Accessibility links

გასულ კვირას სტუდენტების ორ ჯგუფს შორის თბილისის


გასულ კვირას სტუდენტების ორ ჯგუფს შორის თბილისის

უნივერსიტეტში დაწყებული დაპირისპირება განათლების რეფორმის მოწინააღმდეგეებმა და მიხეილ ქურდიანის მხარდამჭერებმა ახსნეს როგორც “ქართველობის, მართლმადიდებლობის” დაპირისპირება იმასთან, ვისაც განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული რეფორმით სურს “ეროვნულობა წაართვას” ქართველ ერს... მეორე ჯგუფის წარმომადგენელთა აზრით კი, ეს იყო რევანშისტული ძალების დაპირისპირება საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან, რომელმაც კორუფციას გამოუცხადა ომი განათლების სისტემაში, კერძოდ კი, უნივერსიტეტში... მაგრამ სტუდენტთა ჯგუფების ამ “დუელს” - “კულტურათა ომიც” შეიძლება ვუწოდოთ, რადგან ამ შემთხვევაში, მართლაც, ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი, აბსოლუტურად განსხვავებული, კულტურული მენტალიტეტი... მიხეილ ქურდიანის მომხრე სტუდენტებმა პირდაპირ ტელეკამერების წინ განაცხადეს, რომ “უნივერსიტეტის რექტორი უნდა იყოს ქართველი, მართლმადიდებელი და უნივერსიტეტელი”... მათი ოპონენტების აზრით კი – “პროფესიონალი და არაკორუმპირებული”... “ვარდების რევოლუციის” წლისთავზე, უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, , ნათელი გახდა, რომ ქვეყანაში ვერა და ვერ ხდება კულტურული ფასეულობების გამთლიანება... კულტურა ისევ ირწევა, “კოჭლობს”... ერთნი ძველი მითებით ცდილობენ ხეიბრის განკურნებას, მეორენი კი ამ მითებს ისე ადვილად უმკლავდებიან, თითქოს ვერ ხედავდნენ, როგორი “ჯარი” იცავს ხავსმოკიდებული მითის იდეას.

კულტურათა ამ შერკინებას დაემთხვა თბილისის ისტორიის მუზეუმში გახსნილი ქართულ-შვედური გამოფენა, მრავალმნიშვნელოვანი სახელწოდებით “ყალბი ამბები”, რომელშიც ხუთმა შვედმა და სამმა ქართველმა მხატვარმა - კოკა რამიშვილმა, ლევან ნუცუბიძემ და ნიკოლაი ლიზონოვმა მიიღეს მონაწილეობა (ლიზონოვი - ფსევდონიმია). ამ ვიდეოჩანახატების, ფოტოსურათებისა და კონსტრუქციების წარმოდგენის იდეის ერთ-ერთი ავტორი შვეციის კულტურის ცენტრია, გამოფენის ორგანიზატორი კი - მხატვარი ვატო წერეთელი, რომელმაც გამოფენაზე ფიქრი სტოკჰოლმში ვიზიტის დროს დაიწყო:

[ვატო წერეთლის ხმა] “ყალბი ამბები” გამომდინარეობს მითიდან, რომელსაც საზოგადოება ქმნის და ყიდის და მითი იმიტომაა მითი, რომ ყოველთვის ცალმხრივია – “ქართველი სტუმართმოყვარეა”, “შვედი – ემანსიპირებულია”... ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გამოფენაში ის არის, რომ არ არის “გაეგზოტიკებული” აქ ქართული ხელოვნება.”

გამოდის, რომ ქართველებსა და შვედებსაც აერთიანებთ მითები; გამოდის, რომ შვედებსაც, ქართველების მსგავსად, უყვართ “ყალბი ამბავი”, რომლის სიყალბე რომ შეიგრძნო, საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ იხილო ეს ამბავი... ოღონდ არა მისი ინტერპრეტაცია, არა გაფორმებულ-შელამაზებული სახით, არამედ ისეთი, როგორიც არის.

[ვატო წერეთლის ხმა] “პრინციპში უფრო ნამუშევრებზე იყო ორიენტირებული და არა მხატვრებზე, რათა შეწყვეტილიყო საუბარი, რომ მორჩა ჩვენთან ყველაფერი, ან დაიწყო ჩვენთან ყველაფერი... ანუ ესაა უფრო ინტენსიური ახალი ენერგიის პოვნა... თუნდაც ერთ-ერთი მხატვარი, ფსევდონიმით ლიოზნოვი, დაუდევარი გეჩვენება, მაგრამ ინვენტარი ისეა არჩეული, რომ ძალიან ზუსტია... ლევანიკო ნუცუბიძის ნამუშევარი – საქართველოში ბაზრობაზე ნაყიდი მასალით გაკეთებული, მაგრამ ძალიან მდიდრული... რაც საქართველოში იშოვება, ის მასალები.... ანუ მიღწეულია მაღალი პროფესიონალიზმი უბრალო მასალით.”

ვატო წერეთლის აზრით, თანამედროვე ხელოვნება ხშირად აღიზიანებს ტრადიციული კულტურული ფასეულობების დამცველებს სწორედ იმიტომ, რომ მხატვრები საკმაოდ უდიერად ეპყრობიან ადამიანების იმ პოზიციას, რომელსაც არ იზიარებენ... ცინიზმი კი უკურეაქციას იწვევს - კულტურათა დიალოგი გადაიქცევა კულტურათა დუელად, რაც, თავის მხრივ, შლის და ანადგურებს კულტურას და აღარ ტოვებს ადგილს კონსტრუქციული იდეებისთვის... მითს თუ ანგრევ, იმაზეც იფიქრე, რომ საზოგადოება სიცარიელეში არ დატოვო - ნუ ააგებ ყველაფერს ნეგატიურზე, რადგან ნეგატიურს მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური რეაქცია ექნება.

