Accessibility links

ათიათასობით ადამიანმა უკანასკნელად მიაგო პატივი "პალესტინელი ხალხის მამას"


იასირ არაფატი მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ რამალაში დაკრძალეს - სწორედ იქ, სადაც პალესტინელთა ლიდერი ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე გაუსვლელად ცხოვრობდა.

"პალესტინელი ხალხის მამასთან" გამოსათხოვებლად რამალის მუყატის რაიონში ათიათასობით ადამიანი ჩავიდა ავტონომიის სხვადასხვა კუთხიდან. და ჯარისკაცებსა და პოლიციელებს დიდი ჯაფა დაადგათ, ვიდრე აღელვებულ ბრბოს დაიმორჩილებდნენ და არაფატის ცხედარს შვეულმფრენიდან სამხედრო ავტომანქანაში გადაასვენებდნენ, შემდეგ კი - მზის ჩასვლამდე, როგორც ამას მაჰმადიანთა ადათ-წესი მოითხოვს - მიწას მიაბარებდნენ. რამალაში იასირ არაფატის ცხედარი ნაშუადღევს გადაასვენეს ქაიროდან, სადაც დილით პომპეზური სამხედრო პანაშვიდი გაიმართა.

ადამიანს, რომელიც ოთხი ათეული წლის მანძილზე პალესტინელთა წინააღმდეგობის მოძრაობის სიმბოლოდ ითვლებოდა, ეგვიპტის დედაქალაქში სამხედრო პანაშვიდი მოუწყეს. როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, ასეთი პომპეზური პანაშივიდი ეგვიპტეს არ ახსოვს 1981 წლის შემდეგ, როცა ამ ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი ანვარ სადათი დაკრძალეს.

შეკრებილთ, მათ შორის ქაიროში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ არაერთ ლიდერს, მიმართა ეგვიპტის მაჰმადიანთა უმაღლესმა სასულიერო პირმა მოჰამედ საიდ ტანტავიმ. მან თქვა, რომ იასირ არაფატმა პირნათლად მოიხადა თავისი ვალი თანამემამულეთა წინაშე. ეგვიპტის შეიარაღებული ძალების ოკრესტრმა სამგლოვიარო მარში შეასრულა.

[სამგლოვიარო მარში]

პანაშვიდს 60-მდე ქვეყნის ოფიციალური დელეგაციები დაესწრნენ. მათ შორის არ იყო ისრაელის წარმომადგენელი. ისრაელის მთავრობას არც რაიმე ოფიციალური სამძიმარი გამოუთქვამს პალესტინელი ხალხისთვის. მე იერუსალიმში დავურეკე ჩვენს იქაურ კორესპონდენტს მერი ამშიკაშვილს და ვკითხე, ხომ არ გაუჭირდება თელ-ავივს პალესტინელებთან სამშვიდობო მოლაპარაკების განახლება მათი კერპის მიმართ საკუთარი პოზიციის ასეთი აშკარა გამოხატვის შემდეგ.

ინტერვიუ მერი ამშიკაშვილთან (იხ. აუდიოვერსია)

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG