Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირაში აქტუალობით გამოირჩეოდა სამხრეთ კავკასიის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის პრობლემა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გასულ კვირაში აქტუალობით გამოირჩეოდა სამხრეთ კავკასიის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის პრობლემა, აგრეთვე, საქართველოში არსებული კონფლიქტები.

ამასთან ერთად, პრესის ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა “ფინანსური ამნისტია” და ქვეყნის მართვის ზოგადი პრობლემა.
გაგაცნობთ რამდენიმე პუბლიკაციას.

კვირის დასაწყისში თბილისში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის იგორ ლევიტინის შეხვედრა, რომელიც ფოთი-კავკაზის საბორნე გადასასვლელის აგებას, ამიერკავკასიის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენასა და რუსეთ-საქართველოს შორის საავტომობილო და საჰაერო მიმოსვლის პრობლემის მოგვარებას მიეძღვნა.

2 ნოემბრის გაზეთი “ხვალინდელი დღე” წერს: “მოლაპარაკებების ძირითადი თემა ამიერკავკასიის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა გახლდათ. ზურაბ ჟვანიას თქმით, საქართველოს მხარემ არ გაიზიარა რუსეთის ინიციატივა აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე. დღემდე საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მხრიდან სარკინიზგო მიმოსვლის აღდგენის მოთხოვნას გალში ლტოლვილების დაბრუნების ულტიმატუმს უპირისპირებს. პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია კვლავაც უცვლელია. საქართველოს მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო ხაზის გახსნას აზრი ექნება, როცა აფხაზეთში ვითარება დარეგულირდება.

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი კი შეხვედრის შემდეგ ამიერკავკასიის სარკინიგზო ხაზის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს. მან განაცხადა: “თუ ჩვენ არ გავერთიანდებით და არ აღვადგენთ ისტორიულ სატრანსპორტო კორიდორებს, ჩვენი ქვეყნები დაკარგავენ ტვირთებს, ხალხი კი - სამუშაო ადგილებს.”

2 ნოემბრის გაზეთი “რეზონანსი” გვთავაზობს “აფხაზეთის წინააღმდეგობის კომიტეტის” თავმჯდომარის ზურაბ სამუშიას მოსაზრებას. კერძოდ, იგი აცხადებს: “...თუ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა დავიწყეთ, ვერანაირად ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას ფსოუ-ენგურის მონაკვეთამდე ამ ტვირთების უსაფრთხოდ გატარებაზე. თუ ამ გარანტიას აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა აიღებს, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ვცნობთ აფხაზეთის კრიმინალურ-სეპარატისტულ ხელისუფლებას.

რაც შეეხება დადებით ფაქტორებს, ამ რკინიგზის გაჩერებით რუსეთი ერთ წელიწადში კარგავს, სულ მცირე, 11 მილიონ დოლარს. ხოლო თუ საქართველო აფხაზეთში იურისდიქციის აღდგენის შემდეგ რკინიგზის ამ მონაკვეთს აამოქმედებს, ჩემი გათვლებით, საქართველოს ბიუჯეტი 1 მილიარდ ლარს მიიღებს.”

“რეზონანსის” ინფორმაციით, იგივე მოსაზრება აქვს ექსპერტს კონფლიქტების საკითხებში პაატა დავითაიას, რომელიც, ამასთან, ამბობს, რომ “ამ ეტაპზე რკინიგზის გახსნით აფხაზები მიიღებენ უდიდეს შემოსავალს, რაც სეპარატისტული მთავრობის გაძლიერებას ნიშნავს.”

რას წერდა გასულ კვირაში პრესა აფხაზეთში შექმნილ ვიათრებასთან დაკავშირებით? 4 ნოემბრის გაზეთ “ხვალინდელი დღის” თქმით, “სოხუმი მოსკოვს საკუთარ პირობებს უყენებს. ბაღაფში განმეორებით არჩევნებს არ თანხმდება.”

გაზეთი წერს: “სოხუმში განვითარებული მოვლენები მეტყველებს, რომ რუსულ-აფხაზურ და, შესაბამისად, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში ახალი ერა დაიწყო. თბილისში გაუჩნდათ იმედი, რომ, აფხაზი ერის ინტერესებიდან გამომდინარე, ბაღაფში საქართველოსთან დიალოგზე უარს არ იტყვის და “გაყინული” კონფლიქტი ლღობას დაიწყებს.”

“ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახლა აფხაზური საზოგადოება ღიაა და დიალოგისთვის მზად არის. მთავარია, ქართულმა მხარემ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს რეალურად შეხედოს, თვალი შორიდან ადევნოს და ის შეცდომები არ გაიმეოროს, რაც წლების წინ დაუშვა - აფხაზებს ძალისმიერი პოზიციებიდან არ ესაუბროს. დღეს მსგავს შეცდომებს რუსეთი უშვებს, თუმცა მას ჯერ ყოფნის გამჭრიახობა, ძალისმიერი მეთოდები არ გამოიყენოს.”

რაც შეეხება ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებსა და სოჭში გამართულ შეხვედრას, 6 ნოემბრის გაზეთი “24 საათი” წერს:

“20 ნოემბრამდე ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონა იქ მყოფმა ყველა სახის შეიარაღებულმა ფორმირებამ უნდა დატოვოს, გარდა სამმხრივი სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებისა, - ეს არის ის ერთადერთი შეთანხმება, რაც პრემიერ-მინისტრ ჟვანიასა და სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის სოჭში გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღწეული.

