Accessibility links

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება


უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 10 ნოემბერს გამოაქვეყნა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები, რომლის მიხედვით ლიდერობს

ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ვიქტორ იუშჩენკო. მას ხმა მისცა ამომრჩეველთა 39,87-მა პროცენტმა, მეორე ადგილზეა ხელისუფლების რჩეული პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩი - 39,32 პროცენტით. ვერც ერთმა კანდიდატმა ხმების 51 პროცენტზე მეტის მოპოვება ვერ შეძლო. ამიტომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დანიშნა. განმეორებითი კენჭისყრა 21 ნოემბერს გაიმართება.

უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო ბიულეტენში 2 კანდიდატის სახელი და გვარი იქნება: ვიქტორ იუშჩენკო და ვიქტორ იანუკოვიჩი. ამჯერად მათ აღარ დასჭირდებათ ხმების 51 პროცენტისთვის ბრძოლა - უკრაინის პრეზიდენტი ამ ორი კანდიდატიდან ის გახდება, ვინც 21 ნოემბერს უფრო მეტ ხმებს მიიღებს.

ბოლო დრომდე არჩევნების შედეგებთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ სერიოზული პოლიტიკური დაძაბულობა გამოიწვია უკრაინის საზოგადოებაში. ოპოზიცია ფიქრობდა, რომ ხელისუფლება არჩევნების შედეგების გაყალბებას ცდილობდა და არ სურდა დამარცხება ეღიარებინა,
თუმცა ეს 10 ნოემბერს მაინც მოხდა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიციის კანდიდატის ვიქტორ იუშჩენკოს უმნიშვნელო უპირატესობა ოფიციალურად დაადასტურა.

[ვიქტორ იუშჩენკოს ხმა] ”155 ათასით მეტმა ამომრჩეველმა მომცა ხმა, ვიდრე იანუკოვიჩს. ეს დაახლოებით 0.55 პროცენტით მეტია. ჩვენ კარგად ვიცით ამ ათასებისა და პროცენტების მნიშვნელობა. ცხადია, რომ მთავრობამაც კი ვერ შეძლო ასეთი ციფრების დამალვა.”

ეს არის ვიქტორ იუშჩენკო, საპრეზიდენტო კანდიდატი პოლიტიკური ბლოკისა ”ჩვენი უკრაინა”. მისი ნდობით აღჭურვილი პირი დეპუტატი ნიკოლაი კატერინჩუკი კი აცხადებს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხელოვნურად შეამცირა იუშჩენკოს ხმების რაოდენობა. შესაბამისად, ასევე ხელოვნურადაა გაზრდილი, მისი აზრით, სახელისუფლებო კანდიდატის იანუკოვიჩის პროცენტული მაჩვენებელი. საწინააღმდეგო აზრი აქვს თავად იანუკოვიჩის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს სერგეი ტიჰიპკოს:

[სერგეი ტიჰიპკოს ხმა] ”ჩვენ ყველა ვხვდებით და ვხედავთ, თუ რა დაემართა ამ შედეგებს. ყველა გამოკითხვისა და გამოკვლევის მიხედვით, იანუკოვიჩი 3-4 პუნქტის სხვაობით უნდა ლიდერობდეს. მაგრამ ყველაფერი შეცვალა დასავლეთ უკრაინაში ამომრჩეველთა მაღალმა აქტიურობამ.”

ჯერჯერობით არაა ცნობილი გაასაჩივრებს თუ არა იგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს, ოპოზიციას კი ამის გაკეთება თავის მოვალეობად მიაჩნია.

[ივან ლოზოვის ხმა]
” ეს, უპირველეს ყოვლისა, მეტყველებს იმაზე, რომ ხალხს დემოკრატია უნდა. ეს იმაზე მძლავრი ძალა აღმოჩნდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. აქედან უდავოდ ჩანს, რომ უკრაინელებს დემოკრატია სურთ.”

ეს იყო კიევში დაფუძნებული სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ივან ლოზოვი.
XS
SM
MD
LG