[ვატო წერეთლის ხმა] “შეიძლება უცნაური ნამუშევრები, უცნაური ნივთებია ძალიან, მიუხედავად იმისა, რომ ექსტრემებია, ყოველთვის დადებითია, თითქმის რელიგიური მუხტია. “ინტენსივობების” გამოფენაა და იმდენად მდიდარია ეს ინტენსივობები, რომ შეგიძლია სხვადასხვა ორგანიზაცია გაუკეთო, ანუ დღეს როგორიც არის, ერთი ფორმაა, ხვალ შეიძლება სხვანაირი ყოფილიყო... კონტაქტებიც დამყარდა, კონტაქტები ქეიფების დონეზე არა, თუნდაც ერთი რეპლიკის დონეზე...”

კიდევ ერთი მაგალითი ტრადიციულისა და ნოვატორულის გაერთიანებისა: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართული პრემიერა - სამი ერთაქტიანი ბალეტი, რომელიც ამ კვირაში გაიმართა ფალიაშვილის სახელობის თეატრში. ამ სპექტაკლით თბილისის საბალეტო დასის ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა ხავსმოკიდებული, რუხი ქართული ბალეტი, პირველ რიგში, ფერებით გაამდიდრა - წითლით, ყვითლით, მწვანეთი... სწორედ ასე - “გრინ”, “მწვანე” - ჰქვია ვივალდის სავიოლინი კონცერტების მიხედვით დადგმულ წარმოდგენას - ავსტრალიელი ქორეოგრაფის სტენონ უელშის ინსტრუმენტულ ბალეტს, რომელიც 2000 წელს სპეციალურად ნინო ანანიაშვილისთვის შეიქმნა... ბალეტი, სადაც ვივალდის კონცერტების ფრაზები ქორეოგრაფიას ემორჩილება, ფინალში კი ყველაფერი ბროდვეის მიუზიკლს ემსგავსება.

ანანიაშვილმაც დაანგრია მითი... თითქოს ქართველები ფიზიკურად ვერ ითვისებენ მოდერნისტული ქორეოგრაფიის ენას, თითქოს ასეთ ბალეტში რომ იცეკვო, თავად უნდა იყო თუნდაც ამერიკელივით თავისუფალი, ადვილად ფლობდე სხეულს და, რაც მთავარია, არ უნდა იყო მოქცეული კლასიკური რუსული ბალეტის მარწუხებში. ჩვენი საბალეტო დასის მსახიობებმა სიამოვნებით იცეკვეს პირველ სპექტაკლში, “წამი გარდასახვისა”, რომელიც თავის დროზე თრეი მაკირტაინმა ჰიუსტონის საბალეტო დასისთვის დადგა... სამი წყვილის ამ მონაცვლეობაში მაყურებელს, შესაძლოა, ზოგჯერ სპორტული ცეკვები გაახსენდეს, მაგრამ ასეთი ქორეოგრაფია თბილისში ძალიან მოეწონათ, განსაკუთრებით ლაშა ხოზაშვილი.

თბილისის საბალეტო დასის ამ სამ წარმოდგენას ბევრი რამ განასხვავებს ერთმანეთისგან, თუმცა საერთოც აქვთ - სამ სპექტაკლში, მეტ-ნაკლებად, სიჩქარე, რიტმი, სცენის კომპოზიცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოცეკვავის პლასტიკა, უფრო სწორად, მოცეკვავის ტექნიკური შესაძლებლობები. სამივე ბალეტში იგრძნობა მხატვრული პოზიციის ერთიანობაც – პოლისტილისტიკა, გროტესკის თავისუფალი გამოყენება. შემთხვევითი არ უნდა იყოს ნინო ანანიაშვილის არჩევანი: თბილისის საბალეტო დასის ახალმა ხელმძღვანელმა ისეთ ქორეოგრაფიას მიმართა, რომელიც საშუალებას იძლევა შეინიღბოს კლასიკურ ქორეოგრაფიაზე აღზრდილი მოცეკვავეების, ტექნიკური სისუსტეები თუ არა, გამოუცდელობა მაინც. მაყურებელს უნდა ეგრძნო, რომ გამოუცდელ მოცეკვავეებს არაფრის ეშინიათ, რომ ისინი სიამოვნებით, აზარტით ცეკვავენ ან, ისევ ჩვენს თემას რომ დავუბრუნდეთ, “არ ირწევიან”, “არ კოჭლობენ”... ცეკვავს თავისუფალი ხალხი. ძნელი სათქმელია, როგორ გაუმკლავდებიან ახლა ახალგაზრდები კლასიკურ ბალეტს, “გედის ტბას”, რომლის ახალ დადგმას ნინო ანანიაშვილი უახლოეს ხანში გვპირდება. როგორც ჩანს, ახალგაზრდა დასს უფრო მეტი დრო სჭირდება კლასიკური ბალეტის ტექნიკის დასაუფლებლად - შრომა სჭირდება.

“შრომა” - ეს სიტყვა არც ერთხელ არ უხსენებიათ თბილისის უნივერსიტეტში დაპირისპირებულ მხარეებს. არადა, ხეიბარი ვერ განიკურნება, თავად თუ არ მოინდომა წელგამართული სიარული, თუ არ იშრომა და, რაც მთავარია, სიამოვნებით თუ არ იშრომა.
XS
SM
MD
LG