Accessibility links

logo-print

საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთი ღამით, შესაძლოა, რეგულარულად დაიკეტოს

  • ნინო როდონაია

დღეს დილით რუსეთის ფედერალურმა სასაზღვრო სამსახურმა საქართველოსთან საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე კვლავ გახსნა საკონტროლო-გამშვები პუნქტი,

რომელიც ორშაბათს ღამით დაკეტა.
მიმოსვლის რამდენიმე საათით შეწყვეტის აუცილებლობა რუსეთის სასაზღვრო უწყებამ აფხაზეთში სიტუაციის გართულებით დაასაბუთა და განაცხადა, რომ საზღვრის დროებით დახურვას სერიოზული პრობლემები არ შეუქმნია.
ამასთან, უკვე გაჩნდა ვერსია იმის თაობაზე, რომ საზღვრის დაკეტვას რუსეთი მისთვის არასასურველ სერგეი ბაღაფშზე ზეწოლის ერთ-ერთ მეთოდად გამოიყენებს.


მოსკოვმა, რომელიც აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს რუსეთის მოქალაქეებად მიიჩნევს და პერიოდულად მათი უფლებების დაცვაზე საუბრობს, აფხაზეთის მოსახლეობას საზღვარი 10 საათით დაუკეტა.
რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოსთან საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე მიმოსვლის დროებით შეწყვეტა ერთჯერადი აქცია იყო.
ამასთან, სასაზღვრო უწყება განმარტავს, რომ, აფხაზეთში მოვლენათა შემდგომი განვითარებისა და რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, საზღვრის დაცვის მთელი კომპლექსი განისაზღვრება.
რუსი მესაზღვრეები არც იმას გამორიცხავენ, რომ საქართველოსთან საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთი ღამით რეგულარულად დაიკეტოს.
იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, ექსპერტი პაატა დავითაია ამბობს, რომ რუსეთის მიერ საზღვრის დაკეტვამდე გარკვეული ინციდენტი მოხდა:

[პაატა დავითაიას ხმა] ,,ჩემი ინფორმაციით, გუშინ ღამით ,,ურალის” ტიპის ორი სამხედრო მანქანა და ერთი ,,უაზის” ტიპის მანქანა შემოიჭრა გაგრის ტერიტორიაზე საზღვრიდან. აფხაზურმა საბაჟომ არ გაატარა ისინი, წინააღმდეგობით შევიდნენ, მერე უკან დაბრუნდნენ და თქვეს, ,,განახვებთ ჩვენ, საჯარისო ფორმირებები, როცა გვინდა, შემოვალთო”, და გადაკეტეს საზღვარი. საბაჟოს ხალხი იყო ბაღაფშის მომხრეები და ამით მიანიშნა რუსეთის წარმომადგენლობამ, რომ როცა მათ მოესურვებათ, მაშინ ჩაკეტავენ საზღვარს.” (სტილი დაცულია)

პაატა დავითაიას მიაჩნია, რომ საზღვრის დაკეტვასთან დაკავშირებით სერგეი ბაღაფში მოსკოვში ამასწინანდელი ვიზიტისას სიტყვიერად გააფრთხილეს, ორშაბათს ღამით კი პირველი პრაქტიკული ნიშანი მისცეს.
პაატა დავითაიას ინფორმაციით, აფხაზეთში ამჟამად რუსი სპეცრაზმელებიც იმყოფებიან:

[დავითაიას ხმა] ,,ეს არის მაიკოპის სადესანტო-მოიერიშე ბატალიონი, რომელიც სრულ მზადყოფნაშია კონფლიქტში რომ ჩაერიოს.”

პაატა დავითაიას მიაჩნია, რომ რუსეთის გარკვეულ ძალებს ბაღაფშისთვის ხელისუფლების დათმობა არ სურთ და ყველა შესაძლებელ მეთოდს გამოიყენებენ აფხაზეთში არსებული კრიმინალური ბიზნესის - მათ შორის, ნარკობიზნესის - დასაცავად:

[დავითაიას ხმა] ,,ამას აკონტროლებენ ყოველთვის სპეცსამსახურები. უნდა იყოს, ვთქვათ, სპეცსამსახურის წარმომადგენელი. ეს არის ხაჯიმბა ან ხაშბა. ბაღაფში ამ საერთო სურათში ვერ ჯდება, იმიტომ რომ ის არის პარტფუნქციონერი და წარმოდგენაც არა აქვს ოპერატიულ საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ ის მათ სურათში არ ჯდება.” (სტილი დაცულია)

პაატა დავითაია სერგეი ბაღაფშის გარემოცვაზე ზეწოლად განიხილავს იმ ფაქტსაც, რომ რუსეთის უშიშროების სამსახურმა საბანკო ანგარიშები გაუყინა ალექსანდრე ანქვაბს, რომელიც აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მომავალ პრემიერ-მინისტრად მოიაზრება.
მიუხედავად ბაღაფშისადმი ხალხის აქტიური მხარდაჭერისა, პაატა დავითაია არ გამორიცხავს, რომ რუსეთი, მის მიერვე ახლად გამოგონილი ტერმინი რომ ვიხმაროთ, ,,ჰუმანიტარულ-პოლიციური აქციით” შეეცდება აფხაზეთში ვითარების უკიდურესად დაძაბვას.
რაც შეეხება საზღვრის დროებით დაკეტვას, ამგვარი ზომებით აფხაზეთის მოსახლეობას ჯერ კიდევ 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაემუქრა რუსეთის ლიბერალ-დემოკრატთა ლიდერი ჟირინოვსკი, რომელიც სოხუმში რაულ ხაჯიმბას მხარდასაჭერად იმყოფებოდა.
თავად აფხაზები - როგორც ბაღაფშის, ასევე ხაჯიმბას მომხრეები - რუსეთის მიერ საზღვრის რამდენიმე საათით დაკეტვას სანიტარულ-ტექნიკურ ზომას უწოდებენ.
XS
SM
MD
LG