Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონეტები, რომელიც არავის სჭირდება


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნუმიზმატური ეგზემპლარების სახით გაყიდა რამდენიმე ხუთლარიანი კუპიურა, რომელიც ერთ-ერთმა ჰოლანდიურმა კომპანიამ შეცდომით დაბეჭდა.

ამ ბანკნოტებზე ივანე ჯავახიშვილის პორტრეტთან მიხეილ ჯავახიშვილია წარწერილი.
ჰოლანდიურმა კომპანიამ შეცდომით დაბეჭდილი კუპიურები უსასყიდლოდ შეცვალა და, ამასთან, საქართველოს ეროვნულ ბანკს ნუმიზმატური მიზნით დეფექტიანი ბანკნოტების ერთი ნაწილის გაყიდვის ნება დართო.
გამორიცხული არ არის, რომ სამომავლოდ ნუმიზმატურ იშვიათობად რამდენიმე ქართული მონეტაც იქცევა.



ამ დღეებში უცხოელმა სტუმარმა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების ვალუტას აგროვებს, ერთ და ორთეთრიანები მთხოვა.
თბილისის სხვადასხვა ობიექტებში ხანგრძლივი ძებნის შემდეგ ამ ნომინალის მონეტებს მხოლოდ ერთ-ერთ ბანკში მივაკვლიეთ.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიმოქცევაში გაშვებულია მოჭრილი ერთ და ორთეთრიანების დაახლოებით 20%, თუმცა, განსხვავებით სხვა მონეტებისგან, არ ბრუნავს და დალექილია.
ეროვნული ბანკი, რომელიც ხურდა ფულის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის, ფულად ნიშნებს - მათ შორის, სხვადასხვა ნომინალის თეთრებს - ბრუნვაში თავისუფალი მიწოდების პრინციპისა და მოთხოვნის შესაბამისად უშვებს.

[მარიამ ზავრადაშვილის ხმა] ,,ბანკებს აქვთ საკმარისი რაოდენობის ხურდა ფული, ყველა ნომინალის. მაგრამ თვითონ ბანკებიც აცხადებენ იმას, რომ კლიენტურა არ ითხოვს ამ ფულს. ძირითადად, ერთ და ორთეთრიანები არის საჭირო არა ბანკებში, არამედ ბანკებს გარეთ.”

ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი მარიამ ზავრადაშვილი განმარტავს, რომ სხვადასხვა ნომინალის მონეტების მიმოქცევაში დამკვიდრების მიზნით ეროვნულ ბანკს მხოლოდ რეკომენდაციის გაწევა შეუძლია,
რეალურ სიტუაციას კი ბაზარი განსაზღვრავს.
რაც შეეხება მომხმარებელს, ირკვევა, რომ მას ერთ და ორთეთრიანები არ სჭირდება, დიდი ხანია აღარც უნახავს და ხშირ შემთხვევაში ჰგონია, რომ ამ ნომინალის მონეტები საერთოდ აღარ არსებობს.

[ნიკოს ხმა] ,,არც გამოდის, მე მგონია. მე არსად არ შევხვედრივარ. ერთადერთი მახსოვს, პირველად რომ გამოვიდა, ქუთაისში 5 თეთრი ღირდა ტროლეიბუსი და გამიკვირდა.”

ნიკო, რომელიც თბილისის ერთ-ერთ უბანში პურს აცხობს, დარწმუნებულია, კლიენტს ხურდა ერთ ან ორთეთრიანებით რომ დაუბრუნოს, სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდება.
ანალოგიურად ფიქრობს ციცი, რომელიც თამბაქოს მაღაზიაში მუშაობს და დაბალი ნომინალის მონეტები თითქმის 8 წელია აღარ გამოუყენებია:

[დიალოგი ციცისთან] ,,იცით, რომ ბანკში არსებობს და შეიძლება გამოიტანოთ? - არა. - ხურდა რომ დაუბრუნოთ ერთ და ორთეთრიანებით, აიღებენ? - არა. რომ მქონდა დარჩენილი ორიანები და ერთიანები, ეს რატომ გამოუშვესო, თვითონაც უკვირდა ხალხს, არავინ არ იღებდა.”

ასეთი შემთხვევა არაერთხელ ჰქონია ნატოსაც, რომელიც საკვები პროდუქტებით ვაჭრობს და თავის დროზე ერთ და ორთეთრიანების პოპულარიზაციისთვის თურმე არაერთხელ გამოუყენებია ფრაზა ერთ-ერთი ცნობილი ქართული ფილმიდან:

[ნატოს ხმა] ,,მე ბევრჯერ მითქვამს, რომ მილიონს თუ კაპიკი დააკლდება, ის არამილიონია. არაო, არ მინდაო”

ნატო ჩივის, რომ მომხმარებელს მისთვის ხურდა არაერთხელ გადაუყრია.

[ხურდა ფულის ხმა]

საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი დავით იაკობიძე ერთ და ორთეთრიანებისადმი უარყოფით განწყობას ამგვარად ხსნის:

[იაკობიძის ხმა] ,,ეს, უბრალოდ, პრაგმატული დამოკიდებულებაა. როცა არა აქვს საგადამხდელო შესაძლებლობები, რად მინდაო, ფიქრობ.”

დავით იაკობიძე ამბობს, რომ დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაში კაფეებსა და რესტორნებში მომსახურე პერსონალისთვის დატოვებული ხურდაც კი იბეგრება:

[იაკობიძის ხმა] ,,ჩვენთან ეს სიდიდე მარგინალურ მოვლენად მიაჩნიათ, რაღაც გადმონაშთად და მასთან დამოკიდებულებისაგან შენ თავს იკავებ. აი, კორუფცია მთლიანად გვესმის როგორც მარგინალური მოვლენა და ამ დროს არის შინაგანი მახასიათებელი სოციალური გარემოსი.”

სხვათა შორის, ფულის ნებისმიერი ნიშნის მიღებაზე უარის თქმა არღვევს საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის გამოყენების წესს და მომხმარებლის უფლებებს, რომელსაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არეგულირებს. თუმცა ერთ და ორთეთრიანების შემთხვევაში თავად მომხმარებელი ამბობს უარს და მიიჩნევს, რომ ამ ნომინალის არსებობა საერთოდ არ არის საჭირო.
მცირე გამონაკლისის კატეგორიას განეკუთვნება პროფესიით ინჟინერი კოტე, რომელიც გამოკითხულთა შორის ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც ერთ და ორთეთრიანების არსებობას ემხრობა:

[კოტეს ხმა] ,,უბრალოდ, ფასები არის ისე დაყენებული, რომ ერთ და ორ თეთრიანი არ არის საჭირო, თორემ ფასები რომ იყოს ისე, რომ, ვთქვათ, ღირდეს ლარი და 22, ლარი და 23, ამ შემთხვევაში საჭირო არის, მაგრამ ფასები იმდენად დამრგვალებულია, რომ ბრუნვისთვის არ არის საჭირო.”

ფასების დამრგვალების კონტროლის მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შესაბამის სამსახურებს არაერთხელ მიმართა, თუმცა ეს საკითხი დღემდე გაურკვეველია.
რაც შეეხება ერთ და ორ თეთრიანებს, პრაქტიკულად გარკვეულია, რომ ისინი მომხმარებელს არ სჭირდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის ექსპერტი მარიამ ზავრადაშვილი ამბობს, რომ ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი ტენდენცია არ არის:

[ზავრადაშვილის ხმა] ,,დღეისათვის უკვე ევროპა მიდის იმ დასკვნამდე, რომ დაბალი ნომინალის მონეტების მიმოქცევას აზრი არა აქვს და თანდათან აპირებენ ამის ამოღებას.”

მომავალ წელს საქართველოს ეროვნული ვალუტა, ლარი, 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.
თუ დღემდე შემოგრჩათ ერთ ან ორთეთრიანები, რომელიც არ გჭირდებათ, ნუ გადაყრით, რადგან რამდენიმე წელიწადში, შესაძლოა, ნუმიზმატური იშვიათობის მფლობელი გახდეთ.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG