Accessibility links

logo-print

რატომ ეძახიან ”შეყვარებულებს” ეპლის კომპიუტერების მომხმარებლებს


ყოველკვირეული პროგრამის,

”უხილავი ფარდის”, გასული კვირის გამოშვებაში ინტერნეტის შესახებ გესაუბრეთ. დღეს განვაგრძობ თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებზე საუბარს და ახლა ეპლის კომპიუტერებს გაგაცნობთ.

[მუსიკა - Deep Blue]

მთელ მსოფლიოში კომპიუტერის მომხმარებლები ორ ნაწილად იყოფიან - ეპლის მაკებისა და სხვა დანარჩენ მომხმარებლებად. ეს დანარჩენები უმრავლესობას წარმოადგენენ, თუმცა დიდ ნაწილს წარმოდგენაც არა აქვს, რომ მაუსისა თუ ვინდოუსის შექმნას მაკინტოშს უნდა უმადლოდეს. სწორედ ეპლის კომპიუტერში გამოჩნდა პირველად ოპერაციული სისტემის გრაფიკული ინტერფეისი და მოწყობილობა, რომელიც ძალიან წააგავდა თაგვს. ამ ინსტრუმენტების გარეშე დღეს თითქმის წარმოუდგენელია თანამედროვე კომპიუტერთან ურთიერთობა, თუმცა ეპლის კომპიუტერი მაკი პროფესიონალებს შორის სხვა ნოვაციებითაცაა სახელგანთქმული.

ერთ-ერთი პირველი ქართველი, ვინც არჩევანი მაკინტოშის სასარგებლოდ გააკეთა, არის რენო სირაძე. და თუ რატომ, თავად რენოსგან შეიტყობთ:

[რენოს ხმა] ”1986-87 წლებში უკვე ვმუშაობდი პი-სიზე. 88-ში ჩემს ნაცნობთან შევიარე და სხვანაირი კომპიუტერი ვნახე - გრაფიკული ინტერფეისი ჰქონდა და მაუსით გადაჰქონდა რაღაცები. როგორც ცა და დედამიწა, ისე იყო. ნუ, რაღაც სასწაული იყო.”

რენო სირაძე არქიტექტორია. ფინეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მას ახლა სამუშაო მაგიდაზე უდგას ახალი ”პაუერ მაკ ჯი-4” და ოდნავ ძველი მაკის ”კუბი”. მის კოლექციაში ეპლის ელექტრონული პროდუქციის სხვა მრავალი ხელსაწყოცაა. რენოც, როგორც მაკინტოშის სხვა მომხმარებლები, ”შეყვარებულია”.

[რენოს ხმა] ”რაღაცნაირი უსულო საგანია, მაგრამ სული და გულია ჩადებული შიგნით და რაღაც მისტიური ძალა აქვს - არ შეიძლება არ შეგიყვარდეს.”

მაკად წოდებულ უსულო ყუთში თავისი სული და გული სტივ ჯობსმა ჩააქსოვა, მის მიერვე დაარსებული კომპანიის, ეპლის, ინჟინრებთან ერთად.
კომპანიის შექმნის ისტორია, რომლის ემბლემაცაა ჩაკბეჩილი ვაშლი, ისევე, როგორც სხვა ამერიკული ისტორიები, ძალიან წააგავს ზღაპარს. ეპლი 1976 წელს დაარსდა. მის სათავეებთან სტივ ჯობსთან ერთად იდგნენ სტივ ვოზნიაკი და რონ ვეინი. ისინი სხვადასხვა კომპანიებში იყვნენ, ღამღამობით ეპლის ოფისის ავტოფარეხში იკრიბებოდნენ და ეპლის პირველი კომპიუტერის შექმნაზე მუშაობდნენ. ”ეპლ ერთი” - ასე ეწოდებოდა პირველ პერსონალურ კომპიუტერს, რომელიც ხის ყუთში იყო მოთავსებული. მანამდე ამერიკაში გავრცელებული იყო სუპერ კომპიუტერები, რომელთა უზარმაზარი კარადები რამდენიმე ოთახს იკავებდა.

თუმცა პირველად პოტენციური ინვესტორები, მათ შორის, ჰევლეტ პაკარდიც, - ახლა იგი პერსონალური კომპიუტერების ერთ-ერთი მძლავრი მწარმოებელია, - სკეპტიკურად მოეკიდნენ ეპლის კომპაქტურ კომპიუტერს.

ხანგრძლივი ძიების შემდეგ ჯობსმა შეძლო ინვესტორის პოვნა. ეს იყო ინტელის აქციებით მოვაჭრე არმას კლიფი, რომელმაც კომპანიაში საკუთარი დანაზოგი, 92 ათასი ამერიკული დოლარი, დააბანდა და 1977 წლის 3 იანვარს კომპანია ეპლი ოფიციალურად დარეგისტრირდა. მას შემდეგ იგი ესთეტიკურად უზადო და ტექნიკურად მძლავრ კომპიუტერებს ამზადებს.

[მუსიკა]

[ოთარ კიკილაშვილის ხმა] ”მაკი არის გაცილებით ხარისხიანი და უფრო მაღალი წარმადობა აქვს... “

აი, ასე აფასებს მაკის შესაძლებლობებს ოთარ კიკილაშვილი, გამომცემლობა კოლორ პრინტი 2-ის დირექტორი. იგი იმ თითზე ჩამოსათვლელ ქართველთა შორისაა, რომლებმაც ჩაკბეჩილი ვაშლის გემო შეიგრძნეს. ჯერჯერობით ეპლის კომპიუტერებს უჭირთ საქართველოს ბაზარზე დამკვიდრება, სიძვირისა და იმის გამოც, რომ მაკის კუსტარული წესით აწყობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

არადა, საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული ინტელის ბაზაზე შექმნილი კომპიუტერები, სწორედ თბილისშია შეკოწიწებული მესამე ქვეყნებში დამზადებული ნაწილებისგან.

[მუსიკა]

მაღალი წარმადობის, სიჩქარისა და ხარისხის გარდა, მაკის ოპერაციული სისტემა ”მაკ-ოს-იქსი” იმითაცაა გამორჩეული, რომ მას ქართული ენის შესწავლა არ გასჭირვებია. ქართულის სწავლაში მაკს რენო სირაძე დაეხმარა.

[რენოს ხმა] ”მაკის ოპერაციული სისტემის მომავალი ვერსიის პაკეტში ქართული ოფიციალურად იქნება შეტანილი. თუმცა ქართული ფონტები ახლაც კარგად მუშაობს ”მაკ ოსე იქსში”.

მაკის დიდ პლუსად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ მისი დავირუსება ელ-ფოსტით ან ინტერნეტში გავრცელებული ეგრეთ წოდებული ”ჭიებით”, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ასეთ შედეგებს ეპლმა საქმისადმი თავისებური დამოკიდებულებით მიაღწია, რაც თვალნათლივ ჩანს დევიზში, რომელიც აპლის ისტორიას ლაიტმოტივად გასდევს - ”აკეთე ის, რაც გიყვარს: ფული თავისით მოვა.”

[მუსიკა - Deep Blue]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG