Accessibility links

logo-print

რუსეთი ახალი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს


”ცივი ომის” საუკეთესო ტრადიციების სტილში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 17 ნოემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელების შეკრებაზე გამოაცხადა,

რომ რუსეთს მალე ახალი ტიპის ბირთვული იარაღი ექნება:

[პუტინის ხმა] ”ჩვენთან არა მხოლოდ კვლევები და სარაკეტო-ბირთვული იარაღის წარმატებული გამოცდები ტარდება, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ისინი არმიის შეიარაღებაშიც გამოჩნდება. ეს ისეთი იარაღია და ისეთი ტექნოლოგია, რომელიც არა აქვს და უახლოეს წლებში არ ექნება არც ერთ ბირთვულ სახელმწიფოს.”

ერთი შეხედვით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადების ადრესატი დასავლეთის ბირთვული სახელმწიფოებია და, ძირითადად კი, ამერიკის შეერთებული შტატები. მინდა გესაუბროთ მოსკოვის ახალ ბირთვულ პროექტებზე ვაშინგტონისა და მთლიანად დასავლეთის რეაქციის შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადების მოსმენისთანავე დასავლელმა პოლიტოლოგებმა საკუთარ თავს არცთუ მარტივი კითხვა დაუსვეს: ვის დაემუქრა პუტინი? ამ კითხვაზე პასუხი დასავლეთის რეაქციაშივე ჩანს: ყველა ბირთვულმა სახელმწიფომ, სახელმწიფო მეთაურმა თუ მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელემ, ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის წარმომადგენლის ადამ ერელის გარდა, უკომენტაროდ დატოვა პუტინის განცხადებები. ადამ ერელმა კი თქვა:

[ადამ ერელის ხმა] ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, რეგულარულად ვაწარმოებთ კონსულტაციებს რუსეთთან, მოსკოვის იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც იარაღის მოდერნიზაციისა და ჩვენს შესაბამის სამხედრო სტრატეგიულ გეგმებს ეხება. ეს კონსულტაციები, ჩემი აზრით, ძალიან შედეგიანია და, ამასთანავე, კარგ საშუალებას იძლევა გავერკვეთ იმაში, თუ რას აკეთებს რუსეთი და რას ვაკეთებთ ჩვენ. ასე რომ, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მიგვაჩნია საფრთხედ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის მოდერნიზაციის მცდელობა. და ის, რასაც ისინი აკეთებენ, მთლიანად ეთანხმება ჩვენს ურთიერთვალდებულებებს - მოსკოვის ხელშეკრულების თანახმად.”

ეს იყო ადამ ერელი, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი. იგივე განაცხადა ბუშის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სკოტ მაკლელანმა. ვაშინგტონში რუსეთი მოკავშირედ მიაჩნიათ ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში და მისი ბირთვული იარაღის მოდერნიზაციას შეერთებული შტატებისთვის საფრთხის შემცველ ქმედებად არ აღიქვამენ.

მაშ, ვისთვის იყო განკუთვნილი პუტინის განცხადება? ამ კითხვაზე უფრო ნათელ პასუხს იძლევა პროფესორი სტივენ ბლანკი, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო კოლეჯის პროფესორი. აი, რა განაცხადა მან რადიო “თავისუფლების” რუსული რედაქციისათვის მიცემულ ინტერვიუში:

[სტივენ ბლანკის ხმა] ”რუსეთი ახლოსაა საზღვაო ბაზირების ”ბულავას” ტიპის რაკეტებისა და მობილური რაკეტების - ”ტოპოლის” წარმოებასთან. რამდენად ეს იარაღი უნიკალურია, აქვს თუ არა მას ანალოგი, ძნელი სათქმელია, სანამ არ გამოჩნდება უფრო მეტი ინფორმაცია მათი სპეციფიკის შესახებ. მე ვფიქრობ, რომ პუტინს ამოძრავებს სურვილი, პირველ რიგში, დაარწმუნოს საკუთარი სამხედროები, რომ მისი პრეზიდენტობის დროს ქვეყნის სამხედრო სიძლიერე იზრდება და ყველაფერი, შედარებით, რიგზეა. მაგრამ ეს განცხადება მხოლოდ რუსეთის მუდმივ პრობლემაზე მეტყველებს: რუსეთს არ სჭირდება ახალი ბალისტიკური რაკეტები, მისი უსაფრთხოების პრობლემები არ შეიძლება ნეიტრალიზებული იქნეს ბირთვული იარაღით. მოსკოვმა მწირი საბიუჯეტო სახსრები სულ სხვა მიმართულებით უნდა წარმართოს.”

ეს იყო სტივენ ბლანკი, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო კოლეჯის პროფესორი, რომელიც ვლადიმირ პუტინის განცხადების ადრესატის გარკვევას შეეცადა.
XS
SM
MD
LG