Accessibility links

logo-print

განათლების სამინისტრო და რეფორმის პოპულარიზაცია


დავით პაიჭაძე, თბილისი ბოლო დღეებია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინტენსიურ საგანმანათლებლო და პოლიტიკურ მუშაობას ეწევა - ხვდება უმაღლეს სასწავლებელთა

სტუდენტებსა და პროფესორებს, განუმარტავს მათ რეფორმისტული კანონპროექტების არსს, ისმენს მათგან შენიშვნებსა თუ წინადადებებს. პოლიტიკურ მუშაობას რაც შეეხება, კანონპროექტი უმაღლესი განათლების შესახებ პირველი მოსმენით განიხილა და მოიწონა შესაბამისმა საპარლამენტო კომიტეტმა. ოღონდ კომიტეტის თავმჯდომარემ ნოდარ გრიგალაშვილმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატს უნივერსიტეტი უნდა ჰქონდეს დამთავრებული, მუშაობდეს უნივერსიტეტში და იყოს უნივერსიტეტის პროფესორი. საინტერესოა, იქცევა თუ არა დეპუტატის აზრი კანონის ნორმად.

[ლევან გახელაძის ხმა] “განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ კანონპროექტში ლაპარაკია აკადემიური საბჭოსა და რექტორის არჩევის ზოგად წესზე. რა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს წაუყენებს აკადემიური საბჭო რექტორს არჩევისას, ამას უნდა განსაზღვრავდეს თავად უნივერსიტეტის წესდება. ეს არ შეიძლება იყოს კანონის რეგულირების სფერო.”

ეს პასუხი მომცა საქართველოს განათლების სამინისტროს საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ლევან გახელაძემ. ის ამბობს, რომ დამოკიდებულება უმაღლესი განათლების შესახებ კანონპრექტისადმი თანდათან იცვლება, პროფესურაც და სტუდენტობაც არსობრივად ინტერესდება ამ დოკუმენტის ძირითადი დებულებებით:

[გახელაძის ხმა] “განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მისაღები გამოცდების ახალი სისტემა. როგორც ჩანს, საზოგადოებამ გაითავისა და გააცნობიერა, რომ უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტი საზოგადოებას სთავაზობს უმაღლესი განათლების სისტემურ რეფორმას. ის ემყარება უმაღლესი სასწავლებლების სრულ ავტონომიასა და მაქსიმალურ გამჭვირვალობას - გნებავთ, აკადემიური პროგრამების დარგში, გნებავთ, ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის დარგში.”

უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტს ერთ-ერთ პრეტენზიად სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელთა ავტონომიის შეზღუდვას უყენებენ. დღეს მოქმედი, 1997 წელს მიღებული, განათლების კანონით, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის რექტორს, განათლების მინისტრის წარდგინებით, ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტში განსახილველად შესული კანონპორექტი კი ამ ორ ფიგურას - განათლების მინისტრსა და პრეზიდენტს - საერთოდ გამორიცხავს რექტორის არჩევა-დამტკიცების პროცედურიდან. ეს მარტივი განსხვავება თანდათან საცნაური ხდება საზოგადოების, განსაკუთრებით, უმაღლესი განათლების სისტემაში ჩართული ადამიანებისათვის. ლევან გახელაძის თქმით, ამას ერთი მიზეზი აქვს: უბრალოდ, ვისაც მართლა აინტერესებს, ის კითხულობს კანონპროექტს. ამიტომაც, სტუდენტებთან და პროფესორებთან კამათობენ ხსენებული ტექსტის კონკრეტულ მუხლებზე და არა, ვთქვათ, იმაზე, თუ რამდენად ეროვნულია კანონპროექტი.

განათლების სამინისტროს საქმიანობას, განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს კიდევ ერთხელ გაეცნობიან და შეაფასებენ პოლიტიკოსები და ჟურნალისტები. დღეს ისინი ბაკურიანში მიემგზავრებიან ამ საკითხებზე სამდღიანი დისკუსიების მოსაწყობად.
XS
SM
MD
LG