Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რექტორის არჩევნების გამო სტუდენტები ერთმანეთს უპირისპირდებიან


გავრცელებული ინფორმაცია 11 ნოემბერს სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტის დაჭრის თაობაზე ერთგვარ გაუგებრობას ქმნის. უცნობია დაჭრილის ვინაობა,

მაშინ როცა გახმაურდა, ასე ვთქვათ, დამჭრელის სახელი და გვარი. დამნაშავედ დასახელებული დაჩი ცაგურია ძალიან გაკვირვებულია, თუ რატომ დააბრალეს მას არმომხდარი დანაშაული. უნივერსიტეტის სტუდენტები ინფორმაციას არ ფლობენ. სამაგიეროდ, საუბრობენ განხეთქილებაზე, რომელმაც რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით იჩინა თავი.

გავრცელებული ინფორმაციით, 11 ნოემბერს სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტმა დაჩი ცაგურიამ თანატოლი დაჭრა. თუმცა ზეპირსიტყვიერად დამნაშავედ აღიარებულ ცაგურიას თავადაც ძალიან აინტერესებს, თუ ვინ დაჭრა მან:

(დაჩი ცაგურიას ხმა) ”არავინ არ დაჭრილა, რა ვიცი. მე როგორც მეუბნებიან, ვერავინ ვერ ნახეს ეგეთი. მეც ძალიან მაინტერესებს, ვინ დავჭერი მე. მინდა, რომ ვიცოდე.”

სტუდენტის თქმით, ინფორმაცია მისი დამნაშავეობის შესახებ მას ტელეფონით აცნობეს:

(დაჩი ცაგურიას ხმა) ”მცხეთაში მივდიოდით, სვეტიცხოველში, მე და ჩემი მეგობრები და უცებ გასკდა ტელეფონი, რომ: ეს რა მომხდარა და ეს რა მოგსვლია და... რა მომსვლია-მეთქი?! და დაჭერი ვიღაცა კისერშიო.” (სტილი დაცულია)

ამ უთავბოლო გაურკვევლობის ფონზე დაჩი ცაგურია, რომელიც 12 ნოემბერს უნივერსიტეტში ჩვეულებრივად გამოცხადდა, თავს დაუცველად გრძნობს და საზოგადოების მხარდაჭერას ითხოვს:

(დაჩი ცაგურიას ხმა) ”დღეს ვარ როგორი გაუბედურებული ადამიანი, იცით, მე?! გულწრფელად გეუბნებით. თურმე დაჩი ცაგურია, იმის გამო, რომ უნივერსიტეტის რექტორი ვიღაც გახდეს, ხალხს კისრის არეში ჭრის და იარაღით დადის... იცით, როგორ იმოქმედა ამან?! გეხვეწებით, რა - ახლა მე მჭირდება დაცვა, საზოგადოებას ვთხოვ, ხალხს ვთხოვ...” (სტილი დაცულია)

უნივერსიტეტის ბაღში მოსიარულე სტუდენტები დაჭრის ფაქტის გარშემო ინფორმაციას არ ფლობენ:

(სტუდენტების ხმები) ”ვერ გეტყვით, არ ვიცი.../ არ ვიცი არც მე.../ არ ვიცი.../ გადმოცემით, აქ უნდა მომხდარიყო, ეზოში, მაგრამ არ ვიცი ზუსტად.../ რა ვიცი, ჩვენს აქ ყოფნაში არაფერი არ მომხდარა და რა ვიცი.../ სულ ვრცელდება ხმები. რო რამე მომხდარიყო, გავიგებდით - ბიჭები, მით უმეტეს...” (სტილი დაცულია)

რატომ და ვის უნდა დასჭირვებოდა, ცაგურიასთვის ამხელა დანაშაული დაებრალებინა? თუმცა დადის ხმა, რომ სტუდენტებს შორის დაპირისპირება უნივერსიტეტის რექტორის მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით სულ უფრო მწვავდება და დაჭრის ფაქტის გამოგონებაც, ნაწილობრივ, ამ პროცესს უკავშირდება. საქმე ის გახლავთ, რომ დაჩი ცაგურია თავმჯდომარეა სტუდენტთა და ასპირანტთა ლიგისა, რომელმაც რექტორობის კანდიდატად რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე, ენათმეცნიერი მიხეილ ქურდიანი წამოაყენა.

როგორც მათი თანატოლები ამბობენ, სტუდენტთა ამ ჯგუფსა და რუსუდან ლორთქიფანიძის მხარდამჭერ ახალგაზრდებს შორის საკმაოდ მწვავე დაპირისპირება არსებობს. შეგახსენებთ, რომ რუსუდან ლორთქიფანიძე, უნივერსიტეტის ამჟამინდელი პრორექტორი და იტალიაში საქართველოს ყოფილი ელჩი, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დასახელებული კანდიდატურაა და მას ამჟამად მხარს სტუდენტური კლუბი უჭერს. საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი სწორედ ამ დაპირისპირებაზე საუბრობს:

(სტუდენტი გოგონას ხმა) ”კარგად მოგეხსენებათ, უნივერსიტეტში დაპირისპირებაა ორ მხარეს შორის: ერთი დაჯგუფება - ხელისუფლების მიერ იმართება და მეორე - ყოფილი კორუმპირებული... აი, როინ მეტრეველისა და მისი კლანის მიერ. ეგენი ცდილობენ თავისი გავლენის შენარჩუნებას უნივერსიტეტში.” (სტილი დაცულია)

თუმცა სტუდენტები მიიჩნევენ, რომ ამგვარი განხეთქილების გამართლება შეუძლებელია:

(სტუდენტი გოგონას ხმა) ”არაფერი - და, მით უმეტეს, რექტორის არჩევნები - არ ღირს იმად, რომ სტუდენტებში მოხდეს ასეთი სერიოზული განხეთქილება.”(სტილი დაცულია)

არსებობს მოსაზრება, რომ ეს უბრალო ახალგაზრდული დაპირისპირება არ არის და რომ მათ მიღმა მწვავედ დაპირისპირებული ბიძიები და დეიდები იმალებიან.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG