Accessibility links

logo-print

თბილისელები ზამთარში ბუნებრივი აირის გარეშე არ დარჩებიან


“თბილგაზის” გენერალური დირექტორი ზამთრის პირზე დამაიმედებელ განცხადებას აკეთებს: დავით მორჩილაძის თქმით, “გაზპრომთან” მიღწეული შეთანხმების საფუძველზე,

დედაქალაქში ბუნებრივი აირის საფასური არ გაიზრდება, ანუ შენარჩუნდება ეგრეთ წოდებული “შეღავათიანი ტარიფი”. გარდა ამისა, გაზგანმანაწილებელი კომპანიის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ, კორუფციული ურთიერთობების რღვევის ხარჯზე, კომპანიამ 25 მილიონი ლარის დაზოგვა მოახერხა. ნიშნავს თუ არა ყოველივე ზემოთქმული იმას, რომ თბილისელებს ზამთარში ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეუწყდებათ?

ბოლო წლების განმავლობაში “თბილგაზში” შექმნილ ვითარებას თვალსაჩინოდ გამოხატავს მოქმედი და ყოფილი გენერალური დირექტორების საზოგადოებრივი მდგომარეობა: ვახტანგ ცაავა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება; მის მემკვიდრეს ნოდარ გობიანიძეს ხელისუფლებამ თანამდებობის დატოვება აკმარა; კომპანიის მოქმედი ხელმძღვანელი დავით მორჩილაძე კი მიღწეულ წარმატებებზე საუბრობს. მისი თქმით, “თბილგაზმა”, ახლებური მიდგომის წყალობით, გაზის საფასურის 30-პროცენტიანი მატება აიცილა.

[დავით მორჩილაძის ხმა] “ჩვენ ჩაგვთვალეს კარგ პარტნიორებად, სრულფასოვან პარტნიორებად, კარგ მყიდველებად, მიუხედავად იმისა, რომ სულ ვალებს ვაგროვებდით და ახლა დაიჯერეს, რომ ჩვენს მოვალეობებს შევასრულებთ და სერიოზული პარტნიორები ვართ. ამიტომ დაგვიტოვეს იგივე ფასი.”

ფასი, რომლის შესახებაც დავით მორჩილაძე ლაპარაკობს, “თბილგაზს” რუსულმა “გაზპრომმა” დაუტოვა. სხვათა შორის, ასევე მოხერხდა რუსულ კომპანიასთან ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე დადებული ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გაგრძელება. მაგრამ იძლევა კი ყოველივე ზემოთქმული იმის გარანტიას, რომ თბილისელებს ზამთარში გაზი ექნებათ?

[დავით მორჩილაძის ხმა] “მე მგონი, მოვიდა დრო ხალხს სჯეროდეს თავისი ხელისუფლების. ხალხს უნდა სჯეროდეს იმის, რომ ხელისუფლებას აქვს უნარი გადაწყვიტოს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური საკითხები. ეკონომიკის მართვა რომ შეუძლია დღევანდელ ხელისუფლებას, დროა დავიჯეროთ და “თბილგაზი” საამისოდ ძალიან კარგი მაგალითია. ანუ გარანტია იმისა, რომ თბილისს გაზი ექნება, არის არა ის, რომ ცენტრალური ბიუჯეტი ფულს მოგვცემს, არამედ გარანტია არის ის, რომ ადამიანებს, რომლებიც მართავენ ეკონომიკას, აქვთ ეკონომიკის მართვის უნარი.”

რამდენად უნარიანად მართავენ საქართველოში ეკონომიკას და როგორ აისახება მართვის შედეგები “თბილგაზის” აბონენტებზე? მე ამ კითხვით რიგით თბილისელებს მივმართე.

[ქალბატონის ხმა] “ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონში სულ არის ბუნებრივი აირი.”

[ქალბატონის ხმა] “უამრავი თანხა გამომიწერეს და ჩემი საბუთები არ გაითვალისწინეს. ზედმეტი ვალი დამაწერეს. მე ამას მთავრობის დონეზე გავიტან. “

[ქალბატონის ხმა] “მესამე დღეა ჩვენთან გაზი არ არის. ამბობენ, ვითომ ავარიააო.”

“თბილგაზის” ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ ყოველი გათიშვა, მართლაც, ან ავარიას, ანდა მოხმარებული აირის საფასურის გადაუხდელობას უკავშირდება. ცნობისათვის: თბილისში 1 კუბური ბუნებრივი აირის ფასი, ლარის გამყარების მიუხედავად, არ შემცირებულა. ამ გარემოებას ყველაზე ენერგიულად დედაქალაქის საკრებულოს ლეიობორისტი წევრები აპროტესტებენ:

[იოსებ შატბერაშვილის ხმა] “ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია გაზის ტარიფს თვლის 2,25 ლარად დოლართან მიმართებაში. მას შემდეგ რაც ლარი გამყარდა და 1 დოლარი გახდა 1,65 ლარი (ახლა 1,80-ზეა შეჩერებული), გაზის ტარიფი კვლავ არ იწევს. ივნისიდან არის ლარი გამყარებული და მთელი, აი, ეს სხვაობა ჩადის ვიღაცის ჯიბეში.”

ეს ლეიბორისტული პარტიის წევრი იოსებ შატბერაშვილი იყო. მისი თქმით, ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვას ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ავალდებულებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, რეგიონებისგან განსხვავებით, დედაქალაქში ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასი კვლავინდებურად 27 თეთრია.
XS
SM
MD
LG