Accessibility links

logo-print

დემილიტარიზაციის მორიგი ეტაპი


დავით პაიჭაძე, თბილისი სოჭში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის “პრეზიდენტის” ედუარდ კოკოითის შეთანხმებით,

კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია 20 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა შეთანხმებიდან ლამის მეორე დღესვე ნათელი გახდა, რომ დათქმული დროისთვის ეს ვერ მოესწრებოდა. სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ ეს აღიარა კიდეც. დემილიტარიზაციის პროცესი გულისხმობს კონფლიქტის ზონაში სამხედრო-საინჟინრო ნაგებობების ლიკვიდაციასაც. ორშაბათს, 15 ნოემბერს, მხარეები შეთანხმების ამ ნაწილის განხორციელებას უნდა შესდგომოდნენ.

შეთანხმება, რომ სამხედრო-საინჟინრო ნაგებობათა ლიკვიდაცია 15 ნოემბერს დაიწყებოდა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა თავიანთი შეხვედრითაც განამტკიცეს. მაგრამ ერთია პოლიტიკის რიტუალური მხარე, ხოლო მეორე - მისი რეალური ასპექტები. შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული მიხეილ ქარელი უაღრესად სკეპტიკურად ეკიდება დემილიტარიზაციის პროცესის დაწყებას კონფლიქტის ზონაში:

[ქარელის ხმა] “ეს არის აბსურდი იმ დროს, როცა ქართველების გაკონტროლებულ ტერიტორიაზე თავისუფლად დადიან ოსების შეიარაღებული ბანდფორმირებები. ყოველდღე შეიძლება გაიტაცონ ან მოკლან ადამიანი, ყოველ საღამოს ცეცხლი გაუხსნან მშვიდობიან მოსახლეობას. ეს არის წყლის ნაყვა. აშკარაა, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას, ანუ სეპარატისტებს, არასოდეს ექნებათ სურვილი, დაიწყოს დემილიტარიზაციის პროცესი.”

მიხეილ ქარელი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სამხრეთ ოსეთის მიმართ მკაცრი ხაზის მომხრენი გახლავან, რაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის შეფასებაში აისახა. კოკოითიმ მათ ომის პარტიის წარმომადგენლები უწოდა, ხოლო მშვიდობის პარტიად პრემიერი ჟვანია და სახელმწიფო მინისტრი ხაინდრავა დაასახელა.

რას წარმოადგენს ის სამხედრო-საინჟინრო ნაგებობები, რომელთა ნგრევის დაწყება 15 ნოემბერს ვერ მოხერხდა და 16 ნოემბრისთვის გადაიდო? ესაა, ძირითადად, სანგრები, საიდანაც ქართულ სოფლებს ოსური შეიარაღებული ფორმირებები ღამღამობით ცეცხლს უშენენ ხოლმე. დანგრევა ამ შემთხვევაში სანგრების მიწით ამოვსებას გულისხმობს. უნდა დაინგრეს ბლინდაჟებიც - ბეტონის მიწაწაყრილი ფილებით გადახურული მიწურები. ჩვენი კოლეგა და კორესპონდენტი კონფლიქტის ზონაში გოგა აფციაური ვარაუდობს, რომ ყველა სანგრისა და ბლინდაჟის ლიკვიდაცია არათუ 20 ნოემბრამდე, არამედ საერთოდ ვერ მოხერხდება. რომც მოხერხდეს, ეს არ წარმოადგენს დიდ დანაკლისს ოსური მხარისთვის, თუ მათ იარაღის დაყრა არ ისურვეს. შეიარაღებული მებრძოლები, ჩვეულებრივ, ტყეს შეეფარებიან, ამბობს გოგა აფციაური. დემილიტარიზაციას ხელს უშლის უნდობლობა მხარეებს შორის. ჩვენმა მსმენელმა უკვე იცის, რომ ცხინვალიდან 6 ავტობუსით გაიყვანეს ბავშვები. კონფლიქტის ზონის ოს მოქალაქეთა შიში, რომ საქართველო მათ წინააღმდეგ ომის განახლებას აპირებს, ერთი შეხედვით, რაციონალურ წანამძღვრებს ეფუძნება: საქართველოს ხელისუფლებამ რეზერვისტთა ბატალიონები და ბანაკები ჩამოაყალიბა საჩხერეში, ოსიაურსა და ძევერაში. საჩხერე ჯავას ესაზღვრება, ოსიაური - ზნაურის რაიონს, ხოლო ძევერა - ცხინვალს. გარდა ამისა, ქართული სამშვიდობო ძალების ხშირ როტაციას კონფლიქტის ზონაში სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება აღიქვამს, როგორც ქართველ სამხედროთა დაზვერვით სამუშაოებს, რის შედეგადაც ქართულ ჯარს კარგად ეცოდინება კონფლიქტის ზონის გეოგრაფია.
XS
SM
MD
LG