Accessibility links

საქართველოს მთავრობა ინვესტიციების მოზიდვას ლონდონშიც შეეცდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს სამთავრობო დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს 11-12 ნოემბერს ლონდონში დაგეგმილ საერთაშორისო ფორუმში ”ინვესტირება საქართველოში”.

ლონდონის ფორუმი საქართველოში უცხოური კაპიტალდაბანდების მოზიდვის მორიგი მცდელობაა. რა შედეგი გამოიღო წინა მცდელობებმა და რა პერსპექტივები არსებობს ამ მხრივ ქვეყანაში?

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომელიც ეკონომიკური ბლოკის მინისტრებით და ეროვნული ბანკის პრეზიდენტით იქნება წარმოდგენილი, 11-12 ნოემბერს ლონდონში დაგეგმილ საერთაშორისო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ამ ფორუმის თემაა ”ინვესტირება საქართველოში“. ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ინფორმაციით, ფორუმის მიზანია საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოებას მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და საქართველოს მთავრობის მიერ ბიზნესკლიმატის გასაუმჯობესებლად განხორციელებული კონკრეტული ღონისძიებების შესახებ.

ასევე დაგეგმილია ფორუმში მონაწილე ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ეკონომიკის სხვადასხვა დარგში ინვესტიციების ჩადების შესაძლებლობათა განხილვა. საქართველოს ხელისუფლება ლონდონის ფორუმით ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას ცდილობს. ამ მნიშვნელოვან ღონისძიებამდე, საერთაშორისო ბიზნესწრეების ყურადღების მისაპყრობად, თბილისმა წელს რამდენიმე წარმომადგენლობით ფორუმს უმასპინძლა. პირველი ამგვარი კონფერენცია ”რუსეთ-საქართველოს ბიზნესფორუმი” ზაფხულში გაიმართა, შემდეგ კი საქართველოში მსხვილი თურქული კაპიტალის წარმომადგენლებიც სტუმრობდნენ. ამის გარდა, საქართველოს ხელისუფლების მოწვევით, თბილისმა სხვადასხვა დროს არაერთ სოლიდურ საერთაშორისო ბიზნესგამოცემას უმასპინძლა. ეს ქმედებები ქვეყანაში საინვესტიციო გამოცოცხლებას ისახავდა მიზნად. თუმცა მხოლოდ ფორუმების გამართვა კაპიტალის მოსაზიდად რომ საკმარისი არ არის ეს ამ ფორუმების შემდეგ გასულმა პერიოდმაც დაადასტურა – ჯერჯერობით საქართველოში მოსალოდნელი ”საინვესტიციო წვიმის” სიმპტომები არ შეინიშნება. უფრო მეტიც, თუ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე განხორციელებულ სამუშაოებს არ მივიღებთ მხედველობაში, ინვესტიციებს ზოგადად კლების ტენდენციაც კი ახასიათებს, რაც სრულიად ბუნებრივია, რადგან, სერიოზული კაპიტალი, როგორც წესი, ზედმიწევნით ფრთხილია ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ, მით უმეტეს, როდესაც ამ ქვეყნებში ხელისუფლება შეიცვალა და ახალი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგები ბოლომდე გამოკვეთილი არ არის. თუმცა ინტერესი საქართველოს მიმართ, ბუნებრივია, გაიზარდა, რამაც არ შეიძლება ნაყოფი არ გამოიღოს.

უცხოური კაპიტალის დაინტერესება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ შემთხვევაში არც ადგილობრივი ბიზნესმენების დავიწყება იქნებოდა სასურველი, რომელთაც, პროფესორ ვლადიმერ პაპავას აზრით, უცხოელებთან თანაბარ პირობებში უნდა უხდებოდეთ მოღვაწეობა.
[ლადო პაპავას ხმა] ”როდესაც ასეთი საკითხები წყდება, მათ შორის, ინვესტორების ჩამოსვლის, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ერთი რამ: რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება უცხოელი ინვესტორი, მაგრამ ჩვენ გვყავს ასევე ჩვენი ინვესტორები. ჩვენი ინვესტორებიც უნდა დადგნენ ფეხზე. ამიტომ უნდა იყოს ნაზავი ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ადგილობრივის შეზღუდვით.”

რაც შეეხება ლონდონის ფორუმს, მას, უდავოდ, დიდი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის კიდევ ერთხელ პოპულარიზებისათვის. ამასთან, ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ფისკალური პოლიტიკის ლიბერალიზაციას ისახავს მიზნად, მიმზიდველი იქნება ბიზნესწრეებისთვის, თუმცა ამ შემთხვევაშიც გადამეტებული მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რადგან კაპიტალი, როგორც წესი, მიილტვის იქით, სადაც მისი უსაფრთხოებისათვის უკვე არის აპრობირებული ყველა პირობა.
XS
SM
MD
LG