Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ჩეჩნეთიდან ლტოლვილების რიცხვი მცირდება


2000 წელს საქართველოში ბინა ჩეჩნეთიდან ლტოლვილმა 7868 ადამიანმა დაიდო. თუმცა მათი რიცხვი სულ უფრო მცირდება.

2004 წლის რეგისტრაციის მონაცემებით, ჩეჩნეთიდან ლტოლვილის სტატუსი 2610 ადამიანს მიენიჭა, თუმცა, ოდნავ მოგვიანებით, 18-მა მათგანმა საქართველო დატოვა. ლტოლვილთა უკანასკნელმა აღრიცხვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლტოლვილთა სიები ხელოვნურად იყო გაზრდილი.

2004 წელს ჩატარებული აღრიცხვის მიხედვით, ჩეჩნეთიდან ლტოლვილთა შორის: 1557 - ქისტი, 982 - ჩეჩენი, 32 - აზერბაიჯანელი, 31 - ქართველი, 5 - რუსი, 2 - ინგუში და ერთი ლეკია. ეს ნუსხა, ჯამში, იმ 2610 ადამიანს გულისხმობს, რომელთაც წელს ლტოლვილის სტატუსი მიენიჭათ. მათი უმრავლესობა, ანუ 1659 ადამიანი, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცხოვრობს. როგორც დუისის გამგებელი ჯარაფ ხანგოშვილი იტყობინება, რეგისტრაციის წლევანდელ პროცესს ტრადიციული გაუგებრობები არ ახლდა:

[ჯარაფ ხანგოშვილის ხმა] ”პირიქით, როგორც ახლა, წელს, იყო ეს ხელახალი რეგისტრაცია, ეგრე მშვიდად არ ჩაუვლია არც ერთს, დაწყებული 2000 წლიდან, ისე მშვიდად ჩაიარა.” (სტილი დაცულია)

თუმცა, ამის მიუხედავად, უწინ ლტოლვილად წოდებულ ბევრ ადამიანს რეგისტრაციამ წელს ასეთი სტატუსი ვეღარ მიანიჭა. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ეთერ ასტემიროვას ინფორმაციით, ეს სხვადასხვა მიზეზით მოხდა:

[ეთერ ასტემიროვას ხმა] ”ზოგიერთს შეუჩერდა დევნილის სტატუსი იმიტომ, რომ მესამე ქვეყანაში წავიდა. ზოგი ოფიციალურად წავიდა, ზოგი არაოფიციალურად დაბრუნდა, მე არ ვიცი - სად (ჩეჩნეთში შეიძლება დაბრუნდა, შეიძლება სხვაგან წავიდა), მაგრამ უკვე აღარ იმყოფებოდა თავის ადგილას და სხვისი მოწმობებით მოსულებს არ გაეცა. პრინციპში, არ გაეცა საქართველოს მოქალაქე ქისტებს - ქისტებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდათ, ადგილობრივები იყვნენ და მათ სახლებიც გააჩნიათ აქ.” (სტილი დაცულია)

მინისტრის თქმით, უწინდელი სიები, ძირითადად, სწორედ ადგილობრივი ქისტების ხარჯზე იყო გაბერილი:

[ეთერ ასტემიროვას ხმა] ”არასწორად ჰქონდათ მინიჭებული დევნილის სტატუსი. გაბერილი იყო, დიახ, გაბერილი იყო. თვითონ დევნილები, ჩეჩენი დევნილები, ყოველთვის ამბობდნენ, რომ ძალიან ბევრს არასწორად აქვს მინიჭებული დევნილის სტატუსი.” (სტილი დაცულია)

ამასვე ადასტურებს დუისის გამგებელიც:

[ჯარაფ ხანგოშვილის ხმა] ”ჰოო, ეხლა, ვისაც საბუთი არა ჰქონდა, ვისაც ჰქონდა ქართული გვარი და აქაც იყვნენ აღრიცხვაზე, რა თქმა უნდა, იმათ არ მიეცა, შეუჩერდა ზოგიერთს, ვისაც აღმოუჩინეს ესეთი რაღაც.” (სტილი დაცულია)

თუმცა კავკასიური სახლის წარმომადგენელს, მექა ხანგოშვილს, გარკვეული ეჭვი ბოლო რეგისტრაციის ციფრების მიმართაც აქვს:

[მექა ხანგოშვილის ხმა] ”ჩვენი ინფორმაციით, რა ვიცი, ამჯერადაც, რამდენადაც ჩვენ ვიცით, უფრო ნაკლები ლტოლვილები არიან, ვიდრე რეგისტრაციის რიცხვი აჩვენებს. საერთოდ, ლტოლვილები ძალიან ცოტანი დარჩნენ ხეობაში, თვითონ ჩეჩენი ლტოლვილები.” (სტილი დაცულია)

თუმცა, ხანგოშვილის თქმით, მის ყურამდე არ მოუღწევია ბოლო რეგისტრაციის პროცესის დარღვევებთან ან რაიმე სახის უსამართლობასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ფაქტებს.

ეთერ ასტემიროვა დარწმუნებულია, რომ რეგისტრაციის პროცესი სავსებით გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდა:

[ეთერ ასტემიროვას ხმა] ”არ დაზარალებულა არც ერთი ჩეჩენი მოქალაქე - ეს არის მთავარი ჩვენთვის - და ყველას მათ გაეცა დევნილის სტატუსი.” (სტილი დაცულია)

ისინი, ვისაც ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა, კვლავაც განაგრძობენ მათთვის გამიზნული დახმარებით სარგებლობას:

[ეთერ ასტემიროვას ხმა] ”პრივილეგიები ის არის, რომ ისინი ყოველ ორ თვეში ღებულობენ დახმარებას გაეროს ლტოლვილთა კომისარიატიდან - სურსათით დახმარება არის. აგრეთვე მათ სამედიცინო მომსახურებაც აქვთ და ასევე - იურიდიული მომსახურებაც. ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო ძალიან კარგად ეხმარება მათ. ბაღი არის იქ და კვებით და ყველაფრით ეხმარებიან პედაგოგებსაც და პატარა ბავშვებსაც.” (სტილი დაცულია)

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრივილეგია: ლტოლვილის სტატუსმინიჭებულ ადამიანებს საქართველოდან საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება აქვთ. სხვათა შორის, შემთხვევითი ხალხი ლტოლვილის სტატუსისკენ ხშირად სწორედ ამ პრივილეგიის გამო ილტვოდა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG