Accessibility links

logo-print

,,ვარდების რევოლუციის” წლისთავი, როგორც თეატრალიზებული წარმოდგენა

  • ნინო როდონაია

მომავალ სამშაბათს საქართველოს ხელისუფლება ,,ვარდების რევოლუციის” წლისთავს აღნიშნავს.

23 ნოემბრისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს და ამ პროცესში პირადად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობს.
რევოლუციის წლისთავს ხელისუფლება მიუძღვნის რამდენიმე ღონისძიებას და თეატრალიზებულ წარმოდგენას, რომელმაც, ორგანიზატორთა განცხადებით, შარშანდელი ნოემბრის მოვლენები უნდა გააცოცხლოს.


[მიხეილ სააკაშვილის ხმა, ჩაწერილი 2003 წლის 21 ნოემბერს] ,,დღეს წყდება ყოველი ქართული ოჯახის ბედი. არაფრის არ უნდა შეგვეშინდეს............ გიორგობის დღე საქართველოს უნდა გაუთენდეს თავისუფლების პირობებში.”

ეს ჩანაწერი ,,ვარდების რევოლუციამდელი” ეპოქისაა.
მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ამ სიტყვებით თბილისში მიტინგის მონაწილეებს გასული წლის 21 ნოემბერს მიმართა, დღეს საქართველოს პრეზიდენტია და თანაგუნდელებთან ერთად ემზადება “ვარდების რევოლუციის”, თუკი მისსავე სიტყვებს გავიმეორებთ, ,,სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების” ან, უბრალოდ, ქვეყნის ხელისუფლების სათავეში ნაციონალებისა და დემოკრატების მოსვლის წლისთავისთვის.
მზადება, როგორც ამბობენ, საკმაოდ სერიოზულია, ნოემბრის რევოლუციის წლისთავის აღნიშვნა კი პრაქტიკულად - უკვე დაწყებული.
მაგალითად შეგვიძლია მოვიხმოთ ტექნიკურ უნივერსიტეტში ,,ვარდების რევოლუციისადმი” მიძღვნილი კონფერენცია, რომლის ერთადერთი მომხსენებელი სამშაბათს თავად საქართველოს პრეზიდენტი იყო.
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ის თეატრალიზებული წარმოდგენა, რომელიც თბილისში 23 ნოემბრისთვის მზადდება.
მომავალი სანახაობა უკვე გრანდიოზულის სახელითაა ცნობილი და მიზნად ისახავს რევოლუციის მონაწილეებისა თუ არამონაწილეებისთვის ერთი წლის წინანდელი მოვლენების შეხსენებას.
ითვალისწინებს თუ არა სპექტაკლის სცენარი პარლამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის შენობების თეატრალიზებულ დაკავებას ან პრეზიდენტის გადადგომას, ეს ჯერჯერობით უცნობია.
საერთოდ კი, ,,ვარდების რევოლუციის” წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შინაარსი ლამის სახელმწიფო საიდუმლოს უტოლდება.
ზოგადად ცნობილია მხოლოდ ის, რომ 23 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან მონუმენტი გაიხსნება, თბილისის მერიასთან კი კონცერტი გაიმართება. ხელისუფლება ელის უცხოელ სტუმრებსაც, რომლებსაც ათი ათასლარიანი წვეულებით დედაქალაქის საკრებულო უმასპინძლებს.
შარშანდელი შემოდგომის მოვლენათა ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მონაწილეს, მოძრაობა ,,კმარას”, რევოლუციის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში შესატანი წვლილი ჯერჯერობით არ განუსაზღვრავს:

[თეა თუთბერიძის ხმა] ,,ჯერჯერობით არ ყოფილა არანაირი შემოთავაზება და არც ჩვენ გვიფიქრია, მაგრამ რაღაც სახით, ალბათ, ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას ამ ღონისძიებაში.”

თეა თუთბერიძისთვის ჯერჯერობით უცნობია ისიც, მოუწევს თუ არა ,,კმარას” რევოლუციამდელი მოქმედების თეატრალიზებულად განმეორება:

[თეა თუთბერიძის ხმა] ,,კმარა ძირითადად რასაც აკეთებდა, ეს საზოგადოებისთვის ცნობილია და, შესაბამისად, თუ რაიმე თეატრალიზებული ფორმით განმეორდება, ალბათ, ისევ აქციების ფორმა ექნება. მაგრამ დღეს აქციების თეატრალიზება, შესაძლოა, აღარ იყოს საჭირო.”

რევოლუციის წლისთავზე მოძრაობა ,,კმარას” ლიდერი არ გამორიცხავს, რომ მოვლენათა ამჟამინდელი განვითარების გათვალისწინებით, შესაძლოა, საჭირო გახდეს არა იმიტირებული, არამედ რეალური საპროტესტო აქციები.
თუმცა 23 ნოემბრისთვის ამგვარ აქციებს არ უნდა ველოდეთ.
ცნობილია ისიც, რომ ,,ვარდების რევოლუციის” წლისთავისთვის საქართველოს ექნება თანამედროვე პოპ-როკის სტილით არანჟირებული, ბლუზის ელემენტების შემცველი ეროვნული ჰიმნი.
მას ერთად შეასრულებენ რამდენიმე თაობის მუსიკოსები, მათ შორის - პაატა ბურჭულაძე და ვახტანგ კიკაბიძე.
ნოემბრის რევოლუციის წლისთავისთვის საქართველოს ეროვნული ჰიმნის არანჟირების მიზნად იდეის ავტორი, სტუდია ,,ქართული ჩანაწერების” ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიორგი ასანიშვილი, ჰიმნის პოპულარიზაციას ასახელებს:

[გიორგი ასანიშვილის ხმა] ,,გაგვიჩნდა იდეა, რომ როგორმე მიგვეწოდებინა თანამედროვე ენით ახალგაზრდობისთვის ეს ჰიმნი. რომ უფრო ადვილად მისაღები ყოფილიყო და უფრო ადვილად გასაგები მათთვის. ძალიან იოლად არის სამღერი, იმიტომ რომ ვინც ერთხელ მოისმინა, ყველა იმეორებს.”

არანჟირებულ ჰიმნს მისი შესწავლის მსურველები პირველად 23 ნოემბერს მოისმენენ.
ერთი დღით ადრე კი სასტუმრო ,,შერატონი” უმასპინძლებს ასევე ,,ვარდების რევოლუციის” წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას, სახელწოდებით ,,დამზადებულია საქართველოში.” მისი ორგანიზატორებიც მომავალი გამოფენის მასშტაბს უპრეცედენტოსა და შთამბეჭდავს უწოდებენ. საერთოდ კი, სიტყვები ,,გრანდიოზული” და ,,მასშტაბური,” საქართველოში ,,ვარდების რევოლუციის” წლისთავისთვის მზადების პროცესის თანმდევი ეპითეტებია.
რაოდენობრივი თვალსაზრისით, მასშტაბური შეგვიძლია წინასწარვე ვუწოდოთ ნაციონალებისა და დემოკრატების ყრილობასაც, რომელიც ,,ვარდების რევოლუციის” წლისთავამდე ერთი დღით ადრე სპორტის სასახლეში გაიმართება.
ფორუმს, რომელშიც მონაწილეობას 10 ათასამდე ადამიანი მიიღებს, ისევე როგორც რევოლუციისადმი მიძღვნილ ყველა ღონისძიებას, საკუთარი რეჟისორი ჰყავს.
XS
SM
MD
LG