Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფალუჯაში ბრძოლები გრძელდება - ამბოხებულები ქალაქიდან გაქცევას ცდილობენ


ერაყის ქალაქ ფალუჯაში ისევ გრძელდება ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითებისა და ერაყის შეიარაღებული ძალების ერთობლივი სამხედრო ოპერაცია.

უკანასკნელი ცნობების თანახმად, კოალიციური ძალები თითქმის მთელ ქალაქს აკონტროლებენ. ფალუჯაში მხოლოდ მეამბოხეთა წინააღმდეგობის რამდენიმე კერა შემორჩა და ისინი გააფთრებით ცდილობენ ალყის გარღვევას და ქალაქიდან გაღწევას. მათ ვერც ის ეხმარება, რომ ექსტრემისტებს, სამხედრო ოპერაციის შეჩერების მოთხოვნით, მძევლებად ჰყავთ აყვანილი ერაყის პრემიერ-მინისტრის იად ალავის ნათესავები.

ბაღდადში ექსტრემისტებმა კიდევ ერთი ამერიკელი გაიტაცეს, - იტყობინება ტელეკომპანია ”ალ-ჯაზირა”. ექტრემისტებს რამდენიმე უცხოელთან ერთად გატაცებული ჰყავთ ერაყის პრემიერ-მინისტრის ბიძაშვილი ღაზი ალავი და მისი ოჯახის წევრები. ”ჯიხადის მომხრეები” -ასე ჰქვია იმ ორგანიზაციას, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო ალავის ნათესავების დატყვევებაზე და 48 საათის განმავლობაში ფალუჯის შტურმის შეწყვეტა და დაპატიმრებული მეამბოხეების გათავისუფლება მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექსტრემისტები მძევლებისათვის თავების მოკვეთით იმუქრებიან.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკა ყველაფერს აკეთებს მძევლების სწრაფად და უპირობოდ გასათავისუფლებლად. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე სამხედრო ოპერაციის შეჩერებას აპირებს:

[დონალდ რამსფელდი ] ”არ ღირს პროგნოზების გაკეთება იმაზე, რამდეხანს გაგრძელდება ოპერაცია. ის გაგრძელდება, სანამ ეს საჭირო იქნება, დამთავრდება წარმატებით და ფალუჯა მომავალში აღარ იქნება ტერორისტებისა და ექსტრემისტების თავშესაფარი.”

ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი. ამერიკელი სამხედრო ხელმძღვანელობა იტყობინება, რომ ფალუჯაში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქში დარჩენილ მეამბოხეთა რაზმებსა და კოალიციურ ძალებს შორის. ექსტრემისტების ნაწილმა ფალუჯიდან გაქცევა შეძლო. როგორც ჩანს, მათ შორის იყო ბინ-ლადენის წარმომადგენელი აღმოსვლეთში აბუ ზარყავიც.

[დონალდ რამსფელდი ] ”მე ეჭვი არ მეპარება, რომ მეამბოხეთა მცირე ნაწილმა, მართლაც, დატოვა ფალუჯა სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე. ისიც ვიცით, რომ არიან ასობით სხვებიც, რომლებმაც ეს არ გააკეთეს და ჩვენ ისინი გავანადგურეთ ან შევიპყარით.”

კოალიციურმა ძალებმა დღემდე 3000-მდე მეამბოხიდან 600 გაანადგურეს, მაშინ როდესაც შეერთებული შტატების სამხედროებმა 18 ჯარისკაცი დაკარგეს, დაჭრილია 178. ასევე დაღუპულია 5 ერაყელი ჯარისკაცი და 34 -დაჭრილი.

ექსტრემისტებისგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ ფალუჯის დიდ ნაწილში უსაფრთხოების ძალები გადამალულ მეამბოხეებსა და მათ მიერ ადრე გატაცებულ მოქალაქეებს ეძებენ. ერაყელმა ჯარისკაცებმა ფალუჯაში იპოვეს შენობა, სადაც ექსტრემისტები უცხოელ მძევლებს თავებს კვეთდნენ და ამას ვიდეოფირზე იღებდნენ. იქვეა ნაპოვნია მძევლების სიები და თავის მოკვეთის ამსახველი ვიდეოფირები.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ფალუჯაში ამერიკელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს 20 აგვისტოს 2 ფრანგ ჟურნალისტთან ერთად გატაცებული სირიელი მძღოლი. მან თქვა, რომ გამტაცებლებმა ის ფრანგ ჟურნალისტებს 1 თვის წინ დააშორეს.
XS
SM
MD
LG