Accessibility links

logo-print

პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული ცენტრალური საარჩევნო კომისია - არჩევნების სამართლიანად ჩატარების გზა თუ ხელისუფლების კიდევ ერთი ბერკეტი?!

  • ნინო როდონაია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესით, რომელსაც ერთი კვირის წინ საქართველოს პარლამენტმა კენჭი პირველი მოსმენით უყარა,

უკმაყოფილონი არიან არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებიც.
მათ საკუთარი რეკომენდაციები აქვთ და არ მოსწონთ, რომ ხელისუფლება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის შეცვლას ჩქარობს.
დღეს არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა საკუთარი შენიშვნები სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში” გამართული შეხვედრისას გამოთქვეს.


არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ შეიცვალოს მოქმედი საარჩევნო კოდექსი და საარჩევნო ადმინისტრაციების ფორმირების ვადამ მომავალი წლის გაზაფხულამდე გადაიწიოს.
ამ და რამდენიმე სხვა ინიციატივით, რომელიც საქართველოში საარჩევნო სისტემის სრულყოფას ითვალისწინებს, არასამთავრობო სექტორმა ქვეყნის პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა.
მიმართვას ხელს აწერენ ორგანიზაციები: ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება,” ,,ახალი თაობა - ახალი ინიციატივა,” ფონდი ,,სამართლიანი არჩევნები,” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და თავისუფლების ინსტიტუტი.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოში არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის აუცილებელია არა რომელიმე ერთი პრობლემის მოგვარება, მაგალითად, საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული ნიშნით დაკომპლექტება, არამედ საარჩევნო კოდექსის თანმიმდევრული და კომპლექსური ცვლილებები.
არასამთავრობო სექტორი მზად არის საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით ხელისუფლებასთან აქტიურად ითანამშრომლოს და უკვე მზად აქვს საკუთარი წინადადებები.
არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები დაუშვებლად მიიჩნევენ საარჩევნო კანონმდებლობის დაჩქარებული წესით შეცვლას და ამ პროცესის სრულ საჯაროობას მოითხოვენ.

[თამარ ჟვანიას ხმა] ,,როდესაც ქვეყანაში ხელისუფლება აცხადებს, რომ ის არის დემოკრატიული ხელისუფლება, მას უნდა ჰქონდეს ნება, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე და საჯარო, რაც ამ კანონპროექტთან დაკავშირებით აქამდე არ მომხდარა. ჩვენი თხოვნაა, მოგვეცეს დრო საჯარო განხილვისთვის, მოგვეცეს კომპლექსურ ცვლილებებზე ფიქრის დრო და იყოს ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე. საარჩევნო კოდექსი არის ფუნდამენტური კანონი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.”

,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის თამარ ჟვანიას პოზიციას სრულად იზიარებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ანა დოლიძეც:

[ანა დოლიძის ხმა] ,,არ არის გამართლებული ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და აუცილებელია საზოგადოებას, რომელიც იღებს მონაწილეობას არჩევნებში, მეტი დრო მიეცეს, რომ მან აწონ-დაწონოს, რამდენად მიზანშეწონილია ეს.”

არასამთავრობო ორგანიზაციებს სერიოზული შენიშვნები აქვთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების იმ წესის მიმართ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით გასულ ხუთშაბათს დაამტკიცა.
ერთი მარტივი დეტალი: საარჩევნო კოდექსის ცვლილების თანახმად, პროფესიული საარჩევნო ადმინისტრაციის წევრობის მსურველებმა უნდა წარადგინონ საარჩევნო კომისიის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი. დღემდე საქართველოში არც ერთი ამგვარი სერტიფიკატი არ გაცემულა. შესაბამისად, კანონის ცვლილებით გათვალისწინებული ეს მოთხოვნა ვერ შესრულდება, თუ პარლამენტი უარს არ იტყვის დეკემბრისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის საბოლოოდ დამტკიცებაზე.
ამასთან, ჯერჯერობით საქართველოში არ არსებობს მუდმივმოქმედი სტრუქტურა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა კვალიფიკაციისა და ცოდნის სრულყოფაზე იზრუნებს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი და იურიდიული კომიტეტის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შენიშვნების გათვალისწინებას დაჰპირდნენ, თუმცა მათ მიერ გამოთქმული რამდენიმე მოსაზრება შეთანხმებას სათუოს ხდის.
საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თუ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხი წლის ბოლომდე არ გადაწყდება და კომისიები ამჟამინდელი შემადგენლობით იმუშავებენ, მაშინ გამოდის, რომ მოახლოებული შუალედური არჩევნები სხვებთან ერთად უკვე დაშლილმა მოქალაქეთა კავშირმა და აღორძინების კავშირმა უნდა ჩაატარონ. რაიმე დროებითი ნორმის დამტკიცებას კი უმრავლესობა უხერხულად მიიჩნევს.
მიუხედავად ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება მათ მოსაზრებებს გაითვალისწინებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ანა დოლიძე ამბობს, საქართველოს შუა აზიის მოდელით ცხოვრება ელის:

[ანა დოლიძის ხმა] ,,მივიღებთ ყაზახეთის მოდელს, რომელიც განხორციელდება საქართველოში. ყაზახეთში პრეზიდენტი მეჯლისის მონაწილეობით ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს. არა მგონია, რომ ჩვენ ეს გვაწყობდეს.”

ხელისუფლებასთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში, არასამთავრობო სექტორი კიდევ ერთ გამოსავალზე საუბრობს. თამარ ჟვანია ამბობს, რომ მექანიზმი რეალურად არსებობს:

[თამარ ჟვანიას ხმა] ,,ჩვენ ვიფიქრებთ იმაზე, რომ სამოქალაქო ინიციატივით მივმართოთ პარლამენტს და შევიტანოთ ჩვენი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში.”

არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ არა საზოგადოების, არამედ მმართველი ძალის ინტერესების გათვალისწინება ქვეყანაში ლამის ტრადიციადაა ქცეული. ასე მოხდა 2004 წლის შუალედური მაჟორიტარული არჩევნების წინაც, როდესაც პარლამენტმა ამომრჩეველთა აქტიურობის ბარიერი გააუქმა.
აპირებს თუ არა ამჯერად ხელისუფლება არასამთავრობო სექტორის მოსაზრებათა გათვალისწინებას, პარასკევს პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე გაირკვევა.
სასტუმრო “მარიოტში” დღეს გამართული დისკუსიის ორგანიზატორი - საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი -საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებს, რომ საარჩევნო პროცედურები მხოლოდ ტექნიკური საკითხი არ არის და პოლიტიკურ შეთანხმებასა და საზოგადოების ნდობას უნდა ეფუძნებოდეს.
ამგვარი ნდობა კი ჯერჯერობით არ არსებობს.
XS
SM
MD
LG