Accessibility links

logo-print

ზოგი მას ეროვნულ გმირად, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ მიიჩნევდა, ზოგი ბოროტმოქმედად


ზოგი მას ეროვნულ გმირად, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ მიიჩნევდა, ზოგი ბოროტმოქმედად და ტერორისტად; მას ათწლეულების მანძილზე დევნიდნენ,

სხვადასხვა ქვეყნიდან აძევებდნენ, უკვე ხანდაზმულს კი - მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატად იცნობდნენ. ასეა თუ ისე, ერთი რამ ეჭვს არ იწვევს: იასირ არაფატი, ლაპარაკია კი მასზეა, პალესტინელების ლიდერზე, ჩვენი დროის ყველაზე ცნობილ პიროვნებებს მიეკუთვნებოდა. დიახ, მიეკუთვნებოდა - (პარიზიდან?) გავრცელდა ცნობა, რომ არაფატი ცოცხალი აღარ არის. ის გარდაიცვალა პარიზის მახლობლად, სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც 29 ოქტომბერს მოათავსეს ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო. ვინ იყო იასირ არაფატი, რით დაიმსახურა სხვადასხვაგვარი, ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები, რა გზა განვლო და რა დაუტოვა თავის ხალხს? ამ შეკითხვებზე, ამ საკითხებზე საუბარი მომდევნო დღეებში ბევრჯერ მოგვიწევს. დღეს მარიამ ჭიაურელი არაფატის ბიოგრაფიას გაგახსენებთ.

იასირ არაფატი 75ი წლისა გარდაიცვალა - გარდაიცვალა უცხო მიწაზე, ისევე როგორც 1929ში დაიბადა უცხო მიწაზე - ქაიროში. თუმცა, მის დაბადების ადგილზე სხვადასხვა ვერსია არსებობს - ქაიროზე ბიოგრაფების უმრავლესობა ლაპარაკობს, ზოგჯერ კი ახსენებენ ხოლმე იერუსალიმს, ან ღაზას.

იასირ არაფატი 17ი წლისაც არ იყო (მაშინ ქაიროში ცხოვრობდა), როცა პალესტინაში იარაღის კონტრაბანდას შეუდგა - ლაპარაკია იარაღზე, რომელსაც ბრიტანელებისა და ებრაელების წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებდნენ. იარაღით ვაჭრობაზე ხელი არ აუღია არც უნივერსიტეტის წლებში, ინჟინრის პროფესიის დაუფლებისას. 1958ტ წელს თანამოაზრეებთან ერთად ფატაჰის მოძრაობა დააარსა ისრაელის წინაღამდეგ საბრძოლველად, 60იან წლებში იყო ის, რასაც მეამბოხეს, გნებავთ “ ბოევიკს” უწოდებენ. იმავე პერიოდში დაარსდა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია, რომელიც რამდენიმე იატაკქვეშა ორგანიზაციას აერთიანებდა - მათ შორის ზემოხსენებულ ფატაჰის მოძრაობას.

ისე მოხდა, რომ სწორედ ფატაჰის მოძრაობას აღმოაჩნდა უძლიერესი პოზიცია 1967დ წელს არაბულ სახელმწიფოებთან 6სდღიან ომში ისრაელის გამარჯვების შემდეგ, და ფატაჰის მეთაური იასირ არაფატი უკვე პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის მეთაურად აღზევდა. (შედეგი - ამ ორგანიზაციის გააგრესიულება იყო - იმდენად გააგრესიულება, რომ მასპინძელმა ქვეყანამ, იორდანიამ მისი შეკედლება აღარ მოისურვა და 1971ტ წელს- გააძევა. არაფატის მებრძოლებმა ლიბანს მიაშურეს და იქიდან უკვე ისრაელის მიერ იქნენ გაძევებული, 1982ში. ამჯერად არაფატმა და თანამებრძოლებმა ტუნისს მიაშურეს.)
1987ი წელი, ალბათ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია არაფატის ბიოგრაფიაში: იმ წელს დაიწყო “ინტიფადა” - ანუ, აჯანყება ისრაელის მმართველობის წინააღმდეგ ისრაელის მიერ ოკუპირებულ პალესტინურ ტერიტორიებზე. თარიღი მნიშვნელოვანია ერთი მხრივ იმიტომ, რომ პალესტინელების მძიმე მდგომარეობა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა და მეორე მხრივ - რახან არაფატი აღმოჩნდა ლიდერის პოზილიაში -ის განასახიერებდა პალესტინელების მისწრაფებას სახელმწიფოებრიობისაკენ.
არანაკლებ საყურადღებოა შემდგომი, 1988 წელი: გაეროს საგანგებო სესიაზე, ჟენევაში, არაფატმა დაგმო ტერორიზმი და აღიარა ისრაელის არსებობა. “გვინდა მშვიდობა, გვინდა ვიცხოვროთ ჩვენს პალესტინურ სახელმწიფოში და სხვაებსაც ვაცალოთ ცხოვრება”. ეს არაფატის სიტყვებია, რომელთაც ეხმიანება მის მიერვე პალესტინელების პარლამენტში 2003მ წელს გაკეთებული განცხადება:

“ჩვენ ვაღიარეთ ისრაელის სახელმწიფო და ამ აღიარებას უკან არ წავიღებთ. ისრაელის ხალხს აქვს უფლება იცხოვროს უსაფრთხოების, მშვიდობის, სტაბილურობის პირობებში, პალესტინელი ხალხის გვერდით, რომელიც ასევე ცხოვრობს საკუთარ დამოუკიდებელ სახელმწიფოში - საკუთარ პალესტინურ სახელმწიფოში - ჩვენს რეგიონში სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის პირობებში”.

მაგრამ დავუბრუნდეთ პერიოდს, როცა არაფატმა ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი თქვა. ამას მოჰყვა ისრაელთან დაახლოების პროცესი და 1994ტ წელს - უდიდესი საერთაშორისო აღიარება: მშვიდობის დარგში ნობელის პრემია, რომელიც სამ კაცს ისრაელის პრემიერ-მინისტრ იცხაკ რაბინს, საგარეო საქმეთა მინისტრ შიმონ პერესს და თვით იასირ არაფატს მიენიჭა. 96ში არაფატი პალესტინელთა ადმინისტრაციის პრეზიდენტად აირჩიეს - ამომრჩევლების 87ი პროცენტის ნებით. რამდენად დემოკრატიული იყო არჩევნები, ეს უკვე სხვა საკითხია.

ფაქტი კი ის არის, რომ არაფატის სიცოცხლის ბოლო წლებში ისრაელთან ურთიერთობა ისევ დაიძაბა: 2000 წელს მეორე ინტიფადა დაიწყო, 2001 წლიდან არაფატი ფაქტობრივად, შინა პატიმრობაში მოათავსეს.

კაცმა, რომელიც პალესტინელების დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლის სიმბოლოა, ბოლოს მაინც ვერ მიაღწია მთავარ მიზანს - მოსწრებოდა პალესტინური სახელმწიფოს შექმნას. დაბოლოს იასირ არაფატი იასირ არაფატის შესახებ:

ასე დაახასიათა იასირ არაფატმა საკუთარი თავის 2003მ წელს, საინფორმაციო სააგენტო რეიტერსთან ინტერვიუში. პალესტინელთა ლიდერის ბიოგრაფია მარიამ ჭიაურელმა შემოგთავაზათ.
XS
SM
MD
LG