Accessibility links

logo-print

რუსთაველები ნოემბრის რევოლუციის წლისთავზე რევოლუციის გაგრძელებას ითხოვენ


მეტალურგთა ქალაქში ნოემბრის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე ისევ როვოლუციური განწყობა სუფევს. რუსთავის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის

თავმჯდომარე და სტუდენტთა ადგილობრივი გაერთიანების წევრები ამტკიცებენ, რომ მათ მშობლიურ ქალაქს რევოლუციური ცვლილებები არ შეხებია. მათი თქმით, ქალაქს ისევ ძველი, წინა ხელისუფლების დროინდელი, არჩევნების გაყალბებაში დაოსტატებული კადრები მართავენ. რას უწუნებენ ქალაქის ხელმძღვანელობას რუსთაველი ახალგაზრდები და რატომ ითხოვენ ისინი პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრას?

როგორც ირკვევა, თბილისში ერთი წლის წინ მომხდარი “ვარდების რევოლუციის” ბობოქარ ტალღებს რუსთავამდე ჯერაც არ მიუღწევია. მეტიც, რუსთავი, რომელიც დედაქალაქიდან სულ რაღაც 35-40 კილომეტრში მდებარეობს, მოგზაურობის მოყვარულ პრეზიდენტსაც კი არ მოუნახულებია. არადა, როგორც ამას რუსთავის სტუდენტური ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილე თეონა დიუნაშვილი ამბობს, ქალაქში, იმის გამო რომ ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა შექმნილი:

[თეონა დიუნაშვილის ხმა] “იმავე კლანის წევრი უნდა იყო, მათ სიბინძურეებში უნდა იღებდე მონაწილეობას, მათსავით გასვრილი უნდა იყო ან რაღაცნაირად დაკავშირებული მათთან, სხვა არანაირი პერსპექტივა არ გაქვს ქალაქში. ერთადერთი სამსახური, რომელიც ჩვენი თაობის ახალგაზრდამ შეიძლება ქალაქში იშოვოს, ეს არის მაღაზიაში გამყიდველის თანამდებობა და ეს არის კაფე-ბარში ოფიციანტის თანამდებობა.”

მერიის ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ტოპრაკაშვილი კი შექმნილი მძიმე მდგომარეობის მიზეზად ხელისუფლებაში ძველი, სახელგატეხილი კადრების დარჩენას ასახელებს:

[ლევან ტოპრაკაშვილის ხმა] “მათ რევოლუციის შემდეგ შეიცვალეს მხოლოდ და მხოლოდ პარტიული დასახელება. იგივე პიროვნებები დარჩნენ, ვინც ბინძური პოლიტიკის შემსრულებელი იყო ადრე - “მოქალაქეთა კავშირის” წევრები. ხვალ და ზეგ, დარწმუნებული ვარ, იგივე გაყალბება მოხდება.”

რუსთავის მერიასა და საკრებულოში ბრალდებებს არ უპასუხებენ, თუმცა მიანიშნებენ, რომ ტოპრაკაშვილის გაცხარების რეალური მიზეზია ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის შერწყმა კულტურის განყოფილებასთან. თავად ტოპრაკაშვილი კი ამტკიცებს, რომ რუსთავს რევოლუციური ცვლილებები არ შეხებია. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ამ მოსაზრებას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ჩიქოვანიც იზიარებს:

[მამუკა ჩიქოვანის ხმა] “რაღაც მომენტში შეიძლება, გარკვეულწილად, დავადასტურო ის, რომ ბევრი ცვლილება არ გატარებულა რუსთავში, მაგრამ მიზეზებზე ლაპარაკისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებდი.”(სტილი დაცულია)

რუსთავში რომ არაფერი იცვლება, ამას მიუკერძოებელი მეთვალყურენიც ადასტურებენ. გაზეთ “ოცდაოთხი საათის” რუსთაველი კორესპონდენტი მაია მოსიაშვილი ამბობს, რომ თუ არ ჩავთვლით კრიმინოგენური მდგომარეობის შედარებით გაუმჯობესებას, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქალაქში არც არაფერი შეცვლილა:

[მაია მოსიაშვილის ხმა] “რაიმე სერიოზული საკადრო ცვლილება არც მმართველობაში, არც თვითმმართველობაში არ განხორციელებულა. ფონი უმუშევრობის თვალსაზრისითაც იგივე დარჩა, ანუ ახალი სამსახურები არ შექმნილა.”

რუსთაველთა ერთი ნაწილი შველას საქართველოს პრეზიდენტისგან ელის. ეს ადამიანები ქალაქში შექმნილი პრობლემების გასაცნობად მიხეილ სააკაშვილს რუსთავში ეპატიჟებიან.

[ქალბატონის ხმა] “მივმართავთ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, მოგვაქციოს ყურადღება. ჩამოვიდეს და სწორად შეაფასოს ის სიტუაცია, რაც რუსთავში არის.”

[მამაკაცის ხმა] “გვინდა, რომ დაველაპარაკოთ ბატონ მიხეილს, ერთი 15-20 წუთი დრო რომ გამონახოს, მაგრამ არ მოდის ეს ჩვენი პრეზიდენტი, ჩვენი ვაჟკაცი… ვერ ჩამოვიტყუეთ და რაღაცა იქნებ გვიშველოს, ჩამოვიდეს და დაგველაპარაკოს.”

ბოლოს კი გეტყვით იმას, რომ რუსთავი თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, ნახევარი საათის სავალზე მდებარეობს.
XS
SM
MD
LG