Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 ნოემბრის გაზეთი “ნოვოე ვრემია” აქვეყნებს წერილს აფხაზეთის მოვლენებში კრემლის


გიორგი კაკაბაძე, თბილისი 11 ნოემბრის გაზეთი “ნოვოე ვრემია” აქვეყნებს წერილს აფხაზეთის მოვლენებში კრემლის დაუფარავი ჩარევის შესახებ.

ამ წერილის გარდა, გაგაცნობთ სერგეი ბაღაფშის ერთ მოსაზრებას და შევეხებით საქართველოს მიმართ ფინანსური დახმარების საკითხს.

“ნოვოე ვრემიას” წერილის ავტორი მიხაილ გლობაჩოვი ვერ მალავს გაკვირვებას, რომ მთელი რიგი ქართველი პოლიტიკოსები და ყოფილი ჩინოსნები - მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე და სხვები - ნორმალურად მიიჩნევენ კრემლის ჩარევას აფხაზეთის არჩევნების შედეგებში.

აი, ერთი ნაწყვეტი ამ წერილიდან: “თბილისის პოლიტიკოსებს პრაქტიკულად აღარ აშფოთებთ ის, რომ მოსკოვი საერთოდ ბედავს უშუალო მონაწილეობა მიიღოს სხვა ქვეყნების საარჩევნო პროცესებში. თუმცა ამგვარი ჩარევა, თავისი მნიშვნელობით, ვერანაირად ვერ შეედრება რაღაც სატრანსპორტო მაგისტრალების გახსნას - არადა, რამხელა აურზარი ატყდა თავის დროზე სოხუმის ელექტრომატარებლისა და სოჭის თბომავლის გარშემო!

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოწესრიგებაში გიორგი ხაინდრავა, თითქოს არც არაფერი მომხდარა, აცხადებს, რომ “საკითხი იმის თაობაზე, თუ არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტობის ორ კანდიდატს სერგეი ბაღაფშსა და რაულ ხაჯიმბას შორის ვინ გახდება რესპუბლიკის ლიდერი, მოსკოვში გადაწყდება.”

15 ნოემბრის გაზეთი “ნოვიე იზვესტია” შეეკითხა სერგეი ბაღაფშს, თუ როგორ აფასებს ის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას აფხაზეთის მოვლენების შესახებ. ბაღაფშმა უპასუხა: “მე არაერთხელ განმიცხადებია, რომ ჩვენ არ გვყავს რუსეთის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსები. ყველაფერი, რასაც ჩვენ მოგვაწერენ და რაშიც გვადანაშაულებენ, - პროქართულ, პროამერიკულ ორიენტაციაში, დაფინანსებაში ბერეზოვსკის ან სოროსის მხრიდან, - ყველაფერი ეს სრული უაზრობაა. ეს ისეთივე სისულელეა, როგორც ის, რომ ადამიანები, რომლებიც ხაჯიმბას მხარეზე არ არიან, სააკაშვილის მომხრეებად მიიჩნიო. რუსეთთან ურთიერთობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.”

ამერიკის ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს 10 ნოემბრის გაზეთი “ნოვოე რუსკოე სლოვო”. 2005 წელს მსოფლიოს 16 ქვეყანა მიიღებს აშშ-ის სააგენტო “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” გრანტებს. ამ ქვეყნებს შორისაა: ბენინი, განა, ვანუატუ, ლესოტო, მოზამბიკი, საქართველო, სომხეთი, შრი-ლანკა და სხვ.

გაზეთი წერს: “2004 წლის სიაში იყო კაბო ვერდე, მაგრამ შემდგომ გაირიცხა 2005 წლის სიიდან, რადგან არ აღმოჩნდა იმდენად ღარიბი, რომ ამერიკის კორპორაციის სახსრების პრეტენდენტი გამხდარიყო.

2004 საფინანსო წლისთვის დაფინანსება დასრულდა 30 სექტემბერს და განხორციელდა ერთ მილიარდ დოლარზე ოდნავ ნაკლები მოცულობით. 2005 წლისთვის არანაირი ფულადი სახსრები განაწილებული ჯერ არ არის, მაგრამ ოთხი ქვეყანა - ნიკარაგუა, ჰონდურასი, მადაგასკარი და საქართველო - უკვე შეუდგა სერიოზულ მოლაპარაკებებს თავისი პროექტების გარშემო. ეს დოკუმენტები მოიცავს მთელ რიგ სფეროებს, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკურ ზრდასთან და შეიცავს განათლებას, წყლის რესურსებს, ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოფლის მეურნეობასა და საფინანსო სექტორს.”
XS
SM
MD
LG