გუშინდელ შეხვედრაზე, რომლის შედეგიანობასაც თბილისში იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებდნენ, არ მოხდა საქართველოს მხარის მთავარი მოთხოვნის განხილვაც კი: პირველი, რასაც საქართველოს მხარე ყველა დონის მოლაპარაკებაზე ითხოვს, როკის გვირაბის გაკონტროლების უფლებაა.”

“საბოლოოდ, სოჭში გამართული კონსულტაციები ერთობლივ დოკუმენტზე ხელმოწერით დასრულდა. ოსურმა მხარემ მთავარ მიზნად პირველად აღიარა კონფლიქტის ზონაში არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტა, არამედ კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგება.”

გასულ კვირაში პრესა საუბრობდა ფინანსური ამნისტიის თემაზე. 3 ნოემბრის გაზეთი “ხვალინდელი დღე” წერს: “ფინანსური პოლიცია მეწარმეების მასობრივ შემოწმებასა და რეკეტს ეწევა”, - ასეთ განცხადებას აკეთებენ ხელისუფლების ოპოზიციაში მყოფი დეპუტატები, რომლებსაც შევიწროებულმა მეწარმეებმა დახმარებისთვის მიმართეს.

მაკონტროლებლები ცდილობენ, ფინანსური ამნისტიის გამოცხადებამდე მოასწრონ და ბიზნესმენებს გადასახადების დამალვისთვის ჯარიმები დაარიცხონ.”

გაზეთის ცნობითვე, “ფინანსთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ფინანსური ამნისტია ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომელიც ადამიანების თანასწორობის პრინციპს გულისხმობს.”

წერილში ნათქვამია: “ნებისმიერი ამნისტია კანონის უზენაესობის პრინციპს არღვევს. ამ დროს უგულებელყოფილია კერძო სამართლის პრინციპები. კანონის დამრღვევი პირების საქმიანობის შედეგების ლეგალიზებით სახელმწიფოს კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა სფეროში შეაქვს არაკანონიერად მოპოვებული ქონება.”

“ფინანსთა სამინისტროს ამნისტიის ფინანსური ეფექტი, მისი სირთულიდან გამომდინარე, ჯერ არ განუსაზღვრავს. თუმცა გარკვეულია, რომ მიღებული შემოსავლები ხაზინაში არასაგადასახადო შემოსავლების ანგარიშზე ჩაირიცხება და, ჩვეულებრივი წესით, საბიუჯეტო მიზნებისთვის გაიხარჯება.”

4 ნოემბრის გაზეთი “24 საათი” მიიჩნევს, რომ “დოკუმენტი, რომელიც “ფინანსური ამნისტიის” სახელით არის ცნობილი, საფუძვლიან დახვეწას მოითხოვს.”

გაზეთი წერს: “წინააღმდეგ შემთხვევაში, “შავი ფულის” გათეთრება საქართველოში უპრობლემოდ მოხდება და ამით ჩვენი ქვეყანა მთელი მსოფლიოს კრიმინალური სინდიკატებისთვის ნამდვილ სამოთხედ იქცევა.

ამასთან, ფულის “გათეთრებისთვის” ასეთი დიდი ხვრელის დატოვება ძალიან გააღიზიანებს ევროკავშირს, რომლის რეკომენდაციითაც საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ზაფხულში მიიღო კანონი “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ”.

5-6 ნოემბრის გაზეთი “ახალი ვერსია” რამდენიმე კრიტიკულ პუბლიკაციას უძღვნის ქვეყნის მართვის მნიშვნელოვან პრობლემას. ერთ-ერთი წერილის სათაურია “პატარა ბიჭების ხელისუფლება”. გაზეთის თქმით, “მათი რიცხვი ხელისუფლებაში საგრძნობლად დიდია, ასაკი - შესამჩნევად პატარა. ისინი სხედან საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამდებობის პირების დიდ სავარძლებში. მართავენ ქალაქებს, მხარეებს, სამინისტროებს, იღებენ საქვეყნო გადაწყვეტილებებს, აქტიურობენ ტელეკამერების წინ (ზოგჯერ პოზიორობენ) და იზრდებიან პირდაპირი მნიშვნელობითაც.”

წერილში ვკითხულობთ: “რევოლუციის შედეგად მოსული ხელისუფლება რეალურად პატარა ბიჭების ხელისუფლებაა - ეს არის დიდი ცდუნებების წინაშე მდგარი ახალგაზრდა გუნდი, რომლის საქმიანობასაც უკვე არაერთხელ შეეხო არცთუ უსაფუძვლო კრიტიკა.
გაამართლა თუ არა 25 წლის ახალგაზრდების წამოსკუპებამ მთავრობაში და მათთვის მართვის ბერკეტების გადაცემამ? რევოლუციის ერთი წლის თავზე ყველაზე იმედიანად განწყობილი ადამიანებიც კი ატყობენ, რომ პატარა ბიჭებს ქვეყნის მართვა, ცოტა არ იყოს, გაუჭირდათ. გაუჭირდათ ლიდერებსაც - დამოუკიდებლობიდან 15 წლის შემდეგ ქვეყანაში პროფესიონალი კადრები სანთლითაა საძებნი.”
XS
SM
MD
LG