Accessibility links

კოლინ პაუელი სახელმწიფო მდივნის პოსტს ეთხოვება


კოლინ პაუელი მიდის: მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, ნომერი პირველი ამერიკელი დიპლომატი აღარ აპირებს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში მუშაობას.

პაუელს, როგორც თვითონ ამბობს, თავიდანვე ერთი ვადით სურდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე მუშაობა და ახლა, ჯორჯ ბუშთან შეთანხმების შემდეგ, ამ სურვილს ისრულებს, რათა მეტი დრო დაუთმოს ოჯახს, საერთოდ - პირად ცხოვრებას.

გამართლდა ფართოდ გავრცელებული ვარაუდი, რომ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგენდა კონდოლიზა რაისის კანდიდატურას. კონდოლიზა რაისი, როგორც ცნობილია, არის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში - თეთრ სახლში კონსერვატიული ბანაკის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი, ისევე როგორც ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი, ან თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი. მაშინ, როცა კოლინ პაუელი ყოველთვის ზომიერი კურსის მომხრე პოლიტიკოსად ითვლებოდა.

შესაბამისად, არაერთხელ ყოფილა ლაპარაკი უთანხმოებაზე პაუელსა და ჩეინი-რამსფელდის ჯგუფს შორის: უთანხმოებაზე, უწინარეს ყოვლისა, ერაყში ომის გამო. პაუელის უკმაყოფილებას იწვევდა ასევე ბუშის შედარებით პასიური პოლიტიკა ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო პროცესში.

სირთულეებს პაუელი მხოლოდ ზოგადად შეეხო, როცა ორშაბათს, სახელმწიფო მდივნის პოსტიდან გადაგომაზე საუბრისას, მოკლედ შეაფასა თავისი კარიერა. აქ შეგახსენებთ, რომ პაუელის კარიერა აშშ-ის არმიაში დაიწყო - პაუელი იყო ოთხვარსკვლავიანი გენერალი და ამერიკის რანგით უმაღლესი სამხედრო პირი, ვიდრე დიპლომატიაში წავიდოდა. [პაუელის ხმა] “ყველა ამ სამუშაოზე იყო წარმატებებიც და წარუმატებლობებიც. და ის, რასაც მთავრობაში ყოფნისას სწავლობ - ისევე როგორც სწავლობ ცხოვრებაში - არის პრობლემებთან გამკლავება, შანსების გამოყენება, კრიზისების დაძლევა. მეც ასე ვციდლობდი ჩემი საქმის კეთებას საზოგადოებრივ სამსახურში”.

რაც შეეხება შეფასებას, რომელსაც სხვები იძლევიან: ამერიკელი პოლიტოლოგი თომას კაროტერსი აღნიშნავს, რომ აშშ-ში, ისევე როგორც ამერიკის მოკავშირე სახელმწიფოებში ბევრი აღიქვამს დიდ დანაკლისად პაუელის წასვლას და შიშობს, რომ ამერიკის საგარეო-პოლიტიკური კურსი უფრო ხისტი გახდება. [კაროტერსი ხმა] “ვეთხოვებით რწმენას, რომ ბუშის ადმინისტრაციის ცენტრში იდგა დიდი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე ერთი პიროვნება მაინც, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ჩვენი მოკავშირეების პოზიციას - ვგულისხმობ მოკავშირეებს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აზიაში, ყველგან”.

ამერიკის მოკავშირეებიდან, თომას კაროტერსმა რომ ახსენა, როგორც ცნობილია, ბევრია ერაყში ომის წინააღმდეგი. ამის მიუხედავად, მათ არ დაუკარგავთ ნდობა თვით პაუელის მიმართ, სამაგიეროდ, დაკარგეს რწმენა, რომ პაუელს ვაშინგტონში შეეძლო თავისი პოზიციის დაცვა კონსერვატიულ ძალებთან კონკურენციაში. კაროტერსი ამბობს: [კაროტერსი ხმა] “მსოფლიოში სულ უფრო ნაკლებად სჯეროდათ, რომ პაეული რაიმე გავლენას ახდენდა პრეზიდენტზე. ამიტომ, პაუელის წასვლა, ერთის მხრივ, საწყენია, მაგრამ, მეორეს მხრივ, ბევრი მიხვდება, რომ მართლაც დადგა პაუელის წავსლის დრო. ეს ცხადი ხდება, თუ გადავხედავთ მისი მუშაობის შედეგებს ერაყში და ისრაელ-პალესტინელების საკითხში: პაუელის ანგარიშზე ვერ ვხედავთ ვერც ერთ მნიშვნელოვან მიღწევას, ის ვერ ახერხებდა პრეზიდენტის პოლიტიკისათვის რაიმე მიმართულების მიცემას”.

კოლინ პაუელი მაინც კმაყოფილი მიდის - ამაყობს იმ გუნდის წევრობით, რომელმაც, თუ პაუელის სიტყვებს მოვიშველიებთ, გაათავისუფლა ავღანელი და ერაყელი ხალხები, წამოიწყო ომის ტერორიზმის წინააღმდეგ, შეებრძოლა სიღატაკესა და დაავადებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ნათქვამია გადადგომის შესახებ განცხადებაში, რომლითაც კოლინ პაუელმა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს მიმართა.
XS
SM
MD
LG