Accessibility links

logo-print

ამერიკული ოჯახი უკანონოდ დაპატიმრებული ქართველის გათავისუფლებას მოითხოვს

  • ნინო როდონაია

11 წლის წინ საქართველოში აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს თანამშრომელი ფრედ ვუდრაფი მოკლეს. ამ დანაშაულთან დაკავშირებული

ბევრი დეტალი დღემდე გაურკვეველია, მკვლელობის გამო დაპატიმრებულ ანზორ შარმაიძეს კი უდანაშაულოდ მიიჩნევენ ამერიკელი ექსპერტები, ადამიანის უფლებათა დამცველები და თავად ვუდრაფის ოჯახი.
მის მიერ დაქირავებულმა ამერიკელმა ადვოკატმა მაიკლ პულარამ დღეს თბილისში საგანგებო პრესკონფერენცია გამართა.
მოგითხრობთ ფრედ ვუდრაფის ოჯახის მოთხოვნისა და მკვლელობასთან დაკავშირებული რამდენიმე დეტალის თაობაზე.


უდანაშაულო ადამიანის პატიმრობა გარდაცვლილი ფრედ ვუდრაფის სულს ამძიმებს - აცხადებენ ვუდრაფის ოჯახი და მისი ადვოკატი მაიკლ პულარა.
საქმის ოფიციალური მასალებით, ფრედ ვუდრაფი მოკლეს 1993 წლის 8 აგვისტოს, როდესაც ის ავტომანქანა ,,ნივით,” ორი ქალბატონისა და საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის დაცვის უფროს ელდარ გოგოლაძის თანხლებით, ქალაქგარეთ გასეირნების შემდეგ თბილისში ბრუნდებოდა.
გამოძიებისა და ვუდრაფის თანმხლებთა ვერსიით, მცხეთის შესასვლელთან მათი ავტომობილის გაჩერება სცადეს სამხედრო ფორმიანმა პირებმა, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ გასროლილმა ერთადერთმა ტყვიამ კი ფრედ ვუდრაფის სიცოცხლე იმსხვერპლა.
საქმის ოფიციალური მასალების მიხედვით, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ვუდრაფის ცხედრის დატოვების შემდეგ გოგოლაძე შემთხვევის ადგილას ბრუნდება და ნატახტართან აპატიმრებს სამხედრო ფორმიან სამ პირს, მათ შორის - ანზორ შარმაიძეს.
საბოლოოდ, აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლის მკვლელად სწორედ შარმაიძე ცხადდება და მას 14-წლიან პატიმრობას უსჯიან.
ფრედ ვუდრაფის ოჯახი და ადვოკატი ანზორ შარმაიძის უდანაშაულობაში აბსოლუტურად დარწმუნებულნი არიან, რის გამოც საქართველოს გენერალურ პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიება სთხოვეს.
შარმაიძის უდანაშაულობის მტკიცებისას ადვოკატი მაიკლ პულარა
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს მასალებს ეყრდნობა. მიუხედავად სამი სერიოზული გამოძიებისა, ამერიკელმა ექსპერტებმა ფრედ ვუდრაფის კონკრეტული მკვლელის ვინაობა ვერ დაადგინეს. თუმცა, ადვოკატის ინფორმაციით, ერთი რამ სრულიად ცხადია:

[პულარას ხმა] ,,მეორე მხრივ, მათ დანამდვილებით მოიპოვეს საკმარისი მასალა და მტკიცებულებები იმის დამადასტურებლად, რომ დანაშაული შარმაიძეს არ ჩაუდენია.”

ანზორ შარმაიძის უდანაშაულობის დასამტკიცებლად, გამოძიების ფედერალური ბიუროს მასალებს მაიკლ პულარამ საკუთარი მტკიცებულებებიც დაუმატა.
კერძოდ, დანაშაულის ყველა მოწმე ამტკიცებს, რომ ვუდრაფის მკვლელობის მომენტში, დაახლოებით საღამოს 9 საათისთვის, სრული სიბნელე იყო. ამერიკელი ადვოკატი კი აცხადებს, რომ 1993 წლის 8 აგვისტოს საქართველოში მზე ღამის ათის ათ წუთამდე არ ჩასულა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის გამოძიების მასალათა საპირისპირო სურათს ქმნის კიდევ ერთი გარემოება: თუ ვუდრაფი საღამოს 9 საათისთვის მოკლეს, ცხედრის შემოწმება კი მაქსიმუმ ორ საათში დასრულდა, მაშინ რატომ იყო გვამის ე.წ. გაშეშების ფაზა დაახლოებით 6-7 საათის ხანდაზმულობის?
ადვოკატი მაიკლ პულარა ეჭვს გამოთქვამს იმის გამოც, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტებმა ავტომანქანა “ნივაში” ნატყვიარი ვერ აღმოაჩინეს, განსხვავებით ქართველი კრიმინალისტებისგან, რომლებმაც ამ კვალს მკვლელობიდან რამდენიმე დღეში მიაგნეს.
ამ ფაქტს მაიკლ პულარა ჯადოქრობას, ნატყვიარს კი ფაბრიკაციას უწოდებს:

[პულარას ხმა] ,,ამაში დარწმუნებულნი ვართ კიდევ იმიტომ, რომ ფაბრიკაციის ფაქტი პრაქტიკულად ფიცის ქვეშ დაადასტურა საქართველოს უშიშროების სამსახურის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ირაკლი ბათიაშვილმა.”

მაიკლ პულარა ამბობს, რომ არსებობს კიდევ არაერთი მტკიცებულება იმისა, რომ ანზორ შარმაიძე აიძულეს ფრედ ვუდრაფის მკვლელობა ეღიარებინა, რის გამოც მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს თანამშრომლის დაღუპვის შემდეგ გაჩნდა ფრედ ვუდრაფის მკვლელობასთან დაკავშირებით რუსეთის სპეცსამსახურების ვერსია.
ამას საფუძველი შეუქმნა მკვლელობამდე 2 კვირით ადრე თბილისში ვუდრაფის შეხვედრამ ამერიკული დაზვერვის მაღალჩინოსან ეიმსთან, რომელსაც ამჟამად სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო.
თუმცა ფრედ ვუდრაფის ოჯახი აცხადებს, რომ ამ ვერსიის დადასტურება ან უარყოფა საქართველოს ხელისუფლების საქმეა. ერთადერთი, რასაც ვუდრაფები მოითხოვენ, ანზორ შარმაიძის გათავისუფლებაა.
ამერიკელ ადვოკატ მაიკლ პულარას, რომელიც მხარს უჭერს კორუფციასთან საქართველოს ხელისუფლების ბრძოლას, მიაჩნია, რომ ქურდობის გაცილებით მძიმე ფორმა ადამიანისთვის სიცოცხლის უფლების ჩამორთმევაა.
11 წლის წინ მოკლული ფრედ ვუდრაფის ოჯახის სახელით, ადვოკატი ერთი ქართული ოჯახის მაგალითზე სამართლიანობის აღდგენას ითხოვს.
თუ რამდენადაა ეს შესაძლებელი, უახლოეს ხუთშაბათს გაირკვევა.
18 ნოემბერს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ ფრედ ვუდრაფის მკვლელობის საქმის ხელახალ გამოძიებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
XS
SM
MD
LG