Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რევოლუციის ერთი წლისთავზე ნაციონალები და დემოკრატები პარტიული ყრილობისთვის ემზადებიან


“გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა” ყრილობისთვის ემზადება. 22 ნოემბერს სახელისუფლებო პარტიის ყრილობაზე უკვე მოწვეულები

არიან პარტიული დელეგატები და სტუმრები, რომლებიც ასევე პარტიული ნიშნით არიან შერჩეულები. “ვარდების რევოლუციის” წლისთავზე პარტიის ყრილობამ ოფიციალურად უნდა გააფორმოს ნაციონალებთან დემოკრატების შერწყმა, თუმცა პარტიის სახელწოდება არ შეიცვლება. მოსწონთ თუ არ მოსწონთ ეს დემოკრატებს, ისინი აცხადებენ, რომ მათთვის სულ ერთია რა ერქმევა პარტიას. როგორ ემზადებიან სახელისუფლებო პარტიაში ყრილობისთვის?

“გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის” ყრილობას 2000 პარტიული დელეგატი და 6000-მდე სტუმარი დაესწრება. სტუმრებად იგულისხმებიან პარტიის აქტივისტები, რომლებიც დელეგატებს შორის ვერ მოხვდნენ, და “ნაციონალური მოძრაობის“ ის მომხრეები, რომლებიც პარტიაში გაწევრიანებას აპირებენ. დელეგატებიც და სტუმრებიც პარტიის ადგილობრივმა ორგანიზაციებმა და ადგილობრივმა მმართველებმა შეარჩიეს. ამ პროცესს უხმაუროდ არ ჩაუვლია. რამდენიმე დღის წინ პარტიულ შეკრებაზე პარტიული დაპირისპირება ბოლნისში გამოვლინდა. პარლამენტარ კობა დვალიშვილისა და გამგებელ ზვიად ვეშაპიძის მომხრეებს შორის დავა სწორედ პრატიის ყრილობაზე წარსადგენი კანდიდატების სიამ გამოიწვია. ასეთი ფაქტების მიუხედავად, “ნაციონალურ მოძრაობაში” შიდაპარტიულ დაპირისპირებებს უარყოფენ, ისევე როგორც უარყოფენ ფარულ დაპირისპირებას ნაციონალებსა და დემოკრატებს შორის. ამ ორი ძალის საბოლოო შერწყმა 22 ნოემბრის ყრილობაზე უნდა მოხდეს. დეპუტატმა ელენე თევდორაძემ (ის აქამდე “გაერთიანებულ დემოკრატებს” წარმოადგენდა) ამის შესახებ 16 ნოემბერს არაფერი იცოდა:

[ელენე თევდორაძის ხმა] “არაფერი არ ვიცი , აბსოლუტურად არაფერი. გუშინ ვეუბნებოდი, წესდება მაინც მაჩვენეთ-მეთქი.”

და მაინც ელენე თევდორაძე “ნაციონალურ მოძრაობასთან” “გაერთიანებული დემოკრატების” შერწყმაში ტრაგედიას ვერ ხედავას. ამბობს, რომ მისთვის სულ ერთია ეს ორი ძალა ერთი სახელით იმუქმედებს თუ ორით.

[ელენე თევდორაძის ხმა] “ჩემთვის სულ ერთია. თუ ვაკეთებთ ერთ საქმეს, სულ ერთია ორი სახელით ვიქნებით თუ ერთით, მაინც ერთნი ვართ. “

პარტია, რომელში გაერთიანებულმა ორმა ძალამაც “ნაციონალური მოძრაობის” სახელით უნდა იმოქმედოს, ყრილობაზე ახალ სამოქმედო პროგრამას წარმოადგენს. “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი დავით კირკიტაძე ამბობს, რომ პროგრამის შემუშავებაში ნაციონალებთან ერთად დემოკრატებიც მონაწილეობდნენ. “პარტია არ იქნება არც მემარცხენე, არც მემარჯვენე და არც ცენტრისტული იდეოლოგიის. ორიენტაციის თვალსაზრისით, ის იქნება ორიენტირებული საქმეზე, რომელმაც საქართველო უნდა გააერთიანოს,” - აცხადებენ “ნაციონალურ მოძრაობაში”. იქვე აღიარებენ, რომ ისევე როგორც ნებისმიერი სახელისუფლებო პარტია,” ნაციონალური მოძრაობაც” განიცდის ენთუზიასტების ნაცვლად კარიერისტების მიტმასვნის პრობლემას. თუმცა, დავით კირკიტაძის თქმით, ყველაფერი კეთდება ამ პრობლემის გასანეიტრალებლად:

[დავით კირკიტაძის ხმა] “მოქალაქეთა კავშირის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო გამგებელი, ყველა ადგილობრივი ჩინოვნიკი იყო პარტიული ნომენკლატურა. ჩვენ ასე არ მივდივართ. კი, ბევრი გამგებელი არის პარტიის წევრი, მაგრამ ისინი პარტიულ სტრუქტურებში ვერ ერევიან და თავმჯდომარეები არ არიან.”

ოპოზიციაში ყოფნისას “ნაციონალური მოძრაობა” 17000 წევრს აერთიანებდა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პარტიის წევრთა რაოდენობა გაცილებით გაიზარდა. ხელისუფლების დღევანდელ ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ პარტიის წევრთა რაოდენობის ზრდა, ძირითადად, კარიერისტების ხარჯზე ხდება.

“22 ნოემბერს პარტიის ყროლობას სამივე რევოლუციური ლიდერი დაესწრება,” - გვითხრა დავით კირკიტაძემ, თუმცა მან ვერ დააზუსტა, ყრილობაზე სიტყვით სამივეს მოუწევს გამოსვლა თუ არა.
XS
SM
MD
LG