Accessibility links

logo-print

არის თუ არა საქართველოსთვის საშიში მოსკოვი- სოხუმი-თბილისი-ერევნის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედება


რუსეთი - მასთან ერთად სომხეთი - დიდად არის დაინტერესებული იმ სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენით, რომელიც, საქართველოს - კერძოდ, აფხაზეთის - გავლით,

რუსეთსა და სომხეთს ერთმანეთთან აკავშირებდა. ტრანსკავკასიური სარკინიგზო ხაზის აღდგენის იდეა მომგებიანად გამოიყურება საქართველოსთვისაც, თუმცა საქართველოში ამ იდეას სიფრთხილით ეკიდებიან. ბევრი ფიქრობს, რომ მოსკოვი -სოხუმი-თბილისი- ერევნის სარკინიგზო მაგისტრალი აფხაზეთს კიდევ უფრო ძლიერად მიაბამს რუსეთს და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ინტერესებს გააძლიერებს. არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც და, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებაში სწორედ ამ განსხვავებულ მოსაზრებებს იზიარებენ. ახლახან, რუსეთის ტრანსპორტის მინისტრთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ, საქართველოს პრემიერ- მინისტრმა განაცხადა, რომ აფხაზეთში ვითარების ჩაწყნარებისთანავე სარკინიგზო ხაზის აღდგენაზე მუშაობა უნდა განახლდეს.

ბაქოში კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას ტრანსკავკასიური სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენასთან დაკავშირებით მოსკოვის, თბილისის, ბაქოსა და ერევნის შეთანხმების თაობაზე. ამის შესახებ განცხადება ამას წინათ რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი მზად არიან შექმნან ოპერატიული კომპანია ტრანსკავკასიური სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენისა და მომსახურებისთვის., აზერბაიჯანში კი აცხადებენ, რომ არ დასთანხმდებიან პროექტს, რომლის რეალიზაციით სომხეთი ასეა დაინტერესებული. დაინტერესებას საქართველოც ავლენს. როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ ამას წინათ აღნიშნა, “ ვინაიდან რკინიგზის აღდგენის საკითხზე სომხეთის და აზერბაიჯანის მოლაპარაკება წარმოუდგენელია, ინიციატივით რუსეთი და საქართველო უნდა გამოვიდნენ.” ლაპარაკია მოსკოვი- სოხუმი-თბილისი-ერევნის სარკინიგზო ხაზის აღდგენის იდეაზე, რასაც სერიოზული წინააღმდეგობა ხვდება საქართველოშიც. მოწინააღმდეგეთა შორისაა მოძრაობა “ დაბრუნებას” წარმომადგენელი მალხაზ პატარაიაც:

[მალხაზ პატარიას ხმა ] “ ეს რკინიგზა დააკავშირებს რუსეთს სომხეთთან და შემდომ ირანთან, გააძლიერებს რუსეთის ინტერესებს ამიერკავკასიაში და მახლობელ აღმოსავლეთში. სომხეთის გაძლიერება სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, არა მგონია, აზერბაიჯანის ინტერესებში იყოს და, მით უმეტეს, დასავლეთის ინტერესებში, რომლის წინააღმდეგაც ირანმა გააკეთა განცხადება, რომ განაახლებს ბირთვულ პროგრამას. “ (სტილი დაცულია)

აღნიშნულის გარდა, მალხაზ პატარაია ფიქრობს, რომ სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა უარყოფითად იმოქმედებს აფხაზეთის პრობლემის მოგვარების პროცესზე, აფხაზეთს ეკონომიკურად კიდევ უფრო მეტად დაუკავშირებს რუსეთს და იმის გამო, რომ ტვირთების გაკონტროლებას საქართველო ფსოუზე ვერ შეძლებს, რუსეთ- საქართველოს საზღვარს ენგურზე გაავლებს. მალხაზ პატარაიას უკვირს, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება სარკინიგზო ხაზის აღდგენის იდეას რატომ აღარ უკავშირებს აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების მოთხოვნას, და სარკინიგზო ხაზის აღდგენის თაობაზე მუშაობის განახლების მზადყოფნას ( რაც ამას წინათ საქართველოს პრემიერმა დაადასტურა) ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად განიხილავს. ასე არ ფიქრობენ იმ წრეებში, სადაც მოსკოვი- სოხუმი-თბილისი-ერევნის სარკინიგზო ხაზის აღდგენის იდეაში რისკებზე მეტად სარგებელს ხედავენ. ექსპერტი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ რკინიგზის აღდგენა, ყოველგვარი წინასწარი შეთანხმებების გარეშე, თავისთავად დააბრუნებს აფხაზეთში ლტოლვილებს:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] “ხალხი შემოიტანს საქონელს რუსეთიდან, გაიტანს საქონელს, აღარ იქნება დამოკიდებული ამ თვითმფრინავებზე. ეს სერიოზულ ეკონომიკურ მოგებას მოიტანს. მეორე - რკინიგზის გახსნას შეჰყვებიან დევნილები ყოველგვარი შეთანხმებების გარეშე, იმის გამო, რომ მუშახელი დასჭირდებათ აფხაზეთში. დარწმუნებული ვარ, როგორც გალის რაიონში მოხდა შესვლა, ისე მოხდება ოჩამჩირის რაიონშიც. “

ნათქვამი არ ნიშნავს, რომ სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის მომხრეები რისკებს ვერ ხედავენ. “უბრალოდ, კარგად უნდა გავიაზროთ ეს რისკები და ყველაფერი გავაკეთოთ მათი განეიტრალებისთვისო,” - ამბობენ ისინი. ერთ-ერთი რისკის შემცველი მოთხოვნაა სარკინიგზო ხაზის აღდგენისა და მომსახურებისთვის აფხაზეთში მუშახელის რუსეთიდან შეყვანა. სარკინიგზო ხაზის აღდგენის მომხრეები საქართველოში ხაზს უსვამენ, რომ მუშახელის დეფიციტი აფხაზეთში, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოდან უნდა შეივსოს და არავითარ შემთხვევაში -რუსეთიდან.
XS
SM
MD
LG