Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოები სამხედრო ძალების მართვის მოძველებულ სისტემას უპირისპირდებიან


რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერით, საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნა კანონპროექტი, რომლითაც ხელისუფლება შეიარაღებული

ძალების მართვის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციათა და დამოუკიდებელ ექსპერტთა ერთ ნაწილს კანონპროექტის ზოგიერთი დებულება უკანგადადგმულ ნაბიჯად მიაჩნია და მოითხოვს, უფრო მკაფიოდ გაიმიჯნოს სამოქალაქო თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის კომპეტენციები. ექსპერტებს მთავარ არგუმენტად მოჰყავთ ბოლო დროის სკანდალი, როდესაც სახმელეთო ჯარების სარდალი ღიად დაუპირისპირდა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას.


შინაგანი ჯარის პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის თავდაცვის სამინისტროში გადასვლის შესახებ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას მელანიც არ ჰქონდა შემშრალი, რომ სამხედრო უწყებაში პირველმა სერიოზულმა დაპირისპირებამ იჩინა თავი. შინაგანი ჯარების ყოფილმა სარდალმა, გენერალმა გოგი თათუხაშვილმა, რომელსაც სახმელეთო ჯარის სარდლის თანამდებობა უნდა დაეკავებინა, პრესას სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა. თათუხაშვილი აცხადებს, რომ სამხედრო უწყების ხელმძღვანელობა ბლოკავს ყველა მის მოსაზრებას სახმელეთო ჯარების საშტატო სტრუქტურის, ფუნქციებისა და, საერთოდ, სამხედრო მშენებლობის გეგმების შესახებ. რა სურდა გენერალ თათუხაშვილს? იგი ითხოვდა სახმელეთო ჯარების შტაბში 70 -ის ნაცვლად 200 თანამდებობა ყოფილიყო და მის დაქვემდებარებაში გადასულიყო ტაქტიკური ავიაცია და სწრაფი რეაგირების ძალები. ამას გარდა, ჩვენთან სატელეფონო საუბარში გენერალი არ უარყოფდა, რომ იგი პრინციპული წინააღმდეგი იყო რეზერვისტთა მომზადების და ჯარის საკონტრაქტო სისტემით დაკომპლექტებისა.

[გოგი თათუხაშვილის ხმა] “ჩვენ უნდა შევეხოთ თემას თავდაცვის პოზიციასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა გვყავდეს მხოლოდ პროფესიული ჯარი - მე ვარ მაგის წინააღმდეგი. ამერიკას აწყობს საკონტრაქტო ჯარი, რადგან ორ კვირაში აგროვებს ჯარს. ჩვენ მაგის ფუფუნება არა გვაქვს. ჩვენ უნდა გვყავდეს მუდმივი მზადყოფნის ჯარი. აი, როგორც ჩემი პირველი ოპერატიული ბრიგადა. და მეორეც, ჩვენ რეზერვი არასოდეს არ გვეყოლება რეზერვისტების ერთთვიანი მომზადებით, რადგან რეზერვისტების გადამზადება ხდება და არა მომზადება.”(სტილი დაცულია)

გენერალმა თათუხაშვილმა, რომელიც “ვარდების რევოლუციის” დროს მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის უფროსი იყო, ასეთი პრინციპულობით სერიოზული ტესტი მოუმზადა, პირველ ყოვლისა, საქართველოს პრეზიდენტს. თუ მიხეილ სააკაშვილი გაიზიარებს გენერლის მოსაზრებას, მას მოუწევს სერიოზული კორექტივები შეიტანოს სამხედრო მშენებლობის გეგმებში, რისი საბიუჯეტო შესაძლებლობა ქვეყანას არა აქვს. თანაც, სახმელეთო ჯარების სახით ასეთი მონსტრის შექმნას შეიარაღებულ ძალებში არ ითვალისწინებს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა, რომლის მთავარი პრინციპი ღაღადებს: იყოლიე იმოდენა სამხედრო ძალა, რამოდენაც მძიმე ტვირთად არ დააწვება ქვეყანას. მაგრამ ჯერჯერობით საქართველოს პრეზიდენტს თავისი დამოკიდებულება არ გამოუმჟღავნებია ფავორიტი გენერლის ამგვარი კონცეპტუალური კრიტიკის მიმართ. რაკი მთავარსარდალი დუმს, კომენტარს არც სამხედრო უწყებაში აკეთებენ. სამაგიეროდ, თავის მოსაზრებას აფიქსირებენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართალი და თავისუფლების “ წარმომადგენელი შალვა თადუმაძე ამგვარი დაპირისპირების გამომწვევ მიზეზად მიიჩნევს სამხედრო უწყების მარეგულირებელ კანონმდებლობას, რომელშიც არ არის განსაზღვრული ჯარის სახეობათა ფუნქციები. თადუმაძე აპელირებს თავდაცვის სფეროში ცვლილებათა შესახებ კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს თავად პრეზიდენტმა წარუდგინა:

[შალვა თადუმაძის ხმა] “ამ სახის კონფლიქტი ჩნდება მაშინ, როცა არ არსებობს სფეროების დარეგულირება. ანუ ჩვენ კანონში გვიწერია, რომ გვყავს სახმელეთო ჯარები, მაგრამ მისი ფუნქციები და მმართველობა არ გვაქვს გაწერილი. შესაბამისად, ნებისმიერი მოქმედება იქნება გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც დაინიშნება ამ თანამდებობაზე, მოიქცევა ისე, როგორც გენერალი თათუხაშვილი. ანუ გამომდინარე იქიდან, რომ მისი კაპრიზია ექვემდებარებოდეს ძალიან დიდი ძალა.”(სტილი დაცულია)

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თავიანთი მოსაზრება აღნიშნულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნეს და კიდევ ერთხელ დაიტოვეს იმედი, რომ სამხედრო უწყება არა მხოლოდ საჩვენებელ “პიარ აქციებზე” დაპატიჟებს ექსპერტებს არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, არამედ მათ აზრს მნიშვნელოვან კანონპროექტებზე მუშაობის პროცესშიც გაითვალისწინებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG