Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპორტაციის 60 წლისთავი


“მადლობელი ვარ კალიფორნიის გუბერნატორის არნოლდ შვარცენეგერისა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, იზრუნებს ჩემს თვისტომზე. მაგრამ უსაზღვროდ მადარდებს ის ფაქტი,

რომ მშობლიურ საქართველოს არ აინტერესებს ძირძველი მესხების, იმ კუთხის შვილობილების ბედი, რომელმაც საქართველოს მისცა დიდი შოთა რუსთაველი, ზაქარია ფალიაშვილი, გრიგოლ ხანძთელი, შალვა და ივანე ახალციხელები და სხვ.” - ესაა ნაწყვეტი 15 წლის მესხი გოგონას, თამარ ბარათაშვილის, წერილიდან, რომელიც 15 ნოემბერს თბილისის გოეთეს ინსტიტუტში მობრძანებულ საზოგადოებას დაურიგეს. საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის, “კავკასიური სახლის”, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდისა და გოეთეს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ხსოვნის საღამო, რომელსაც მეც დავესწარი, მაჰმადიან მესხთა დეპორტაციის მესამოცე წლისთავს მიეძღვნა.

გოეთეს ინსტიტუტის დიდ დარბაზში თანამოაზრეებმა მოიყარეს თავი - იმ ხალხმა, ვინც დარწმუნებულია, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულება დეპორტირებული მესხების რეაბილიტაციის, რეპატრიაციისა და ინტეგრაციისიისთვის. თუმცა თავდაპირველად თანამოაზრეებმაც კი ვერ გაუგეს ერთმანეთს. საღამოს დაწყებისთანავე, როგორც კი ტრიბუნასთან ჰაინრიჰ ბიოლის კავკასიური ოფისის ხელმძღვანელი ბატონი კაუფმანი გამოვიდა, დარბაზში ხმაური ატყდა - მაჰმადიანი მესხები თარჯიმანმა მოიხსენია, როგორც “თურქი-მესხები”.

[ხმაური დარბაზში] ”ეს ისმის ყოველ დღე ტელევიზორში.”
“გთხოვთ სიჩუმე იყოს დარბაზში. ყველაფერი შეიძლება წყნარად ითქვას.”

“ყველაფერი შეიძლება წყნარად ითქვას”, მაგრამ ძნელია “წყნარად საუბარი”, როცა საქმე 125 ათასი ადამიანის ტრაგიკულ ბედს ეხება - “გენოციდს”... ეს სიტყვა თავის მოხსენებაში წარმოთქვა “კავკასიური სახლის” დირექტორმა ნაირა გელაშვილმა, რომელმაც პრობლემის მოკლე ისტორია გაგვაცნო:

[ნაირა გელაშვილის ხმა] “დღე, როდესაც სტალინის ხელისუფლებამ ჩაიდინა კიდევ ერთი დანაშაული კაცობრიობის წინაშე - გენოციდი, როცა 120 ათასი მაჰმადიანი მესხი აყარეს და განდევნეს სამშობლოდან... ჩვენთან არიან ჩვენი ძმები და დები - მესხები, რომლებიც დაბრუნდნენ საქართველოში. ამ ხალხს უდიდესი ტანჯვა ხვდა წილად - არა მარტო დეპორტაციაში, არამედ აქ, საქართველოშიც.”

შემთხვევითი არ არის, ალბათ, რომ მაჰმადიან მესხთა დეპორტაციის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამოს ერთ-ერთი ორგანიზატორი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდია. მეორე მსოფლიო ომის დროს პირველად სწორედ გერმანელები გაასახლეს საქართველოდან... ამ ფაქტს ჩვენში წიგნებიც მიუძღვნეს, სატელევიზიო გადაცემებიც - ფილმიც გადაიღეს... მაჰმადიანი მესხების გადასახლების თემა კი კვლავაც არ არის პოპულარული... შეიძლება ამიტომაც იგრძნობოდა ტელეკამერებისა და ჟურნალისტების ნაკლებობა საღამოზე, სადაც “წყნარად” ვერავინ ლაპარაკობდა - სადაც უჩვენეს “კავკასიური სახლის” მიერ გადაღებული ფილმი “უსამშობლობის 60 წელი”, წაიკითხეს მესხი ბავშვების ლექსები, იტირეს კიდეც, რადგან, ნაირა გელაშვილის თქმით, დეპორტირებული მესხებისთვის ძნელია 1944 წლის 15 ნოემბრის ღამის გახსენება. ისინი დღემდე დაატარებენ ამ კოშმარს და ეს ტრავმა, სამშობლოში დაბრუნების წყურვილთან ერთად, თაობიდან თაობას გადაეცემა:

[ნაირა გელაშვილის ხმა] “საბჭოთა კავშირის საინფორმაციო საშუალებები 70-იანი წლებიდან ამკვიდრებდნენ ტერმინებს: “კავკასიელი თურქები”, “საბჭოთა თურქები”, “მესხეთელი თურქები”, “თურქი მესხები”. უკანასკნელმა ორმა ტერმინმა განსაკუთრებით ფართო გავრცელება პოვა... მას შემდეგ, რაც ეს ტერმინი საქართველოში დამკვიდრდა, ამან თურქული ორიენტაცია გააძლიერა, რადგანაც თუკი საქართველოც ამბობს, რომ არიან თურქები, ამ ადამიანებს, რომელთაც ორი იმპერია ეუბნებოდა, ხართ თურქები და არა ქართველებიო, უკანასკნელი ძაფი გაუწყდათ საკუთარი იდენტურობის შეგრძნებისა.”

ნაირა გელაშვილის თქმით, ეს ღონისძიება ჩვენი კულტურის საუკეთესო ტრადიციის გაგრძელებაა, იმ ტრადიციისა, რომლის მიმდევარნი საქართველოს ყველა ხალხის ტანჯვას საკუთარ ტანჯვად მიიჩნევდნენ - განურჩევლად რელიგიის და ეთნიკური მიკუთვნებულობისა:

[ნაირა გელაშვილის ხმა] “ჩვენ გვახსოვს, როგორ ოცნებობდნენ ისინი იმ დღეზე, როცა ქრისტიანი და მუსულმანი ქართველები, როგორც მონატრებული ძმები, ერთმანეთს გულში ჩაიკრავდნენ.”

მონატრებულმა ძმებმა ერთმანეთი გულში ჩაიკრეს... მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ გოეთეს ინსტიტუტის დარბაზში, გერმანელების დახმარებით... საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ხსოვნის საღამოს არ დასწრებიან. პარლამენტართა უმრავლესობა ამ ხალხს ისევ “თურქ-მესხებს” ეძახის.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG