Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას უწუნებენ ფერმერები ახალ საგადასახადო კოდექსს?


ცნობილია, რომ საქართველოს ეკონომიკაში აგრარულ სექტორს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით,

სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის საერთო შიდა პროდუქტში 20 პროცენტამდე აღწევს. ამ სექტორზე მოდის საქართველოში დასაქმებულთა ნახევარზე მეტი. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს იმის ცოდნა, თუ როგორ აისახება სოფლის მეურნეობის დარგზე ახალ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები.

საჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო წარმოებამ, ძირითადად, ოჯახურ მეურნეობებში გადაინაცვლა. ამგვარ მეურნეობათა რიცხვი, ოფიციალური მონაცემებით, 600 ათასს აღემატება და იგი დარგის 90 პროცენტს მოიცავს. მეტიც, ბოლო პერიოდში საკომლო მეურნეობათა რაოდენობა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შემცირების ხარჯზე კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. ცალკეული ფიზიკური პირები და საოჯახო მეურნეობები სულ უფრო ხშირად იღებენ იჯარით სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს ულხინთ.

[მამაკაცის ხმა] “მთავრობისგან ვითხოვთ დახმარებას, რომ მოგვცენ რეალური პასუხი, რომ იქნება ამ დროს და ვიქნებით დაკმაყოფილებული ყველა.”(სტილი დაცულია)

[მამაკაცის ხმა] “ახლა ხვნა-თესვის დროა, მაგრამ ერთი კაპიკი არც ერთ ოჯახს არ გააჩნია, რომ საშემოდგომოდ დათესოს ხორბალი. ვიღუპებით და ეგ არის, რა, სხვა რა გვეთქმის.”

დედოფლის წყაროს სოფელ ფიროსმანიდან ჩამოსული ეს ადამიანები მერვე დღეა, სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ქედის ღვინის ქარხანაში ჩაბარებული ყურძნის საფასურს მთავრობისგან ითხოვენ. სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით შერვაშიძე კი ამტკიცებს, რომ მთავრობას რაც შეეძლო, გააკეთა - ღვინის ქარხანას “სახალხო ბანკიდან” კომერციული კრედიტის აღებაში დაეხმარა.

[დავით შერვაშიძის ხმა] “სოფლის მეურნეობის მინისტრი თავისი გაკეთებული სიკეთის გამო ისჯება. აი, მაგ კრედიტის აღებაში დავეხმარეთ ჩვენ. ნეტა, არ გამეკეთებინა, რა! ნეტა, არ გამეკეთებინა!”

მინისტრი ნანობს, მაგრამ საკითხავია, ექნებოდა კი მას სანანებლად საქმე, თუკი ქვეყანაში მოქმედი საგადასახადო კოდექსი სოფლის მეურნეობის, კერძოდ კი, გადამამუშავებელი ქარხნების გაძლიერებას შეუწყობდა ხელს? ამ კითხვას პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე უარყოფითად უპასუხებს. თუმცა გიორგი ხევიაშვილი იქვე დასძენს, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების ინტერესები არც ახალ, პირველი მოსმენით მიღებულ, საგადასახადო კოდექსშია გათვალისწინებული:

[გიორგი ხევიაშვილის ხმა] “ძველი საგადასახადო კოდექსი უფრო ლიბერალურია და უფრო მარტივად დასათვლელი და მარტივად გასაგებია, ვიდრე ახალ პროექტში რაც არის წარმოდგენილი. მიწა ხდება ქონება და ქონების გადასახადი უნდა გადაიხადო, ცალკე - იჯარის გადასახადი, ემატება მოგების გადასახადი, საშემოსავლო - ადრე ესენი არ იყო, ახლა ყველაფერი ეს ემატება.”(სტილი დაცულია)

ხევიაშვილი ამბობს, რომ ამ სახით საგადასახადო კოდექსს მეორე მოსმენის დროს დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ. დეპუტატთა პრინციპულობაზე დიდ იმედს ამყარებენ მეფრინველეობის დარგში მოღვაწე მეწარმეები, რომლებმაც ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით მთავრობას მიმართვა გაუგზავნეს.

[პაატა ზაქარაშვილის ხმა] “რაც არის ნიხრები მოქმედ კოდექსში, ახალ კოდექსშიც იგივეა და, საერთოდ, არანაირი დიფერენცირებული მიდგომა არა აქვს სოფლის მეურნეობას და არანაირი დიფერენცირებული მიდგომა არ არის კონკრეტულად მეფრინველეობის დარგში.”

საქართველოს მეფრინველეობის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის პაატა ზაქარაშვილის განცხადებით, რეგიონის მასშტაბით, მეფრინველეობის დარგში ყველაზე მაღალი საგადასახადო განაკვეთი საქართველოში მოქმედებს, რის გამოც თავის დროზე თურქმა და ებრაელმა ინვესტორებმა საქართველოს მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანი ამჯობინეს. ასოციაციის წარმომადგენლები ხელისუფლებას საგადასახადო კოდექსის მიღებისას დარგის ინტერესების გათვალისწინებას სთხოვენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG