Accessibility links

რუსეთს არ სურს "გაყინული კონფლიქტების" მოგვარებაში ევროკავშირთან თანამშრომლობა


ევროკავშირი-რუსეთის სამიტი 11 ნოემბერს უნდა შემდგარიყო.

მისი გადადების ოფიციალური მიზეზი არის ის, რომ რუსეთის ხელისუფლებას სურდა სამიტზე შეხვედროდა ევროკომისიის ახალ წარმომადგენლებს (როგორც წესი, ასეთ სამიტებში მონაწილეობს ხოლმე ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროკომისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში). თუმცა, ზოგიერთს მიაჩნია, რომ ევროკომისიასთან დაკავშირებული კრიზისი საბაბი იყო. მიზეზი კი ევროკავშირსა და რუსეთს შორის მთელ რიგ საკითხებზე მოულაპარაკებლობა გახლდათ. უთანხმოების ერთ-ერთი საგანი საქართველო და მის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარებაში თანამშრომლობა გახლავთ.

ჰააგაში 11 ნოემბრისთვის დაგეგმილი სამიტის გადადება რუსეთმა გასულ პარასკევს, 5 ნოემბერს მოითხოვა. ანუ იმ დღეს, როცა ევროკომისიის მომავალმა პრეზიდენტმა ხელმეორედ წარმოადგინა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა. ევროპარლამენტი მას კენჭს 17 ნოემბერს უყრის და დამტკიცების შემთხვევაში ის 22 ნოემბრამდე მუშაობას ვერ შეუდგება.

ევროკომისიის წარმომადგენელი ემა ადვინი აცხადებს, რომ მისთვის გასაგებია რუსეთის სურვილი გაიცნოს ევროკომისიის ახალი პრეზიდენტი და ევროკომისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, მაგრამ ეჭვობს, რომ სამიტის გადადებას სხვა მიზეზები აქვს:

[ადვინის ხმა]
"მათ ჩვენ გაგვაცნეს ოფიციალური მიზეზი, რომ მათ სურთ ახალ კომისიასთან შეხვედრა. სინამდვილეა ისიც, რომ მიუხედავად ჩვენი დიდი მონდომებისა, ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობდით შეთანხმებაზე საერთო ინტერესთა ოთხი სფეროს შესახებ, სადაც ჯერ კიდევ ღიად არის დარჩენილი ზოგიერთი ელემენტი".

საერთო ინტერესთა ოთხი სფერო გახლავთ: საგარეო უსაფრთხოება, შიდა უსაფრთხოება მართლწესრიგისა და იმიგრაციის საკითხებში, ეკონომიკა და თანამშრომლობა განათლებისა და კუტლურის სფეროებში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოქტომბრის ბოლოს ევროკავშირის საქმიან წრეებთან შეხვედრაზე სწორედ საერთო ინტერესთა სფეროებზე განაცხადა, რომ რუსეთმა ოთხივე სფეროზე მოამზადა და ევროკავშირს გადასცა ერთგვარი "გზამკვლევები". "არ დავმალავ, რომ ჩვენს მოლაპარაკებებს სირთულეები ახლავს", - განაცხადა 27 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, - "მიუხედავად ამისა, იმედი მაქვს, რომ 11 ნოემბერს ნიდერლანდებში დანიშნულ რუსეთი-ევროკავშირის უმაღლესი პირების შეხვედრამდე თითოეულ სფეროზე სამოქმედო გეგმის შემუშავებას შევძლებთ".

ევროკომისიის წარმომადგენელი ემა ადვინი დარწმუნებულია, რომ ზოგიერთ საკითხზე შეუთანხმებლობაში ევროკავშირს ბრალი არ მიუძღვის:

[ადვინის ხმა]
"ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობდით შეთანხმების მიღწევისთვის. არ დაგიმალავთ, არის სფეროები, სადაც ვისურვებდით, რომ რუსეთი უფრო ღია ყოფილიყო. გასულ სამშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე ბევრმა გამომსვლელმა აღნიშნა, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი იყო რუსეთთან შეთანხმების ხარისხიანობა, ვიდრე ის, რომ დოკუმენტი ვადაში, 11 ნოემბრამდე მომზადებულიყო".

