Accessibility links

logo-print

რუსეთმა იაპონიისთვის კურილის 2 კუნძულის დაბრუნება გადაწყვიტა


სამიოდე დღის წინ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია ”ენ-ტე-ვეს” ერთ-ერთ გადაცემაში რუსეთის საგარეო პოლიტიკის ამოცანებზე

საუბრისას განაცხადა, იაპონიასთან ტერიტორიული დავის გადაწყვეტა შესაძლებელია 1956 წლის დეკლარაციის საფუძველზეო. რას ითვალისწინებს 1956 წლის დეკლარაცია და როგორი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ ოფიციალურ მოსკოვს ან ოფიციალურ ტოკიოს?

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება შეუმჩნეველი არ დარჩენია რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს და მას მეორე დღესვე გამოეხმაურა. პუტინმა ლავროვის მოსაზრებები მოიწონა და განაცხადა:

[ვლადიმირ პუტინის ხმა] ”ჩვენ ყოველთვის ვასრულებდით და შევასრულებთ ყველა ვალდებულებას, მით უმეტეს, რატიფიცირებულ დოკუმენტებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ჩვენი პარტნიორები მზად არიან შეასრულონ იგივე ვალდებულებები. ჯერჯერობით ჩვენ ვერ მოვახერხეთ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთგაგების მიღწევა იმ მოცულობით, როგორც ეს ჩვენ გვესმის და გვესმოდა 1956 წელს.”

1956 წელს მაშინდელი საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი იაპონიას დაჰპირდა კურილის 4 კუნძულიდან 2 კუნძულის -შიკატანოსა და ხაბამაიას - უკან დაბრუნებას. ხრუშჩოვის ამ სიტყვიერი განცხადების უკან დგას იაპონიისა და საბჭოთა კავშირის დელეგაციათა მოსკოვში გამართული სამიტის დეკლარაციაც. მასში წერია, რომ, ორ ქვეყანას შორის საომარი მდგომარეობის შეწყვეტის გარდა, საბჭოთა კავშირი ვალდებულებას იღებს ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბების შემდეგ იაპონიას დაუბრუნოს კურილის 2 კუნძული.

ამ დეკლარაციის რატიფიკაცია ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ მოახდინა, იაპონია-საბჭოთა კავშირს შორის დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობაც, თუმცა 2 კუნძულის ბედი ისევ გაურკვეველი დარჩა. კურილის კუნძულები და სახალინის ნაწილი დღესაც უთანხმოების მთავარი მიზეზია საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთსა და იაპონიას შორის. შესაბამისად, მათ შორის არც სამშვიდობო ხელშეკრულება არსებობს. როგორც ჩანს, რუსეთი ამ ურთიერთობის დარეგულირებას ცდილობს, თუმცა იაპონიაში ლავროვისა და პუტინის განცხადებებს დიდი ენთუზიაზმით არ მოჰკიდებიან.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ძიუნიტირო კოიძუმიმ განაცხადა: ტოკიო თანახმა არ არის სამხრეთ კურილის პრობლემა ორი კუნძულის დაბრუნებით გადაწყვიტოს; ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება და, თუ ოთხივე კუნძულის ბედი არ გაირკვა, სამშვიდობო ხელშეკრულება ხელმოწერილი არ იქნებაო. იაპონიაში განმარტავენ, რომ მოლაპარაკებათა მთავარი საგანი მხოლოდ ოთხივე კუნძული შეიძლება იყოს, რადგან საკითხი სწორედ ასეა ფორმულირებული ტოკიოს დეკლარაციაში, რომელიც მიღებულ იქნა 1993 წელს, რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის ტოკიოში ვიზიტისას. ასეთ ინფორმაციას იაპონური მხარის ინტერპრეტაციას უწოდებს მოსკოვში დაფუძნებული კარნეგის ცენტრის წარმომადგენელი დმიტრი ტრენინი:

[დმიტრი ტრენინის ხმა] ”მზადდება პრეზიდენტ პუტინის ვიზიტი იაპონიაში, რომელიც უნდა შედგეს 2005 წლის დასაწყისში. რა თქმა უნდა, იაპონიაში ვიზიტის მთავარ შემადგენელ ნაწილად განიხილება კურილის კუნძულების საკითხი. პრეზიდენტმა პუტინმა გადაწყვიტა კონკრეტულად განესაზღვრა რუსეთის პოზიცია და ამით ბურთი იაპონელების მინდორზე გადაისროლა. ახლა იაპონელებმა უნდა განსაზღვრონ თავიანთი დამოკიდებულება პრეზიდენტ პუტინის წინადადების მიმართ.”

მხარეთა შორის ურთიერთობის გარკვევის მცდელობა პუტინის ტოკიოში ვიზიტამდეც შედგება ჩილეში, 20-21 ნოემბერს ”აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის” ფორუმის არაოფიციალურ სამიტზე.
XS
SM
MD
LG