Accessibility links

სოხუმში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ელიან


თამარ ჩიქოვანი, თბილისი სოხუმიდან მოსული ცნობებით, ქალაქში მშვიდი ვითარებაა. სახელმწიფო დაწესებულებებს სერგეი ბაღაფშის მომხრეები იცავენ, რაულ ხაჯიმბას მომხრეები დახმარებას მოსკოვს სთხოვენ,

სოხუმის ხელისუფლების ლიდერი ვდალისლავ არძინბა კი თვითაღიარებულ რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ გამორიცხავს. ის, რაც 12 ნოემბერს სოხუმის ცენტრში მოხდა, ზოგის აზრით, შეიარაღებული გადატრიალებაა, სხვათა აზრით კი - ხალხის მიერ საკუთარი არჩევანის დაცვის მცდელობა.

რა მოხდა სოხუმში - სახალხო რევოლუცია თუ სამხედრო გადატრიალება? - პასუხის გაცემა ამ კითხვაზე მხოლოდ აფხაზური მოვლენების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამ ეტაპზე კი თავისდაუნებურად ჩნდება ანალოგიების მოძებნის სურვილი სოხუმის მოვლენებსა და ამ ერთი წლის წინ თბილისში მომხდარ „ხავერდოვან რევოლუციას“ შორის.
ერთი მსგავსება თვალსაჩინოა: თბილისშიც და სოხუმშიც მასობრივი პროტესტის მიზეზად თუ საბაბად არჩევნები იქცა. თბილისშიც და სოხუმშიც წყდებოდა და წყდება პოლიტიკური ელიტის საკითხი. თბილისშიც და სოხუმშიც საზოგადოებაში დიდი იყო და არის სიახლის მოთხოვნილების მუხტი.
რაც შეეხება განსხვავებას - თბილისში მოვლენები უმსხვერპლოდ დასრულდა. სოხუმში მსხვერპლი უკვე არის - 78 წლის თამარ შაკრილი აფხაზეთში საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. თბილისისგან განსხვავებით, აფხაზეთში ბევრია შეიარაღებული ადამიანი - შესაბამისად, პოლიტიკური კრიზისის შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაზრდის საფრთხე საკმაოდ დიდია.
ერთმანეთს ჰგავს ხელისუფალთა ტაქტიკაც: თავის დროზე ედუარდ შევარდნაძემაც სცადა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თუმცა იმთავითვე ნათელი იყო, რომ „მისია შეუსრულებელი“ იქნებოდა. დღეს სოხუმიდან მოსული ცნობებით, აფხაზეთში საგანგებო ვითარების გამოცხადების შესაძლებლობას არ გამორიცხავს მოქმედი პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა, რომელიც სოხუმში განვითარებულ მოვლენებს სამხედრო გადატრიალებად აფასებს. იგივე აზრი აქვს მოქმედ პრემიერს ნოდარ ხაშბას:

[ ნოდარ ხაშბას ხმა] „ მოხდა - მოდით, პირდაპირ ვთქვათ - სამხედრო გადატრიალება. ის, რომ მინისტრთა კაბინეტის შენობა დავტოვეთ, არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება აღარ არსებობს: თავდაცვის სამინისტრო მუშაობს.“
და კიდევ ერთი სერიოზული განსხვავება თბილისსა და სოხუმში განვითარებულ მოვლენებს შორის: შარშან, ნოემბერში, თბილისში დაწყებულ პოლიტიკურ კრიზისში მოსკოვის ჩარევის შემდეგ მოხდა ის, რასაც ხავერდოვან რევოლუციას უწოდებენ. ამჯერად კი საეჭვოა სოხუმში ჩავიდეს იგორ ივანოვი, რომელიც „პოლიტიკური სიკვდილის ანგელოზის“ სახელითაა ცნობილი, და აფხაზურ ოპოზიციასთან მოლაპარაკება გამართოს. მეტიც - რუსეთი დაუფარავად აცხადებს, რომ ის ვალდებული იქნება ჩაერიოს ვითარებაში, თუკი აფხაზეთში მოვლენები გართულდა, რადგან აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეები ცხოვრობენ. აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეებიც ცხოვრობენ, რაც მოვლენების დამძიმების პირობებში ოფიციალურ თბილისს ორჭოფულ მდგომარეობაში ჩააყენებს.
XS
SM
MD
LG