ევროკავშირის წარმომადგენლები გამოყოფენ ორ მიზეზს, რაც ხელს უშლის შეთანხმების მომზადებას. პირველი გახლავთ ის, რომ რუსეთს არ სურს საგარეო უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან ნაწილად ევროკავშირისა და რუსეთის საერთო სამეზობლოში, იმავე მოლდოვასა და საქართველოში არსებული ე.წ. "გაყინული კონფლიქტების" მოგვარება იქცეს. ევროკომისიის წარმომადგენელმა ემა ადვინმა ეს ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა:

[ადვინის ხმა]
"ჩვენი სურვილია (და ეს მგონი თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკითხია) საგარეო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისას ყურადღება გამახვილდეს ჩვენს საერთო სამეზობლოზე და კერძოდ, ამ სამეზობლოში არსებულ "გაყინულ კონფლიქტებზე".

ერთი - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ მიაჩნია, რომ კონფლიქტები საქართველოს ტერიტორიაზე გაყინულია. ამის თაობაზე ლავროვმა ერთი კვირის წინ მოსკოვში საქართველოს პარლამენტის სპიკერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

[ლავროვის ხმა]
"რაც შეეხება კონფლიქტებს, ისინი არ არის "გაყინული" და ჩვენი ამოცანაა, რომ ისინი ცხელ კონფლიქტებად არ იქცნენ. რადგან ყოველ წუთს არსებობს საშიშროება, რომ ერთი, ან მეორე მხრიდან იყოს მოვლენათა ძალისმიერი განვითარების პროვოცირების მცდელობა. მიგვაჩნია, რომ ეს დამღუპველი იქნება როგორც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ისე ქართულ-ოსური კონფლიქტის შემთხვევაში."

სერგეი ლავროვმა 1 ნოემბრის ბრიფინგზე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საქართველოში კონფლიქტების მოგვარება არსებული შეთანხმებებისა და მექანიზმების გამოყენებით მიიღწევა. მექანიზმები, რომლებზეც ლავროვი საუბრობს გახლავთ მშვიდობის დამცველის ფუნქციების შესრულებასა და მოლაპარაკებათა პროცესის ხელშეწყობას გულისხმობს:

[ლავროვის ხმა]
"დარწმუნებული ვართ, რომ კონფლიქტების მოგვარებისკენ გზა ამ მექანიზმების აქტიურ გამოყენებასა და მათი დახმარებით მხარეების მიერ ურთიერთმისაღები შეთანხმებების მიღწევაზე გადის. რუსეთი, როგორც ორივე ამ მექანიზმის მონაწილე, ყოველმხრივ ხელს შეუწყობს პროცესს. მთავარია არსებული შეთანხმებების შესრულება".

როგორც ჩანს, ევროკავშირს საქართველოში და მის სამეზობლოში არსებული კონფლიქტების მოგვარებაზე რუსეთისგან განსხვავებული წარმოდგენა აქვს, ვიდრე მხოლოდ არსებული მექანიზმების გამოყენებაა. რუსეთს კი არ სურს კონფლიქტების მომგვარებლის წამყვანი როლი ვინმეს გაუნაწილოს.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ასევე ვერ თანხმდებიან რუსეთის ხელისუფლება და ევროკავშირი, ტერორიზმთან ბრძოლას შეეხება. კერძოდ: ევროკავშირს სურს, რომ შეთანხმების დოკუმენტს თან ახლდეს რუსეთის ხელისუფლების განცხადება, რომელშიც ის დაადასტურებს ტერორიზმთან ბრძოლისას ადამიანის უფლებათა სრულყოფილად დაცვის მნიშვნელოვანებას. ეს საკითხი "შიდა უსაფრთხოების" სფეროში შედის და რუსეთის ხელისუფლება ჩეჩნეთის კონფლიქტზე მინიშნებად აღიქვამს.

უკიდურეს შემთხვევაში, თუკი სამიტამდე (რომელიც სავარაუდოდ დეკემბრისთვის გადაიდო) არ მოხერხდება შეთანხმების მიღწევა, ევროკავშირი და რუსეთი გააფორმებენ ცალკე ხელშეკრულებებს ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში, რაც კიდევ ორ ძალიან მნიშვნელოვან სფეროს კიდევ კარგა ხნით ბუნდოვნად ტოვებს.
XS
SM
MD
LG