Accessibility links

logo-print

დაპირისპირება თბილისის სასულიერო აკადემიაში


“...აღარ გვსურს ჩუმი და გულგრილი მოწმენი ვიყოთ მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით ეკლესიის წინააღმდეგ მიზანდასახული ან, თუნდაც, გაუცნობიერებელი ბრძოლისა;

აღარ გვსურს, შევურიგდეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სიწმინდით მოვაჭრეებს, მისი სახელის მიმტაცებლებს.” - ეს არის მცირე ამონარიდი იმ წერილიდან, რომელიც თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტთა 23 კაციანმა ჯგუფმა გაზეთ “24 საათის” 8 ნოემბრის ნომერში გამოაქვეყნა და რამაც სასულიერო აკადემიის ხელმძღვანელთა დაუფარავი რისხვა გამოიწვია. საქმე ლამის სტუდენტების სასწავლებლიდან გარიცხვამდეც კი მივიდა, თუმცა, მღვმდელმსახურთა ერთი ნაწილისა და საზოგადოებრივი აზრის ზეწოლის შედეგად, სტუდენტები, როგორც ჩანს, ამჯერად სასწავლებლიდან მოკვეთას გადაურჩნენ.

ისმის სტუდენტთა ხმები:
“რატომ არ მოვედით ჩვენ თქვენთან? იმიტომ, რომ ავანტურისტები ხართ!”
“რას ნიშნავს ავანტურისტები?”
“შენ საზღვარგარეთ, ევროპაში ნაცხოვრები ხარ?”
“არა. აუცილებელია ევროპაში ვიყო ნამყოფი?”
“პროევროპული კურსის გატარება გინდათ, არა?”
“არანაირი პროევროპული ჩვენ არ გვინდა, ჩვენ გვინდა მართლმადიდებლური…”

ასე კამათობდნენ თბილისის სასულიერო აკადემიის წინ შეკრებილი ახალგაზრდები იმ დროს, როცა სასწავლებლის რექტორატი განსხვავებულად მოაზროვნე სტუდენტების მომავალ ბედზე მსჯელობდა. გაზეთში გამოქვეყნებულ წერილზე ხელისმომწერ სტუდენტებს, რექტორატის გარდა, სხვა სტუდენტებიც დაუპირისპირდნენ. ისინი ეკლესიაში პრობლემების არსებობას არ უარყოფენ, მაგრამ რატომღაც მათ შესახებ საჯარო მსჯელობას გამართლებულად არ მიიჩნევენ.

[სემინარიის სტუდენტის ხმა] “პრობლემა შეიძლება არის, მაგრამ ეს არის შიგნით გადასაწყვეტი პრობლემები. ამ საკითხების გამოტანა არაეკლესიური საზოგადოების წინაშე გამოიწვევს აზრთა აღრევას, რასაც ვხედავთ აქ და რაც იყო ამ წერილის მიზანი. ჩვენი მიზანია, რომ ეს მოექცეს ეკლესიური სამართლის ჩარჩოებში.”

მაგრამ, როგორც სემინარიის მეოთხე კურსის სტუდენტი მიხეილ ცირდავა ჩემთან საუბარში აცხადებს, ის და მისი მეგობრები გაჩუმებას აღარ აპირებენ; ისინი გულგრილნი ვერ დარჩებიან იმის მიმართ, თუ როგორ მახინჯდება დოგმატური და ეკლესიოლოგიური სწავლება, ხოლო მორალის, პოლიტიკის, კულტურის და მეცნიერების მიმართ დამოკიდებულება როგორ იძენს უკიდურესად ფანატიკურ ხასიათს:

[მიხეილ ცირდავას ხმა] “იქ მოქცეულია ისეთი კლანი, რომელიც არათუ ზნეობრივად, არამედ ელემენტარულად არანაირ ადამიანურ კატეგორიას არ შეესაბამება. ჩვენ გვინდა, ღიად განვაცხადოთ საზოგადოებაში, რომ ეკლესიაში არ არიან ისეთი საღად მოაზროვნე ადამიანები - შეიძლება იცოდნენ ინფორმაციულად, თუ რა ხდება, მაგრამ შიშის გამო ხმას ვერ იღებენ. ჩვენ ვართ სტუდენტები, რომლებსაც გვინდა, რომ საჯაროდ განვაცხადოთ, თუ რა ხდება საქართველოს ეკლესიაში და რა ხდება ჩვენს სასწავლებელში. ეს მდგომარეობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს.”

მდგომარეობა რომ სწრაფად ვერ შეიცვლება ეს საპატრიარქოსა და სემინარიის რექტორატის გადაწყვეტილებებიდანაც კარგად ჩანს. სტუდენტებთან პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, საპატრიარქომ ტრადიციულად დუმილი ამჯობინა, ხოლო სემინარიის ხელმძღვანელობამ მიზანშეწონილად მიიჩნია სტუდენტები გაეფრთხილებინა, რომ მსგავსი საქციელის განმეორების შემთხვევაში მათ აუცილებლად გარიცხავენ სასწავლებლიდან:

[დეკანოზ გიორგი ზვიადაძის ხმა] “მტკივნეულია ჩვენი სტუდენტების ამგვარი ქმედება. ჩვენ გვსურს, რომ ისინი მიხვდნენ საკუთარი ქმედების უმართებულობას და კიდევ ერთხელ სასწავლებელი წავიდეს დათმობაზე და მოხდეს მათი გაფრთხილება, რომ მსგავი ქმედების გამეორების შემთხვევაში ისინი აუცილებლად გაირიცხებიან სასწავლებლიდან.”

თუმცა, გაფრთხილების მიუხედავად, სტუდენტები გაჩუმებას აღარ აპირებენ. “ჩვენ ვსარგებლობთ სიტყვისა და აზრის გამოხატვის სწორედ ღვთითბოძებული თავისუფლებით, რათა ამ გზით შეძლებისდაგვარად დავაჩქაროთ ეკლესიაში არსებული პრობლემების გადაჭრა”, ამბობენ თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის სტუდენტები.
XS
SM
MD
LG