Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფალუჯის შტურმი გრძელდება - ბრძოლა ”გარიჟრაჟისთვის”


ერაყის საჯარისო შენაერთები და ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ქალაქ ფალუჯის შტურმს განაგრძობენ. ამერიკის სამხედრო ავიაცია ქალაქის ცენტრის

დაბომბვას ახორციელებს. ფალუჯაში გამაგრებული 3000-მდე მეამბოხის წინააღმდეგ მობილიზებულია ერაყისა და საერთაშორისო კონტინგენტის 15 ათასი ჯარისკაცი. სამხედრო ოპერაციის გეგმის მიხედვით, რომლის კოდური სახელწოდებაცაა ”აჩრდილის რისხვა”, ამერიკელ საზღვაო ქვეითებს ამბოხებულთა წინააღმდეგობის დაძლევა ევალებათ, შემდეგ კი ფალუჯის ქუჩები ერაყელმა ჯარისკაცებმა უნდა დაიკავონ.

[ისმის დაბომბვისა და სროლის ხმა]

უკანასკნელი ცნობების თანახმად, შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითებმა უკვე შეძლეს ”აჩრდილის რისხვის” ნაწილობრივ შესრულება და ინტენსიური შეტევის შემდეგ ფალუჯის ცენტრი დაიკავეს.

ჯერჯერობით არ არსებობს ზუსტი ცნობები დაჭრილთა და დაღუპულთა შესახებ, რადგან, ამერიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ციფრები გამუდმებით ზუსტდება და იცვლება.

ერაყში მრავალეროვნული ძალების ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ სამხედრო ოპერაცია გარდაუვალი იყო, რადგან ფალუჯა კრიმინალების, ტერორისტებისა და სადამ ჰუსეინის რეჟიმის ნარჩენების საყრდენ ცენტრად იქცა. ფალუჯას აფარებდა თავს აბუ ზარყავი, აღმოსავლეთში ბინ-ლადენის წარმომადგენელი. აი, რა თქვა მის შესახებ რამდენიმე საათის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მრავალეროვნული ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენატმა თომას მეციმ:

[თომას მეცის ხმა] "ტაქტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, გამოვთქვამ ვარაუდს, რომ ზარყავიმ ფალუჯა დატოვა. თუმცა ახლაც მომეპოვება საკმარისი სადაზვერვო შესაძლებლობა საიმისოდ, რომ, ბრძოლის პარალელურად, ზარყავის ძებნა ქალაქშიც განვაგრძო. მაგრამ რაკი გვგონია, რომ ის ერაყის ტერიტორიაზე მოძრაობს, ჩვენი სადაზვერვო ძალისხმევა ფალუჯის გარეთაც გრძელდება."

ფალუჯის დაბრუნებას ერაყის გარდამავალი ხელისუფლებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ამაზე მეტყველებს სახელწოდებაც - ”გარიჟრაჟი”. იგი ერაყელებმა ფალუჯისთვის ბრძოლის ოპერაციას შეარქვეს. ერაყში ბოლო დროს გააქტიურებული შეიარაღებული წინააღმდეგობა დიდ საფრთხეს უქმნის როგორც გარდამავალ ხელისუფლებას, ასევე ერაყში დანიშნულ არჩევნებს:

[ჰოშიარ ზებარი] "ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ოპერაციაა. შეიძლება ითქვას, რომ ფალუჯისთვის ბრძოლის შედეგი უზარმაზარ გავლენას იქონიებს უსაფრთხოების მდგომარეობაზე მთელს ერაყში."

ეს არის ერაყის გარდამავალი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოშიარ ზებარი. მის პოზიციას ერაყში ბევრი არ ეთანხმება, რადგან მიაჩნიათ, რომ ფალუჯის ოპერაცია კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს.

ამ მოსაზრებით, პროტესტის ნიშნად 9 ნოემბერს გარდამავალი მთავრობა დატოვა ერაყის სუნიტურ-ისლამისტურმა პარტიამ და ერაყელ ჯარისკაცებს მოუწოდა, არ აღმართონ იარაღი ფალუჯაში გამაგრებული ამბოხებული სუნიტების წინააღმდეგ.

ფალუჯის ოპერაციის წინააღმდეგ გამოვიდნენ ერაყელი შიიტი მუსულმანებიც და, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტასთან ერთად, მოლაპარაკებათა განახლება მოითხოვეს.
XS
SM
MD
LG