Accessibility links

logo-print

რატომ გრძნობს თავს “ბრიტიშ პეტროლიუმი” საქართველოს მთავრობის გერად


საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ საქართველოს ხელისუფლებისა და ”ბრიტიშ პეტროლიუმის” ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა.

ამ კრიზისმა პიკს ხუთიოდე თვის წინ მიაღწია, როდესაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა 2 კვირით შეჩერდა. მშენებლობის განახლება იმის მანიშნებელი იყო, რომ უთანხმოება მილსადენის ოპერატორ კომპანია ”ბრიტიშ პეტროლიუმსა” და საქართველოს ხელისუფლებას შორის დაძლეული იქნა. თუმცა “ბრიტიშ პეტროლიუმი” თავს მაინც საქართველოს მთავრობის გერად მიიჩნევს. რატომ?

”ბრიტიშ პეტროლიუმის” თბილისის ოფისის წინ 15 ნოემბერს კრწანისის რაიონის 50-მდე მკვიდრი შეიკრიბა და ”ბი-პისგან”კომპენსაციების მიღება მოითხოვა. ეს არც პირველი და, ალბათ, არც უკანასკნელი აქციაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ოპერატორი კომპანიის საქმიანობით უკმაყოფილო მოქალაქეებისა. თუმცა ამ აქციებზე მეტად “ბრიტიშ პეტროლიუმს” საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება აწუხებს.

ახლახან ”ბი-პის” რეგიონულმა დირექტორმა ჯეი ბერსონმა ქართველ ჟურნალისტებს ლონდონში განუცხადა: ”ახალ მთავრობასთან ჩვენ თავს გერებად ვგრძნობთ. მშობლები დაგვეხოცა და ჩვენ აღსაზრდელად ახალ ოჯახს გადაგვცეს.
თან ამ ოჯახს არ ჰქონდა კარგი წარმოდგენა ჩვენს მშობლებზე, ამიტომ ფიქრობენ, რომ ჩვენც ცუდები ვართ. არც ჩვენი დღიურები უნახავთ და არც ჩვენს მეგობრებს შეეკითხნენ აზრს ჩვენს შესახებ,” - დასძენს ჯეი ბერსონი.

“ბრიტიშ პეტროლიუმის” წარმომადგენლის ამ განცხადების კომენტირება ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძეს ვთხოვე.

[სანდრო თვალჭრელიძის ხმა] ”რა თქმა უნდა, ახალ მთავრობას ძალიან უნდოდა ნავთობსადენის მართვა აეღო თავის ხელში და მილსადენის უსაფრთხოება “ბი-პისთვის” გადაეცა, რაც არ გამოუვიდა. მართვაში იგულისხმება ნავთობსადენის ნიუ-იორკის ტერმინალზე, საიდანაც შეიძლება ნაკადების მართვა, პროცესების შეჩერება, ჰყოლოდათ თავიანთი წარმომადგენელი. საქართველოს ამაზე ხელი არ მიუწვდება.”

რაც შეეხება ნავთობსადენის უსაფრთხოების საკითხებს, ის, მართლაც, მტკივნეული საკითხია ორივე მხარისთვის. საქართველოში არაერთხელ გამოუთქვამთ შეშფოთება, ვაითუ მილსადენი გასკდეს და ნავთობი, მაგალითად, ბორჯომის ხეობაში დაიღვაროსო.

საქართველოს ხელისუფლებას სურდა ასეთი შემთხვევებისას მთელი პასუხისმგებლობა ”ბი-პისთვის” დაეკისრებინა, რაზეც “ბი-პის” დიპლომატიური პასუხი ასეთია: ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი კომპანიის რეპუტაციაზე, თუმცა ნავთობსადენის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი “ბი-ტი-სი” არისო. ამას ამბობს “ბრიტიშ პეტროლიუმის” კიდევ ერთი წარმომადგენელი, ლორდი ჯონ ბრაუნი. “ბი-ტი-სი” კი მილსადენის ინვესტორი კომპანიებისა და პროექტის მონაწილე სახელმწიფოებისგანაა დაფუძნებული.

[სანდრო თვალჭრელიძის ხმა] ”აქედან საქართველოს ხელისუფლებამ კარგი გაკვეთილები უნდა მიიღოს...”

ასეთ კომენტარს უკეთებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე საქართველოს ხელისუფლების მცდელობას, თავს მოეხვია ახალი პოლიტიკა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ოპერატორი კომპანიის ”ბრიტიშ პეტროლიუმისათვის”.
XS
SM
MD
LG