Accessibility links

logo-print

საწარმოთა მართვის კომიტეტის თავმჯდომარე გადადგა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი სახელმწიფო საწარმოთა მართვის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ქიქოძე თანამდებობას ტოვებს. ქიქოძე ამ გადაწყვეტილებას ბიზნესში დაბრუნების სურვილით ხსნის.

გადადგომასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ პრესკონფერენცია გამართა.

სახელმწიფო საწარმოთა მართვის კომიტეტის თავმჯდომარე ერეკლე ქიქოძე თანამდებობას ტოვებს. ეს სააგენტო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გაუქმების შემდეგ შეიქმნა და იგი პრაქტიკულად მისი სამართალმემკვიდრეა. სააგენტოს ფუნქციებში სახელმწიფო საწარმოების გამართული მართვა, მისი მენეჯმენტის გაუმჯობესება, ამ საწარმოების სამეთვალყურეო საბჭოს დანიშვნა შედის. ანუ საწარმოთა მართვის კომიტეტი წარმოადგენს მესაკუთრეს იმ ობიექტებში, რომლის აქციათა დიდ ნაწილს სახელმწიფო ფლობს. ამგვარი ობიექტები კი რამდენიმე ათასია. ამ საწარმოთა უმრავლესობა წამგებიანია, ან, მათი ხელმძღვანელების ძალისხმევით, წამგებიანად იქცა. თუმცა არის ათეული ობიექტი, რომლებიც მაღალი რენტაბელურობით გამოირჩევა, ან მათი პერსპექტივა საკმაოდ მომხიბლავად გამოიყურება.

ერეკლე ქიქოძე სააგენტოს თავმჯდომარეობიდან გადადგომას ბიზნესში დაბრუნების სურვილით ხსნის და მასზე რაიმე ზეწოლას ან კონფლიქტს გამორიცხავს. შესაბამისად, ამ გადადგომაში სკანდალური არაფერია. საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარეს, მისი თქმით, გადადგომაზე განცხადება რამდენიმე თვეა დაწერილი აქვს და მისი დაკმაყოფილება მხოლოდ ამ დღეებში მოხდა. თუ რატომ გაახმიანა თავისი გადაწყვეტილება გვიან, ამის შესახებ სპეციალურად ამ ფაქტისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე ექს-თავმჯდომარე ამბობს:

[ერეკლე ქიქოძის ხმა] ”დღეს, 2004 წლის 16 ნოემბერს, ჩემს ვაჟიშვილს, გიორგი ქიქოძეს, 6 წელი შეუსრულდა.”

შესაბამისად, ქიქოძე შეიძლება იმ მცირერიცხოვან ქართველ ჩინოვნიკთა რიცხვს მივაკუთვნოთ, რომელთაც თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვეს.

ერეკლე ქიქოძე მაღაზიათა ქსელ ”ბაბილონის” მფლობელია და იგი ისევ ამ ბიზნესში აპირებს დაბრუნებას. რაც შეეხება მის მემკვიდრეს, იგი პრესკონფერენციაზე თავად ქიქოძემ დაასახელა. საწარმოთა მართვის კომიტეტს ქიქოძის მოადგილე ირაკლი ჩოგოვაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება ექს-თავმჯდომარეს, იგი თანამდებობაზე რევოლუციის შემდეგ დაინიშნა და მას საკმაოდ კომპეტენტურ, თუმცა რბილ მმართველად ახასიათებენ. სააგენტო, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირია, ეკონომიკის განვითარების სამინისტროს ექვემდებარება. დებულების თანახმად, სააგენტო საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქციებითაა აღჭურვილი. მაგალითად, სააგენტო ნიშნავს სახელმწიფოს წილის მქონე საწარმოებში სამეთვალყურეო საბჭოს, რომელიც, თავის მხრივ, ნიშნავს ამ საწარმოს მენეჯმენტს. დირექტორატი ანგარიშვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე, რომელიც, თავის მხრივ, სააგენტოს მიმართ აგებს პასუხს. შესაბამისად, სახელმწიფო საწარმოების მართვა სწორედ სააგენტოს პრეროგატივაა. თუმცა, თუ ეკონომიკის მინისტრის ამბიციურ საპრივატიზებო გეგმას გავითვალისწინებთ, საწარმოთა მართვის კომიტეტი, ფაქტობრივად, საპრივატიზებოდ ობიექტების მომზადების კომიტეტად შეიძლება იქცეს, ხოლო ტოტალური პრივატიზების შემდგომ ამ უწყებას პრაქტიკულად სამართავი არც არაფერი დარჩება, შესაბამისად, იგი ფუნქციებს დაკარგავს. ამდენად, ერეკლე ქიქოძის გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ, არ არის გამორიცხული, ამ ფაქტორითაც იყო განპირობებული.
XS
SM
MD
LG