Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს მთაწმინდა კრწანისის რაიონული სასამართლო ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სადაზვერვო


დღეს მთაწმინდა კრწანისის რაიონული სასამართლო ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლის ფრედ ვუდრაფის

მკვლელობის საქმის ხელახალ გამოძიებაში დაბრუნების საკითხზე მსჯელობს. ვუდრაფის ოჯახის ადვოკატმა მაიკლ პულარამ მკვლელობის საქმეში აღმოჩენილი ახალი გარემოებების გამო მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველოს გენერალურ პროკურატურას საქმის განახლების შუამდგომლობით მიმართა, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. სასამართლოში ადვოკატი გენერალური პროკურატურის სწორედ ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. მანამდე კი, საქართველოში სამართლიანობის აღდგენისა და, შესაბამისად, საქმის ხელახალ გამოძიებაში დაბრუნების მხარდაჭერის იმედით, ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ საჯარო თავყრილობაზე მან პრეზიდენტ სააკაშვილსაც მიმართა. ცალსახა მხარდაჭერის ნაცვლად, მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატს საქართველოს სასამართლო სისტემისა და კანონმდებლობის პატივისცემა მოსთხოვა. მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ეგრეთ წოდებული მესიჯის შესაბამისად მიიღებს. პროცესი ჯერ არ დასრულებულა.



მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვუდრაფის მკვლელობისათვის გასამართლებული ანზორ შარმაიძისა და მისი დაცვის მხარის გარდა, ინტერესით ელოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურებიც, რომ აღარაფერი ვთქვათ თავად ვუდრაფის ოჯახსა და მის ადვოკატზე. ისინი, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს მასალებზე დაყრდნობით, ამტკიცებენ, რომ ანზორ შარმაიძე მკვლელი არ არის.
45 წლის ამერიკელი ფრედ რასელ ვუდრაფი 1993 წლის 8 აგვისტოს ნატახტარი- თბილისის ავტომაგისტრალზე მოკლეს, როდესაც იგი ავტომანქანა ნივით, ორი ქალბატონისა და საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის დაცვის უფროსის ელდარ გოგოლაძის თანხლებით, ქალაქგარეთ გასეირნების შემდეგ თბილისში ბრუნდებოდა. ამერიკელის მკვლელობა ქართველმა სამართალდამცავებმა იმავე ღამეს გახსნეს. დასკვნის თანახმად, ვუდრაფი მანქანისაკენ გასროლილი ბრმა ტყვიის მსხვერპლი გახდა. თუმცა, FBI-ის საგამოძიებო მასალების თანახმად, ვუდრაფის მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურების ხელი ურევია.
ფრედ რასელ ვუდრაფი ოფიციალურად საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკური განყოფილების რეგიონალურ ურთიერთობათა სექტორის თანამშრომელი იყო. რეალურად კი ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ საქართველოში შემოგზავნილ ერთ-ერთ პირველ აგენტს წარმოადგენდა. გაზეთ “24 საათის” კორესპონდენტი ინგა ალავიძე, თავის კოლეგა სოფიკო ჩხაიძესთან ერთად, ვუდრაფის მკვლელობაზე თითქმის 7 წლის განმავლობაში აწარმოებდა ჟურნალისტურ გამოძიებას. მისი თქმით, ვუდრაფის საქართველოში გამოგზავნის ერთ-ერთი ძირითადი მისია ამიერკავკასიაზე გამავალი ნარკოარხებისა და ნარკომაფიაში მონაწილე პირების გამოაშკარავება იყო. დავალებას მან თავი წარმატებით გაართვა. დასკვნა სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე გადასცა ამიერკავკასიაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსს, თავის უშუალო შეფს ოლდრიჯ ეიმსს, რომელიც მოგვიანებით ორმაგი აგენტობისთვის გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

[ინგა ალავიძის ხმა]” თუ ნამდვილად ოლდრიჯი ორმაგი აგენტი იყო. არის იმაზე საუბარიც, რომ მან ეს დასკვნა ვაშინგტონამდე არ ჩაიტანა და რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცა. რაც შეეხება ახლა ამ დასკვნას, ჩვენ როგორც მოვიკვლიეთ, ეს დასკვნა ჩვენთან დაზვერვის დეპარტამენტში არსებობდა. ოღონდ ვუდროფის სიკვდილის შემდეგ ეს გაიხსნა, - რა თქმა უნდა, ეს საიდუმლო ინფორმაცია იყო, - გაიხსნა და ის გვარები ამოვარდა, ნუ, გაქრა დასკვნიდან.”

ინგა ალავიძე ვუდრაფის საქმეს პოლიტიკურ საქმეთა რიგს განაკუთვნებს და, ამდენად, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში მკვლელობის ძირითადი მიზეზებისა და შემსრულებლების გამოძიებით დაუინტერესებლობას ასევე პოლიტიკური მოტივაციით ხსნის - ანუ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას მოერიდა. ასეთ შემთხვევაში ჩნდება ლოგიკური კითხვა: რა ამოძრავებს “ვარდების რევოლუციით” მოსულ ხელისუფლებას, რომლის სამართლიანობის იმედით ვუდრაფის ოჯახმა საქმის ხელახალ გამოძიებაში დაბრუნება და უდანაშაულო პატიმრის გათავისუფლება განიზრახა? შეკითხვას ნანა კაკაბაძე, ლიდერი არასამთავრობო ორგანიზაციისა “ პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის”, შემდეგნაირად უპასუხებს:
[ნანა კაკაბაძის ხმა]”და როდესაც დღევანდელი პროკურატურაც აბსოლუტურად თავს არიდებს ამ საქმის ხელახლა გამოძიებას, რა თქმა უნდა, ის ეჭვი, რომელიც არსებობდა წინა ხელისუფლების დროს და წინა პროკურატურაზე, ისევ ძალაში რჩება.”
ამას გარდა, არსებობს ვერსია, რომ საქართველოში არიან გავლენიანი პირები, რომლებიც ვუდრაფის საქმის ხელახალ გამოძიებას სისხლხორცეულად ეწინააღმდეგებიან.
XS
SM
MD
LG