ორი თვის თავზე დედაქალაქის ხელმძღვანელობა აქტიურ ქმედებაზე გადადის.

“რესპუბლიკის მოედნის” იერსახის შესაცვლელად თბილისის მერია და "სილქ როუდ ჯგუფი", “საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიასთან” (GRDC) ერთად, "რესპუბლიკის მოედნის განვითარების ფონდს" აფუძნებენ. თბილისის მერის ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ახლო მომავალში ფონდი პირველ საერთაშორისო ქალაქგეგმარებით კონკურსს ჩაატარებს, რის საფუძველზეც დედაქალაქის ცენტრალური ნაწილის რეკონსტრუქციის გეგმა მომზადდება. რა ბედი ელის “რესპუბლიკის მოედანსა” და პირველ ქართულ ცათამბჯენს, სასტუმრო “ივერიას”?

თბილისელები, რომლებსაც მე რესპუბლიკის მოედანზე ვესაუბრე, სასტუმრო “ივერიის” მომავალზე მსჯელობენ. ნაწილს არ მოსწონს პირველი ქართული ცათამბჯენი და შენობის დანგრევა-რეკონსტრუქციას უჭერს მხარს. ნაწილს კი, პირიქით - მოსწონს, მაგრამ ეჭვობს, რომ “ივერიისა” და მთლიანად რესპუბლიკის მოედნის მომავალთან დაკავშირებით მათ აზრს ვინმე გაიზიარებს:

[მამაკაცის ხმა] “თუ უკეთესს ააშენებენ, მე წინააღმდეგი არ ვარ. იმედია, კარგს ააშენებენ.”

[მამაკაცის ხმა] “მაგის გადაკეთებას სჯობია, რომ ახალი საერთაშორისო სტანდარტის რამე ჩადგან, თუკი ვაკეთებთ და თუკი გვინდა, რომ მთელი საუკუნე მაინც გაძლოს. ეს უკვე განადგურებულია…”.

[ქალის ხმა] “ამას მე ვინ მეკითხება!”

თუმცა თბილისის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ახალი უფროსი მიხეილ სვიმონიშვილი რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ირწმუნება, რომ რესპუბლიკის მოედნისა და “ივერიის” ბედს მერია ერთპიროვნულად არ გადაწყვეტს:

[მიხეილ სვიმონიშვილის ხმა] “ივერიასთან” დაკავშირებით შეიქმნა კონსორციუმი, რომლის მონაწილეც იქნება მერია, “სილქ როუდ გრუფ”-ი და პირველ საერთაშორისო ტენდერს გამოვაცხადებთ “ივერიის” განაშენიანებასთან დაკავშირებით და ამის მერე გადაწყდება - დაინგრეს, აშენდეს, გადაკეთდეს თუ კიდევ რა გაკეთდეს. მოედნის კონცეფცია ჩამოყალიბდება.” (სტილი დაცულია)

კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებას თბილისის მერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მიაწოდა. მისი თქმით, კონსორციუმი, პირველ რიგში, ქალაქის ცენტრში ახალი სატრანსპორტო სქემის შექმნაზე მუშაობს.

[ზურაბ ჭიაბერაშვილის ხმა] “შემდგომი საკითხები ეს არის თვითონ “რესპუბლიკის მოედნის” ახალი სქემა, თუ რა ფუნქცია ენიჭება თითოეულ შენობას. ეს არის სასტუმრო “ივერია”, ეს არის კაზარიანცის სახლი, ეს არის ეგრეთ წოდებული “ანდროპოვის ყურები”…”

ჭიაბერაშვილის თქმით, სულ მალე რესპუბლიკის მოედანზე ე.წ. "ანდროპოვის ყურების" სახელით ცნობილი მონუმენტი აღარ იარსებებს, ხოლო დეკემბრისთვის სასტუმრო "ივერიის" რეკონსტრუქციის გეგმა მომზადდება. მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ “ 23-სართულიანი პირველი ქართული ცათამბჯენი, თავისი ტექნიკური მონაცემების - მათ შორის, დაბალჭერიანობის - გამო ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

[მამაკაცის ხმა] “ეს იყო პირველი სასტუმრო ქალაქში, მაგრამ ახლა რაც შეეხება, რასაც ინვესტორი აპირებს, უმაღლეს კატეგორიაში აღარ გადის, იმიტომ, რომ ჭერის სიმაღლის, კორიდორების სიგანის, ნომრების ფართით არ აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რასაც უმაღლესი კატეგორია ჰქვია. ამიტომ უნდათ მაგისი ან რეკონსტრუქცა, ან დანგრევთა”. (სტილი დაცულია)

თუმცა, როგორც ირკვევა, საქმე არც ისე მარტივად არის, როგორც ეს შეიძლება დედაქალაქის მერიასა და ახლად დაფუძნებულ კონსორციუმში წარმოუდგენიათ. “ივერიისა” და რესპუბლიკის მოედნის პროექტთა ავტორის, არქიტექტორ ოთარ კალანდარიშვილის შთამომავალი, კინორეჟისორი ნინო კალანდარიშვილი მერიის ხელმძღვანელობას საავტორო უფლებების ხელყოფაში ადანაშაულებს. მისივე თქმით, ხელისუფლებას არც “ივერიისათვის” მინიჭებული ისტორიულ-კუტურული ძეგლის სტატუსის მოხსნის საფუძველი ჰქონდა:

[ნინო კალანდარიშვილის ხმა] “იმ შემთხვევაში შეიძლება ძეგლს წაერთვას სტატუსი, თუ ძეგლი განადგურებულია ან არ ექვემდებარება რესტავრაცია-რეკონსტრუქციას. “ივერიას” კი არაფერი არ დაშავებია, საერთოდ, კიდევ დიდხანს იდგება, იმიტომ რომ 22-მეტრიანი საძირკველი აქვს მტკვრის დონემდე…”

რაც შეეხება ყბადაღებულ “ანდროპოვის ყურებს”:

[ნინო კალანდარიშვილის ხმა] “თბილისი არის თბილ წყლებზე აშენებული ქალაქი და ძალიან ცოდოა ის ადამიანი, რომელიც ამ ნამუშევარს შეხედავს და თაღების ასოციაცია არ ექნება. იმიტომ რომ ხაზგასმულად თაღებია. ეს არის მიწიდან ამოხეთქილი, ქვაში ამღერებული შადრევანი, რომელიც არ არის დასრულებული, ის უნდა შეიმოსოს თეთრი მარმარილოთი…”

ნინო კალანდარიშვილი ამბობს, რომ ნამუშევარი ვერასოდეს მოახდენს ჯეროვან ეფექტს, თუკი მას საბოლოო, დასრულებული სახე არ მიეცემა. “ის, რომ რესპუბლიკის მოედნის დასრულება ვერ მოხერხდა, ოთარ კალანდარიშვილის ბრალი ნამდვილად არ არის,” - ამბობს ცნობილი არქიტექტორის ქალიშვილი და ხელისუფლებას მოედნის გადაკეთების უპირობო ალტერნატივად არქიტექტორის ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანას სთავაზობს.
XS
SM
MD
LG