Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მოქმედი კოალიციური ძალები განაგრძობენ


ერაყში მოქმედი კოალიციური ძალები განაგრძობენ ოპერაციას ქალაქ ფალუჯის აღების მიზნით.

ერაყში მოქმედი კოალიციური ძალები განაგრძობენ ოპერაციას ქალაქ ფალუჯის აღების მიზნით.
მიღებული ცნობების თანახმად, კოალიციის ჯარისკაცებმა მეამბოხეებს უკან დაახევინეს და ახლა ეს უკანასკნელნი ქალაქის ერთ ვიწრო ნაწილში არიან მომწყვდეული. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქის ტერიტორიის 70 პროცენტს კოალიციის ჯარები აკონტროლებენ. ოპერაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების გენერალ-ლეიტენანტმა ჯონ სეტლერმა განაცხადა, რომ იერიში გაგრძელდება მანამ, სანამ მეამბოხეთა წინააღმდეგობის ყველა კერას არ ჩაახშობენ. [ჯონ სეტლერის ხმა] "ჩვენი ამოცანაა, მთლიანად გავათავისუფლოთ ქალაქი ფალუჯა. ამ ამოცანის ერთი ნაწილი კი ის არის, რომ მეამბოხეებს მთელს ქალაქში აღარსად დარჩეთ თავშესაფარი." ერაყის მთავრობის ცნობით, ფალუჯაში უკვე არაერთმა შეიარაღებულმა რაზმმა გადაწყვიტა იარაღის დაყრა. ამერიკელ სამხედროთა ცნობით, ორშაბათიდან მოყოლებული, ოპერაციაში დაიღუპა, სულ ცოტა, 11 ამერიკელი და ორი ერაყელი ჯარისკაცი, მეამბოხეებმა კი ბოლო დღის მანძილზე 71 მებრძოლი დაკარგეს. დღესვე ბაღდადში, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი დაიღუპა პოლიციის საგუშაგოსთან გაჩერებული დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. ამასობაში გავრცელდა ცნობა, რომ მოიტაცეს ერაყის გარდამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრის იად ალავის სამი ნათესავი. აი, რა თქვა დღეს დილას ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში ალავის პარტიის წარმომადგენელმა მუნა ალიმ: [მუნა ალის ხმა] “ინფორმაციით, რომელიც ეს-ესაა მივიღეთ, გატაცებული არიან ბატონი ღაზი ალავი, მისი მეუღლე და მისი რძალი. ისინი შეიპყრეს შინიდან გასვლისას, ბაღდადის ყადისიაჰის უბანში.” გატაცებისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ისლამისტურმა ჯგუფმა "ანსარ ჯიჰადმა". ჯგუფი იმუქრება, რომ მძევლებს 48 საათში დახოცავს, თუ არ შეწყდა ფალუჯაზე იერიში და არ გაათავისუფლეს დატყვევებული მეამბოხეები. იუწყებიან აგრეთვე, რომ ერაყის ხელმძღვანელობამ კომენდანტის საათი შემოიღო ქალაქ მოსულში, იქ ძალადობის ესკალაციასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG