Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინის ლიდერები პრეზიდენტის არჩევას ჩქარობენ


პალესტინის ლიდერებმა ჯერ კიდევ შაბათს განაცხადეს იმის შესახებ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები

პალესტინაში 9 იანვარს ჩატარდება. პალესტინელთა ავტონომიიის ხელისუფლების შესახებ კანონის თანახმად პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში, ახალი პრეზიდენტი 60 დღეში უნდა აირჩეს. პრეზიდენტობის კანდიდატები მიმდინარე თვეშივე უნდა დასახელდნენ. ბევრი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტობის ყველაზე დიდი შანსი პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის თავმჯდომარეს – მაჰმუდ აბასს აქვს. კვირას, 14 ნოემბერს მომხდარი ინციდენტისას, რომელმაც ორი ადამიანი იმსხვერპლა, მაჰმუდ აბასი შემთხვევით გადაურჩა ტყვიას.

იასერ არაფატის გარდაცვალებისთანავე პალესტინაში დაიწყო მისი ფუნქციების ჩანაცვლებაზე ზრუნვა. პალესტინის პარლამენტის სპიკერს რაუჰი ფატუჰს დროებით პალესტინის ავტონომიის ხელისუფლების ლიდერის მოვალეობა დაეკისრა. მაჰმუდ აბასი პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის თავმჯოდმარედ აირჩიეს. ამის პარალელურად, პალესტინის ლიდერებისთვის პრიორიტეტულ საკითხად საპრეზიდენტო არჩევნების რაც შეიძლება მალე ჩატარება იქცა. კვირას რამალაში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას რაუჰი პატუჰმა განაცხადა, რომ საარჩევნო კამპანია არაფატის სიკვდილიდან 40 დღის გასვლის შემდეგ დაიწყება.

[ფატუჰის ხმა]
"პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტის არჩევნები 2005 წლის 9 იანვარს ჩატარდება. ცენტრალური საარჩევნო კომისია დაიწყებს დამატებით რეგისტრაციას იმ პალესტინელებისთვის, რომლებმაც ვერ შეძლეს დადგენილ პერიოდში რეგისტრაციის გავლა. პრეზიდენტობის კანდიდატები 20 ნოემბრიდან 12 დღის მანძილზე უნდა დარეგისტრირდნენ. საარჩევნო კამპანია დაიწყება 27 დეკემბერს, ორშაბათს და 8 იანვრამდე, შაბათ დილამდე გაგრძელდება".

დიდი ხნის ნანატრი საპრეზიდენტო, საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები პალესტინაში მომავალ წელს უნდა ჩატარებულიყო. არაფატის სიკვდილმა ცენტრალური საარჩევნო კომისია აიძულა დაეჩქარებინა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება.

ისრაელი არჩევნების ჩატარების გეგმას მიესალმება.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა შაულ მოფაზმა განაცხადა, რომ ისრაელის ხელისუფლება მზად იყო დიალოგი წარემართა მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ტერორიზმთან ბრძოლისთვის მზადმყოფ პალესტინის ნებისმიერ კანონიერ ხელისუფლებასთან.

ისრაელის მთავრობის კიდევ ერთი წევრი – განათლების მინისტრი ლიმორ ლივნატი კი აცხადებს, რომ მისი ქვეყნის უპირველეს ინტერესთა შორის არის პოლიტიკური ვაკუუმით წამორშობილი ქაოსისა და ანარქიის აღკვეთაში პალესტინელებისთვის დახმარების გაწევა.

ისრაელთან მოლაპარაკებებში პალესტინის მთავარი წარმომადგენლის საებ ერექათის განცხადება სრულად ეთანხმება ისრაელთა მიდგომას. ერექათი ამბობს, რომ, თუკი კონტიტუციით დადგენილი 60 დღის ფარგლებში არ მოხერხდება პალესტინის პრეზიდენტის არჩევა, ქვეყანაში "ძალადობა და ანარქია" დაისადგურებს.

კვირას, 14 ნოემბერს მომხდარ ინციდენტს უვნებლად გადაურჩა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის თავმჯდომარე მაჰმუდ აბასი. ის არაფატის გამო გლოვისთვის შეგროვილ ხალხს ესალმებოდა, როცა იქვე მყოფ შეიარაღებულ პირებსა და მის დაცვას შორის სროლა ატყდა. როგორც ამბობენ, თავდამსხმელებმა მაჰმუდ აბასს "შეერთებული შტატების აგენტი" უწოდეს. დაიღუპა პალესტინის უშიშროების სამსახურის ორო თანამშრომელი. პალესტინის ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენელს იასერ აბედ რაბოს მიაჩნია, რომ ინციდენტი არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული:

[რაბოს ხმა]
"გლოვის ადგილას, სადაც აბუ მაზენის მისვლას ათასობით ადამიანი ელოდა, რამდენიმე კაცს შორის წაკინკლავება მოხდა. ამის გამო ატყდა სროლა. გასროლა არ ყოფილა მიმართული აბუ მაზენის, ან სხვა ლიდერების წინააღმდეგ".

თუმცა, ამ ინციდენტზე განსხვავებული აზრის არიან პალესტინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

საებ ერექათმა ამ ფაქტს უწოდა "სამარცხვინო ინციდენტი", რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩნია საპრეზიდენტო არჩევნების სასწრაფოდ ჩატარების აუცილებლობა.

პრეზიდენტობის მეორე შესაძლო კანდიდატად სახელდება პრემიერ-მინისტრი აჰმედ ყურეი, რომელიც კვირას პალესტინის ავტონომიის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ დაამტკიცეს.

აბასიცა და ყურეიც დიდი ხნის მანძილზე თანამშრომლობდნენ იასერ არაფატთან. ამასთან, ისინი ზომიერ პოლიტიკოსებად არიან მიჩნეული და, როგორც ვარაუდობენ, ისრაელი თანახმა იქნება მათთან მოლაპარაკების წარმართვაზე.

თუმცა, რეგიონის ექსპერტები შენიშნავენ, რომ მაჰმუდ აბასსაცა და აჰმედ ყურეისაც აკლიათ ხალხის მხარდაჭერა. მათზე უფრო პოპულარულები შეიძლება აღმოჩნდნენ უფრო ახალგაზრდა ლიდერები, რომლებიც პალესტინელთა ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან. პალესტინის შიგნით კონფლიქტმა შეიძლება გამბედაობა შემატოს ისეთ რადიკალურ დაჯგუფებებს, როგორებიც არის ჰამასი და ისლამური ჯიჰადი, რომლებიც თავის დროზე ვერ ბედავდნენ არაფატთან დაპირისპირებას. ახლა კი შეიძლება მათი განწყობაც შეიცვალოს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG