Accessibility links

logo-print

რატომ არ აღწევს მოქალაქეების ხმა ჩინოვნიკებამდე


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩივის, რომ მოქალაქეთა ხმა ჩინოვნიკებამდე არ აღწევს. ირღვევა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნა,

შექმნილია ათასგვარი ბარიერი და მოქალაქეები შეკითხვებზე პასუხს, არათუ დროულად, ხშირად საერთოდ ვერ იღებენ, უწყებათა პირველ პირებთან მათ შეხვედრაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

პირველი ჯგუფის უსინათლოთა საინიციატივო ჯგუფს გარკვეული მოთხოვნებით სირბილი თითქმის ყველა ინსტანციაში უწევს, განსაკუთრებით კი - მერიასა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში. ზურაბ ჭიაბერაშვილთან შეხვედრის იმედი მათ საბოლოოდ აქვთ გადაწურული, რადგანაც ამგვარი შეხვედრის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციასაც კი არ ფლობენ. აი, რას ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური წევრი, ბატონი ალექსანდრე:

(ალექსანდრეს ხმა) ”მერიაში გვპასუხობენ, რომ ბატონ მერს არა აქვს მიღება, საერთოდ. უნდა გავარკვიო არის თუ არა მიღება ვიცე-პრემიერთან. თორემ, აი, ქალაქის მერთან, ნამდვილად ვიცით, რომ არ არის. გაუქმებულია მიღების პრაქტიკა. და ეს ძალიან გვა-ღელ-ვებს.” (სტილი დაცულია)

თუმცა, როგორც მერიის მოქალაქეთა მიღების განყოფილების უფროსი თამარ ანდრიაძე აცხადებს, მერი მოქალაქეებს, როგორც წესი, ორშაბათობით ხვდება ხოლმე, მაგრამ ამას, დროის უქონლობის გამო, ყოველ ორშაბათს ვერ ახერხებს.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, ბატონ ალექსანდრესა და მის თანაგუნდელებს ბატონ მინისტრთან შეხვედრა ნამდვილ ნატვრად გადაექცათ:

(ალექსანდრეს ხმა) ”ძალიან რთული მდგომარეობაა. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვცდილობთ შევხვდეთ ბატონ ლადო ჭიპაშვილს - მთელი ზაფხულის მანძილზე ვცდილობდით და შემოდგომის.” (სტილი დაცულია)

ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კი, განგვიმარტავს, რომ ლადო ჭიპაშვილთან შეხვედრა არც ისე ძნელია და ამ ვადით გაჭიანურება თითქმის შეუძლებელია.

ისე, შეხვედრებზე რა უნდა ვთქვათ, როდესაც ჩინოვნიკებამდე მოქალაქეთა წერილობითი შეკითხვებიც არ აღწევს. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა დოლიძე ამბობს, ვითარება თანდათან დამძიმდა:

(ანა დოლიძის ხმა) ”ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ინფორმაციის თავისუფლების თვალსაზრისით, რევოლუციამდელ სიტუაციასთან შედარებით, მდგომარეობა რევოლუციის შემდეგ გაუარესდა. და შეიძლება ითქვას, რომ მკვეთრად გაუარესდა. იმიტომ რომ მოქალაქეებს ბევრად მეტად უჭირთ ინფორმაციის მოპოვება გარკვეული დაწესებულებებიდან.” (სტილი დაცულია)

მისი თქმით, ამჟამად მოქმედი სისტემა უკანონოა და მოქალაქეებს გადამოწმების ბერკეტებს უსპობს:

(ანა დოლიძის ხმა) ”მექანიზმი, რომელიც კანონით არის დაწესებული, წერილებზე პასუხის მოთხოვნის, ჯერჯერობით არ სრულდება. ანუ იმის მაგივრად, რომ მიღებული წერილები გაატარონ რეგისტრაციაში, რომლის შედეგადაც ყველა მოქალაქეს შეუძლია გაარკვიოს, თუ სად წავიდა წერილი და ვის დაეწერა, ეს შეიცვალა. და ყველგან, ვითომდა სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, დაიდგა ყუთები - პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და სხვა დაწესებულებებიც ნელ-ნელა ბაძავენ მათ.” (სტილი დაცულია)

სხვათა შორის, ამგვარი პრაქტიკა ანა დოლიძის ორგანიზაციასაც ახსოვს:

(ანა დოლიძის ხმა) ”ჩვენს ასოციაციასაც ჰქონია შემთხვევა. ადრე ვაგდებდით ყუთში, ამის შემდეგ ვითხოვთ, რომ გაატარონ კანცელარიაში და გვიხდება უზარმაზარი აურზაურის ატეხა მისაღებში, იმავე შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ ჩვენი წერილი გაატარონ რეგისტრაციაში, რაც არის უკანონო.” (სტილი დაცულია)

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამგვარ ფაქტებთან შეგუებას არ აპირებს და მკაცრად მოითხოვს, რომ ქვეყანაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შევიწროება შეწყდეს. კოდექსის მიხედვით, მოქალაქემ დასმულ შეკითხვაზე პასუხი, ყველაზე გვიან, 10 დღის ვადაში უნდა მიიღოს. დღეს კი შეკითხვები ხშირად უპასუხოდ რჩება.
XS
SM
MD
LG