Accessibility links

logo-print

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესზე დავა გრძელდება - რას ედავებიან საქართველოს ხელისუფლებას


საქართველოს პარლამენტში განიხილავენ კანონპროექტს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ. თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ ამ კანონპროექტით საარჩევნო

ადმინისტრაციების - ოღონდ ცენტრალური და საოლქო საარჩევნო კომისიების - პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების მიღწევაა განზრახული. ინიციატივა, ერთი შეხედვით, მომხიბვლელად გამოიყურება, თუმცა საქმეში კარგად ჩახედული პირები მასში მკვეთრად არადემოკრატიულ სულისკვეთებას ამჩნევენ. ხელისუფლების ოპოზიციაში მიუთითებენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით მივიღებთ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელიც პროფესიული ნიშნის მხოლოდ ფორმალურად იქნება. ოპოზიციაში ერთპარტიული ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიღების საშიშროებას აღნიშნავენ. კანონპროექტის მიმართ თავიანთ შენიშვნებს გამოთქვამენ მესამე სექტორის წარმომადგენლებიც.


საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტის მთავარი დატვირთვა საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების ახალი წესის განსაზღვრაა და სანამ ამ სიახლესთან დაკავშირებით არსებულ შენიშვნებს ჩამოვთვლიდეთ, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების რა ინიციატივით გამოდის დღევანდელი მმართველი ძალა. ლაპარაკია 7 წევრისგან დასაკომპლექტებელ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, რომლისთვისაც კადრები კონკურსის წესით უნდა შეირჩეს. კანონპროექტი არ მიუთითებს ვინ და რა პირობებში უნდა ჩაატაროს კონკურსი. კონკურსის წესით შერჩეულთაგან 12 ან 18 პროფესიული და არა პარტიული ნიშნით შერჩეულ პირს პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს. პრეზიდენტი ერთპიროვნულად ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის დანარჩენ წევრებს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურებიდან ამტკიცებს პარლამენტი - სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ცენტრალური საარჩევნო კომისია ასევე პროფესიული ნიშნით აკომპლექტებს საოლქო კომისიებს, საუბნო კომისიებში კი შენარჩუნებული უნდა იყოს პარტიული ნიშანი. დავიწყოთ აქედან.


ორგანიზციაში “სამართლიანი არჩევნები” აღნიშნავენ, რომ არჩევნების მიმდინარეობისას მთავარი პრობლემები სწორედ უბნებზე იქმნება. ამდენად, ამ ორგანიზაციაში ვერ გაუგიათ, რატომ არ უნდა შეეხოს ცვლილება საუბნო კომისიების დაკომპლექტების წესს. საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონოპროექტთან დაკავშირებით ამ და სხვა შენიშვნებს “სამართლიანი არჩევნები” უახლოეს დღეებში ჩამოაყალიბებს. ასევე მოიქცევა “თავისუფლების ინსტიტუტიც”. ლევან რამიშვილი არ იზიარებს ხელისუფლების პოლიტიკური ოპოზიციის შიშს პროფესიულის ნაცვლად ერთპარტიული საარჩევნო ადმინისტრაციის მიღების თაობაზე, თუმცა შენიშნავს, რომ კანონპროექტში მკაფიოდ უნდა იყოს ასახული ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის კადრების შესარჩევი კონკურსის ორგანიზების პირობები და, რაც მთავარია, იმის გარანტიები, რომ კონკურსი ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლის გარეშე ჩატარდება. არსებობს გაცილებით მკვეთრი შენიშვნები. მაგალითისთვის “რესპუბლიკური პარტიის” წევრის დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის შენიშვნას მოვიყვანთ:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] “ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში ყველა ვერ მოახვედრა, ჰყავს მორჩენილი ხალხი და ახლა უნდა ცეესკო დააკომპლექტოს. ეს არის ერთპარტიულობის და დომინანტური ძალის ჩამოყალიბების გზაზე კიდევ ერთი უაზრო მცდელობა. “

რესპუბლიკელები ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებას მიესალმებიან, თუმცა მათი წინადადებაა - ცეესკოს წევრობის კანდიდატები პრეზიდენტს პარლამენტმა მესამე სექტორის წარმომადგენლების რეკომენდაციით წარუდგინოს და ყველა მათგანი ( თავმჯდომარის ჩათვლით) პარლამენტმა არა უბრალო უმრავლესობით, არამედ ხმათა ორი მესამედით დაამტკიცოს. ლევან ბერძენიშვილს ეეჭვება მმართველმა ძალამ ეს შეთავაზება მიიღოს, არადა, მისი წარმომადგენლები ერთი წლის წინ მსგავსი წინადადებით თავად გამოდიოდნენ.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] “დღეს საქართველოში იწყება ომი (გადატანითი მნიშვნელობით) იმ პრინციპების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია; იწყება ომი ოპოზიციის, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ. “

ხელისუფლების დღევანდელი ლიდერები ასეთ განცხადებებს შარშან, რევოლუციამდე, 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების წინ აკეთებდნენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესზე დავა მაშინაც იყო და შეკითხვას - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ როგორი კადრი იქნებოდა ყველაზე მისაღები - დღევანდელი მამრთველი ძალის წარმომადგენლები უპასუხებდნენ:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] “ჩვენთვის მისაღებია აპოლიტიკური, არაპარტიული კაცი, ისე, როგორც თქვა ბეიკერმა. ის არ უნდა იყოს დაკავშირებული კანცელარიასთან და არ უნდა იყოს დაკავშირებული არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან. “

დღეს მმართველები განმარტავენ: “ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებისას კადრების წარდგინება და დამტკიცება ვინ უნდა მოახდინოს, თუ არა ხალხის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა და პარლამენტმაო.” რა მოხდა, რატომ შეიცვალა საკითხისადმი დამოკიდებულება? ამასთან დაკავშირებით ლევან ბერძენიშვილს ასეთი აზრი აქვს:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] “მოხდა ის, რომ მათ აქვთ იმხელა უმრავლესობა, რომელიც მათ აზროვნებას რყვნის. მათ დემოკრატიაზე მეტად მოსწონთ ის, რომ ბევრნი არიან და წინააღმდეგობას ვერ უწევთ ოპოზიცია. ეს ნებისმიერ ადამიანს აფუჭებს, სამწუხაროდ. “

ცანტრალური საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით დაკომპლექტება, კადრების პრეზიდენტის მიერ წარდგინებით და პარლამენტის უბრალო უმრავლესობის დამტკიცებით, მოგვცემს მორჩილ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომლის ხელშიც მმართველ ძალას გარანტირებული ექნება არჩევნების მოგებაო, - ფიქრობენ ოპოზიციაში.
XS
SM
MD
LG