Accessibility links

logo-print

ლონდონის ფორუმით მთავრობა უცხოელი ინვესტორების საქართველოში ”შემოტყუებას” შეეცადა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას საქართველოს მთავრობა, წარმომადგენლობითი დელეგაციითა და ბიზნესმენების თანხლებით, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ ცენტრს, ლონდონს,

სტუმრობდა და ცდილობდა დასავლური კაპიტალი ქვეყანაში ინვესტიციების დაბანდების საიმედოობაში დაერწმუნებინა. ლონდონიდან დაბრუნებული ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებიდან გამომდინარე, მათ უცხოელი ინვესტორების გარკვეული სიმპათიის დამსახურება შეძლეს.

თავად ბიზნესკონფერენცია”Invest in Georgia“ ევრობანკისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული და იგი ორი დღე გრძელდებოდა. ქართულ ოფიციოზს ლონდონში პრემიერი ზურაბ ჟვანია, ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსთა მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მაღალი რანგის ძალოვნებიც კი წარმოადგენდნენ, თუმცა ამ უკანასკნელთა როლი და ფუნქცია ინვესტიციების მოზიდვის თემასთან დაკავშირებით იმთავითვე გაურკვეველი იყო.

”საქართველო ბიზნესის საკეთებლად კომფორტული ქვეყანაა,” - ამ სიტყვებით გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ კონფერენცია. ”დარწმუნებული ვარ, საქართველოში იპოვით უამრავ შესაძლებლობას თქვენი ბიზნესის განვითარებისა და წარმატების მისაღწევად“, - ამგვარად მიმართავდა ჟვანია კონფერენციაზე დამსწრე 250-მდე უცხოელ ბიზნესმენს და მათ ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროებში ინვესტიციების დაბანდებისკენ მოუწოდებდა. მთავრობა შეეცადა ლონდონში კონკრეტული ობიექტების მიმართ ინვესტორების ინტერესი გაეღვივებინა. ეს, ძირითადად, ის ობიექტები გახლავთ, რომელთა პრივატიზებას ხელისუფლება უახლოეს მომავალში გეგმავს.

კონფერენციაზე საქართველოს მთავრობამ იმ რეფორმებზეც ისაუბრა, რომელსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლება ახორციელებს. ჟვანია ფიქრობს, რომ ”საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალზედ საჭირო, მაგრამ სარისკო გადაწყვეტილებები მიიღო.“ პირველ რიგში, აქ, ალბათ, ფისკალურ სფეროში მოსალოდნელი რეფორმა და ფინანსური და საგადასახადო ამნისტია უნდა ვიგულისხმოთ, რომელთა მიმართ საქართველოში დამოკიდებულება არაერთგვაროვანია.

ამგვარ კონფერენციებს, ბუნებრივია, აქვს მნიშვნელობა და იგი, ძირითადად, ქვეყანაში შექმნილი თუ მოსალოდნელი ბიზნესგარემოს საერთაშორისო ფინანსური საზოგადოებისათვის გაცნობას ისახავს მიზნად. ასევე საგულისხმოა, რომ საქართველოს ისტორიაში ლონდონის ფორუმი პირველი ამ ტიპის ღონისძიებაა, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმართება. ამას პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებით უსვამს ხაზს:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] „რაც მთავარია, ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ასეთი მასშტაბის საინვესტიციო კონფერენცია. ევრობანკი მუშაობდა რამდენიმე თვე და ასობით უმსხვილესი ევროპული ფირმა და კომპანია იქნება წარმოდგენილი. თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ინტერესი და იმედი მაქვს, რომ ბევრი მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოში ინვესტიციების განხორცილების შესახებ.“

მიუხედავად იმისა, რომ, თუ მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებებს ვერწმუნებით, ლონდონის ფორუმმა წარმატებით ჩაიარა, ბუნებრივია, ამ ღონისძიებიდან მყისიერ შედეგს არ უნდა ველოდეთ, ანუ არ მოხდება ისე, რომ ბიზნესკონფერენციის უცხოელმა მონაწილეებმა ხვალვე დაიწყონ თავიანთი კაპიტალის დაბანდება საქართველოში და ქვეყანა ”საინვესტიციო წვიმის” ქვეშ აღმოჩნდეს. ეს მოლოდინი ჯერ ზაფხულში გამართულმა ”რუსეთ-საქართველოს ბიზნესკონფერენციამ” და შემდეგ კი თურქი მილიონერების თბილისურმა ვოიაჟმა გააქარწყლა. კაპიტალი, როგორც წესი, მხოლოდ დაპირებებით არ კმაყოფილდება და ინვესტიციებიც მაშინ იწყებს შემოდინებას, როდესაც ამისათვის ყველა ობიექტური წინაპირობა უკვე არსებობს. ფორუმის უეცარ შედეგს და შესაბამის პერსპექტივას მყისიერად არც ეკონომიკური განვითარების მინისტრი კახა ბენდუქიძე ვარაუდობს:

[კახა ბენდუქიძის ხმა] „პოზიტიური განწყობა არის. ცხადია, ამნაირი ფორუმების შედეგად უცბად არავინ არ ჩამოდის და ჩვენ ამის იმედი არასოდეს არ უნდა გვქონდეს. ეს არის იმისათვის, რომ ჩვენ გავაცნოთ... ლონდონი არის უდიდესი ფინანსური ცენტრი მსოფლიოში - შეიძლება ითქვას, ორიდან ერთი უმსხვილესი ცენტრი - და ჩვენი მიზანი იყო ამ ფინანსურ ცენტრს სცოდნოდა, თუ რა ხდება საქართველოში.”

მოკლედ, მთავრობამ ევროპის უმსხვილესი ფინანსური ცენტრი წარმატებით ”დალაშქრა” და ახლა ამ ტიპის ღონისძიების აშშ-ში გამართვასაც გეგმავს, რათა ოკიანისგაღმელთა ყურადღება მიიქციოს. თუმცა მხოლოდ ფორუმებით და ბიზნესკონფერენციებით ინვესტიციების მოზიდვა შეუძლებელია, თუ ის შეპირებები, რასაც ხელისუფლების წარმომადგენელები ამ კონფერენციაზე იძლეოდნენ, რეალობად არ იქცა. აქვე გასათვალისწინებელია ინტერესიც ადგილობრივი ბიზნესისა, რომელსაც, უცხოელთა მსგავსად, ნოყიერი ნიადაგი უნდა შეექმნას თავისი პროექტების წარმატებით განსახორციელებლად.

სერთოდ ინვესტიციების მოსაზიდად კი, გარდა უდავოდ მნიშვნელოვანი საგადასახადო რეფორმისა, საჭიროა სხვა საკანონმდებლო ინიციატივებიც, რომელმაც ბაზარზე კონკურენტული გარემო უნდა შექმას, გააადვილოს საქმის დაწყება და გაფართოება და ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერები მოუხსნას მეწარმეებს. ყოველივე ეს, სტაბილურ პოლიტიკურ ფონთან, გამართულ სასამართლო სისტემასა და ფუძემდებულურ სამოქალაქო ფასეულობებთან ერთად, წარმოადგენს იმ ბაზისს, რაც საქართველოს - არა დეკლარირებულად, არამედ რეალურად - ბიზნესის კეთებისათვის კომფორტულ ქვეყნად გადააქცევს.
XS
SM
MD
LG