Accessibility links

ფრანგული დოკუმენტური კინოს ერთი თვე


ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი და საფრანგეთის საელჩო უკვე მეორედ მართავს თბილისში ფრანგი კინოდოკუმენტალისტების ნამუშევრების ჩვენებას.

წლის ბოლომდე კინოს მოყვარულებს საშუალება ექნებათ ნახონ 28 დოკუმენტური ფილმი, რომლის ავტორები არამარტო ფრანგული კულტურის კინოპორტრეტებს ქმნიან. დოკუმენტური კინოს ამ ვრცელ რეტროსპექტივაში ჩართულია ფილმები საქართველოზეც – კერძოდ, ფრანგი რეჟისორისა და კინომცოდნის პატრიკ კაზალსის სამი სურათი, რომელთა შესახებაც მინდა გიამბოთ.

“დოკუმენტური ფილმების თვე” – ესაა ფრანგული ფილმების რეტროსპექტივა, რომელიც უკვე 5 წელია იმართება მსოფლიოს ოცამდე ქვეყანაში. პროგრამა, როგორც წესი, ფრანგული კულტურის ისტორიას ასახავს და, კარგი გაგებით, “პროპაგანდისტულია”, ე.ი. პროპაგანდას უწევს ფრანგულ ლიტერატურასა და ხელოვნებას. მაგრამ წელს რეტროსპექტივის ავტორებმა ოდნავ შეცვალეს პოლიტიკა: “დოკუმენტური ფილმების ერთი თვე” გასცდა ფრანგული კულტურის საზღვრებს – კინოთეატრ “ამირანში” წარმოდგენილი იყო პატრიკ კაზალსის “კავკასიური” ფილმები – “ალექსანდრე დიუმას ათას ერთი აღმოსავლეთი”, “სარტრისა და ბოვუარის თავგადასავლები კავკასიაში” და სერგო ფარაჯანოვის კინოპორტრეტი.

პატრიკ კაზალსი პირველი ფრანგი კინოთეორეტიკოსია, რომელმაც 90-იანი წლების დასაწყისში პარიზში წიგნი გამოსცა სერგო ფარაჯანოვზე... იგი პირადად იცნობდა დიდ რეჟისორს, ხშირად ჩამოდიოდა მასთან სტუმრად და განუწყვეტლივ იღებდა. ფარაჯანოვის შესახებ არაერთი ფილმი შექმნილა, მაგრამ სწორედ კაზალსმა მოახერხა ფარაჯანოვის შემოქმედების წარმოდგენა კავკასიური კულტურის კონტექსტში... შესაძლებელია იმიტომაც, რომ ჯერ კარგად გაიცნო აქაურობა და მხოლოდ შემდეგ დაიწყო კინოს გადაღება.

ამ თვალსაზრისით, პატრიკ კაზალსს უკვე ჰყავდა თანამოაზრე ფრანგულ კულტურაში – ალექსანდრე დიუმა, რომელსაც ფრანგული ლიტერატურის სპეციალისტი და მთარგმნელი გიორგი ეკიზაშვილი ასე ახასიათებს:

[გიორგი ეკიზაშვილის ხმა] ”დიუმა არის პირველი მწერალი-ტურისტი, მაგრამ ეს არ არის ტურისტის ჩანაწერები, ესაა წიგნი ადამიანისა, რომელსაც სურდა გაეგო, რა არის საქართველო... მან კავკასიის ისტორია ბრწყინვალედ იცოდა, მაგრამ აქ რაც ნახა, ის ვერ ნახა წიგნებში. დიუმა არ არის ისტორიკოსი - ისტორიკოსი წერს იმას, რაც არის, მწერალი აღწერს იმას, რისი დანახვაც სურს.”

პატრიკ კაზალსმა სწორედ ასეთი სახით წარმოგვიდგინა დიუმას მოგზაურობა კავკასიაში. შესაძლებელია, ფრანგული დოკუმენტური კინოს რეტროსპექტივის პროგრამაში ჩართული მისი “კავკასიური ფილმები” მაგალითიც გახდეს იმ უცხოელი კინემატოგრაფისტებისთვის, რომლებიც რამდენიმე დღით ჩამოდიან საქართველოში და მერე კინოს იღებენ... დიუმასი არ იყოს, უცხო კულტურას ყოველთვის “შიგნიდან” უნდა შეხედო და დაინახო ის, რისი დანახვაც გინდა... და ისიც დაინახო, რაც ამ კულტურას “უნდა”, მაგრამ ჯერჯერობით არა აქვს.
XS
SM
MD
LG